ასტროლოგი უჩა სიხარულიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად გამომწერებს საინტერესო ინფორმაციებს უზიარებს.
ამჯერად, იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც ვენერა-მარსის, მთვარე-სატურნისა და მზე-ურანის შეერთებაზე საუბრობს:
„ზოგ ადამიანს სიყვარული და აგრესია ერთდროულად ეუფლება, თითქოს, როდესაც ურთიერთობაში ყველაფერი რიგზეა, შინაგანად იწყებს გაღიზიანებას. ვენერა და მარსი ოპოზიციაში ხშირად მუშაობს ასე, ადამიანს სიახლოვე უნდა, მაგრამ როდესაც ახლოს არის, ვერ ისვენებს და თვითონ ქმნის ჩხუბის მიზეზს, ან ისეთ ადამიანს ირჩევს, ვისთანაც ყოველთვის არის რაღაც დაძაბულობა.
მერე ჰგონია, რომ უბრალოდ არ გაუმართლა, მაგრამ სინამდვილეში შინაგანად აქვს ეს წინააღმდეგობა - სიახლოვე უნდა, მაგრამ თავისუფლებასაც ვერ თმობს. სანამ ეს არ გაცნობიერდება, ურთიერთობა ყოველთვის ან ზედმეტად ბრუტალური იქნება, ან უცებ გაცივდება.
მთვარე სატურნის კვადრატი უფრო ჩუმად მოქმედებს, ეს არ არის ხმამაღალი დრამა. ამ ასპექტის მფლობელი არის ადამიანი, რომელსაც თითქოს ემოციაზე ბოქლომი ადევს.
უნდა იგრძნოს, გამოხატოს ემოცია, მაგრამ ვერ უშვებს ბოლომდე. ბავშვობიდან მოდის ეს განცდა, რომ რაღაც უნდა აიტანოს, გაუძლოს, თავი უნდა გააკონტროლოს, მერე იზრდება და უკვე ავტომატურად აკეთებს ამას. სხვებს შეიძლება ძალიან სტაბილური და ძლიერიც ეჩვენოს, მაგრამ შიგნით არის სიცარიელის მსგავსი რაღაც. სითბოს მიღებაც უჭირს და გაცემაც. ყველაზე რთული ის არის, რომ ხშირად თვითონაც ვერ ხვდება, რატომ.
მზე ურანთან შეერთებაში საერთოდ სხვა ტემპია, ასეთ ადამიანს ვერ გააჩერებ ერთ ფორმაში. შეიძლება თვითონაც უნდოდეს სტაბილურობა, მაგრამ რაღაც შიგნით არ აძლევს ამის შესაძლებლობას. უცებ იცვლის მიმართულებას, უცებ იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც სხვებისთვის ალოგიკურია, მაგრამ მისთვის ეს თითქოს აუცილებელია. თუ ამას არ აკეთებს, შიგნით გროვდება დაძაბულობა და ბოლოს მაინც იფეთქებს. აქ მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ ცვალებადია, არამედ ის, რომ ვერ აკონტროლებს როდის და როგორ გააკეთოს“, - წერს უჩა სიხარულიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ზოდიაქოს 7 ნიშანი, რომელთათვისაც 2026 წლის მაისი განსაკუთრებით წარმატებული თვე იქნება