გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარიას სამი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი ემსხვერპლა.
უბედური შემთხვევა სოფელ მელაანში გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივების თქმით, მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც 5 ადამიანი იმყოფებოდა, შეჯახების შედეგად ამობრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილობრივების თქმით, მოზარდები სოფელში არსებულ სამების ეკლესიაში წავიდნენ და იქიდან ბრუნდებოდნენ, როცა ტრაგედია დატრიალდა.
„ეს ისეთი უბედურებაა, როცა სიტყვები უძლურია. გაგვანადგურა ამ ამბავმა. გუშინ საღამოს 10 საათზე დატრიალდა და ყველა თავზარდაცემულია. საჭესთან 14 წლის ბავშვი, მერაბ შინჯიკაშვილი იჯდა. ყოველთვის დაჰყავდა ხოლმე ამ ბავშვს მანქანა, ხან ტრაქტორი დაჰყავდა. ეს არ იყო მისთვის პირველი შემთხვევა. იქ რა მოხდა, ვერ გეტყვით“, - ამბობენ ambebi.ge-სთან ადგილობრივები.
როგორც „დაიჯესტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე, ხოლო მერვე ნაწილი უფრო მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს, თუ ეს ქმედება ჩადენილია სიმთვრალის მდგომარეობაში, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„9 წელი გავიდა, მე კი ისევ ვკვდები ყოველ თებერვალს“ - მაია ასათიანი გარდაცვლილ შვილზე