
7 სექტემბერს დაბნელების დერეფანი დაიწყო. ის მთვარის დაბნელებით გაიხსნა და 21 სექტემბერს მზის დაბნელებით დასრულდება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, 21 სექტემბრამდე არსებული პერიოდი ადამიანებისათვის ბევრი მიმართულებით იქნება მნიშვნელოვანი.
დაბნელებების დერეფანი განსაკუთრებული პერიოდია, როდესაც ჩნდება შესაძლებლობა, რომ ჩვენი ცხოვრება შევცვალოთ და სიახლეები დავგეგმოთ. ეს პერიოდი აუცილებლად გამოკვეთს ყველაფერს, რაც მოძველებული და არა საჭიროა და თითოეულ ადამიანს აიძულებს, მოვლენები რეალისტურად აღიქვას და ბევრი რამ სუფთა ფურცლიდან დაიწყოს.
რიტუალს, რომელიც 21 სექტემბერს მზის დაბნელების დროს უნდა გააკეთოთ - სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული ასტროლოგიური გვერდი AstroBlog SkyLight გვიზიარებს:
„ეს მარტივი რიტუალი დაგვეხმარება, გაცნობიერებულად გამოვიყენოთ დაბნელების დერეფნის სასიკეთო ძალა და მოვახდინოთ ამ ენერგიის სინქრონიზება ჩვენს ცხოვრებასთან. ეს უზრუნველყოფს, რომ ჩვენი ბიორიტმები ჰარმონიაში იყოს სამყაროს ციკლურ რიტმებთან, რათა მუდმივად ვიყოთ განახლების მდგომარეობაში.
სწორედ ეს არის ადამიანად დაბადების ამოცანა - ვიყოთ განვითარებადი არსებები, რომლებსაც გვაქვს ნება, არჩევანის შესაძლებლობა და შემოქმედების უნარი, რათა შევქმნათ, განვაახლოთ და სრულიად შევცვალოთ საკუთარი ცხოვრება. სამყაროს ციკლური ტების გამოყენება ზრდისა და განახლებისთვის სწორედ ამას გულისხმობს.
ხშირად ეს პროცესი ბუნებრივად ხდება, რადგან ჩვენი პლანეტა მაკროსამყაროს ნაწილია. თუმცა, ცვლილებები ხშირად კრიზისებზე გადის და ადამიანების ნაწილი, პასუხების ვერპოვნის გამო, სასოწარკვეთილებით, უიმედობით, დარდით, ბრაზითა და აგრესიით ივსება, რის გამოც ზრდის ნაცვლად უკუპროცესი იწყება. სამწუხაროდ, სამყაროში განვითარებად ადამიანებზე მეტი სწორედ ასეთია. ამიტომ, ჩვენი მიზანი უნდა იყოს, გავხდეთ იმაზე უკეთესი, ვიდრე გუშინ ვიყავით. ჩვენს პლანეტაზე არაფერია მუდმივი, მუდმივი მხოლოდ განვითარებადი სულია.
სამყაროში ორი ძალა არსებობს: სინათლე და სიბნელე. სიბნელის დამარცხებით, უფრო ვუახლოვდებით მზეს - სინათლეს. სწორედ ასეთი პროცესია დაბნელების დერეფანიც. მთვარის დაბნელების მომენტში გავათვითცნობიერეთ ჩვენი ჩრდილოვანი გამოვლინებები და წყლის სტიქიის მეშვეობით გავუშვით. სამაგიეროდ, ფურცელზე ჩამოვწერეთ და ფორმა მივეცით ჩვენი თავისა და ცხოვრების უკეთეს ვერსიას. შეგახსენებთ, რომ ჩამონათვალი აწმყო დროში უნდა იყოს დაწერილი, სამყაროსა და საკუთარი თავის მიმართ მადლიერების განცდით.
ვისაც არ დაგიწერიათ, ან არ გინახავთ მთვარის დაბნელების რიტუალი, შეგიძლიათ ახლა დაწეროთ ის ყველაფერი, რაც ტვირთად გექცათ, რისგანაც გსურთ გათავისუფლდეთ, განსაკუთრებით ყურადღება მიაქციეთ 7-დან 21 სექტემბრამდე პერიოდში გაჩენილ დისკომფორტს და აღმოჩენილ პრობლემებს. დაწერეთ იმ შეგრძნებით, რომ თავისუფლდებით მათგან სამუდამოდ და ადგილს ათავისუფლებთ ახალი, ძლიერი და პროგრესული ენერგიისთვის.
მთვარის დაბნელების შემდეგ ვცდილობ, ყოველი დღის ანალიზი მოგაწოდოთ, რათა ცნობიერად იმყოფებოდეთ დაბნელებების ენერგიის ნაკადში და ცნობიერად იღებდეთ ყოველდღიურ გამოწვევებს, დაძაბულობას, მოულოდნელობებსა და საკუთარი განწყობის თუ ადამიანების უცნაურ გამოვლინებებს. მინდა აღვნიშნო, რომ ამდენი ადამიანის გაერთიანება ჩემს ასტრობლოგზე, ჩემი პოსტების გარშემო, ძალიან პოზიტიურ, ნათელ და ერთიან ძალას ქმნის. ამიტომ ვერ წარმოიდგენთ, როგორ სიყვარულსა და მადლიერებას განვიცდი თქვენს მიმართ. მადლობა თქვენ!
რადგან ეს პროცესი 7 სექტემბერს დაიწყო და 21 სექტემბერს მზის დაბნელებით სრულდება, გთავაზობთ დამასრულებელ რიტუალს. ის ძალიან მარტივი და სიმბოლურია, თუმცა უდიდესი ძალა აქვს. ამით გვეძლევა შანსი, საფუძველი ჩავუყაროთ 18-წლიან ციკლურ პროცესებს, რომელთა ფორმირებაც მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში მოხდება, თუმცა ვიბრაციებს უკვე მომავალ სავსემთვარეობისას ვიგრძნობთ.
რიტუალი
როგორც იცით, მზის დაბნელება შემოდგომის ბუნიობას ემთხვევა, რაც ნაყოფიერ და „მოსავლიან“ შედეგზე მიგვანიშნებს. ამიტომ, რიტუალისთვის გამოვიყენოთ მიწის სტიქია. მანამდე კი, სამი დღის განმავლობაში, კარგად გააანალიზეთ დაბნელების დერეფნის პერიოდი.
გაანალიზება და გათავისუფლება:
გაარკვიეთ, რაიმე ახალი ხომ არ გამოიკვეთა, რისგანაც საბოლოოდ გსურთ გათავისუფლება. გქონდათ თუ არა ამ პერიოდში გაცნობიერებები, სადაც გამოვლინდა ისეთი ქცევები თუ თვისებები, რაც ხელს გიშლით და პრობლემებს გიქმნით, მაგალითად: შიშები, გაუბედავი ნაბიჯები, საკუთარი თავის ან სხვების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება. იქნებ გიჭირთ ადამიანების ემოციური საჭიროებების გაგება ან ზედმეტად მსხვერპლის როლში ხართ, ისე, რომ საკუთარი საჭიროებები გავიწყდებათ. ხომ არ გაქვთ დანაშაულის გრძნობა ან ხომ არ ცდილობთ სხვებს გადააბრალოთ რამე? მსგავსი კითხვებით შეძლებთ, იგრძნოთ საჭირო სიგნალები თქვენს ქვეცნობიერში. თუ აღმოაჩენთ, რომ დარჩა ის, რაც გაწუხებთ, დაწერეთ ეს სამი დღის განმავლობაში, დაკეცეთ ფურცელი, ჩადეთ პატარა ყუთში და მზის დაბნელების პიკამდე დამარხეთ მიწაში. ასევე, შეგიძლიათ დაწვათ და ფერფლი მოაბნიოთ ბუნებაში.
სურვილების ფორმირება:
ამის შემდეგ, აიღეთ სურვილების ფურცელი, რომელიც შეადგინეთ მთვარის დაბნელების დროს, გადახედეთ და თუ რამე ახალი სურვილი, მიზანი, განზრახვა, საჭიროება გამოიკვეთა ამ პერიოდში, დაამატეთ. დაამატეთ იმ განცდით, რომ ყველაფერი ხდება აწმყო დროში და გაქვთ მადლიერებისა და სიხარულის განცდა ამის გამო. რადგან ბუნიობის ენერგია მეტად აძლიერებს რიტუალის მოქმედებას, უმჯობესია გამოიყენოთ მწვანე კალამი, ფანქარი ან ფლომასტერი და გადაწეროთ თავიდან. სურვილების ფორმირება უნდა მოხდეს დაბნელების პიკიდან მინიმუმ ერთ საათში. პიკი გვაქვს 23:54-ზე, 00:54-დან შეგიძლიათ იმუშაოთ შევსების ენერგიაზე. შეგიძლიათ სიმბოლურად აანთოთ სანთელი (თუ ამის სურვილი გექნებათ, მისდიეთ თქვენს შეგრძნებებს).
განზრახვის ვიზუალიზება:
შემდეგ აიღეთ ეს ფურცელი და წაიკითხეთ ხმამაღლა ან გულში თითოეული ჩანაწერი. წარმოიდგინეთ, როგორ ჩაედინება მზის სხივები ამ სიტყვებში და მათ სიცოცხლით ავსებს. შეიგრძენით, როგორ ჩაედინება თქვენში მზის სხივების სითბო ამ სიტყვების წარმოთქმისას.
ფურცლის შენახვა და დამუხტვა:
დაკეცეთ ფურცელი და შეინახეთ დილამდე. თუ შესაძლებლობა გაქვთ, დილით ადრე (თუ ამინდი ხელს გიწყობთ), წაიღეთ და დადეთ ბუნებაში, სასურველია ხის ძირში, ისე, რომ მზის სხივებით აივსოს თქვენი განზრახვა. წარმოთქვით შემდეგი სიტყვები: „მზისა და დედამიწის ენერგიით, ჩემი სურვილები სრულდება და რეალიზდება აქ და ახლა, ჩემს სასიკეთოდ.“ შეგიძლიათ დატოვოთ ერთი-ორი საათი, შემდეგ წამოიღეთ და შეინახეთ საიმედო ადგილას, მომავალ დაბნელებამდე. მზის დაბნელების ენერგია, როგორც წესი, ექვსი თვის განმავლობაში გრძელდება.
თუ ბუნებაში დატოვებას ვერ შეძლებთ, შეგიძლიათ ფურცელი მზის სხივების ქვეშ (მაგალითად, ფანჯარასთან) განათავსოთ რამდენიმე საათით, შემდეგ კი შეინახოთ საიმედო ადგილას.
თუ მოხდა ისე, რომ დილიდან ღრუბლიანი დღე იქნა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მზის სინათლეს ძალა არ აქვს, აღმოსავლეთით დადეთ ფურცელი და დააყოვნეთ 1-2 საათი. ეს ყველაფერი ენერგეტიკულ დონეზე ხდება, ასე რომ, თქვენი განზრახვის ძალა სრულ ჰარმონიაში იქნება სამყაროს განზრახვის ძალასთან.
მინდა შემოგთავაზოთ აფირმაციები, რომლებიც უნდა წარმოთქვათ ამ სამი დღის განმავლობაში - 19, 20 და 21- ყოველ დილით და ძილის წინ:
1. მე ვასრულებ ძველ ციკლს.
2. მადლობას ვუხდი წარსულს, რომელმაც მასწავლა და გამაძლიერა.
3. ვათავისუფლებ ჩემს თავს შიშებისგან, ტკივილისგან, ტოქსიკური ურთიერთობებისგან და იმ ენერგიისგან, რომელიც აღარ მემსახურება.
4. ვათავისუფლებ სივრცეს ახალი შესაძლებლობებისთვის.
5. ვიღებ მზის სინათლის ენერგიას, როგორც ახალ სიცოცხლეს ჩემი განზრახვებისთვის.
6. ვუმყარებ ჩემს ოცნებებს ფესვებს, რათა ისინი გაიზარდონ და მიაღწიონ სინათლეს.
7. ჩემი ენერგია ჰარმონიაშია ბუნიობის ენერგიასთან.
8. ჩემში ერთიანდება ჩრდილი და სინათლე, ძველი და ახალი, შინაგანი და გარე სამყარო.
9. მე ჰარმონიაში ვარ სამყაროს რიტმებთან.
10. დაე, შემოდგომის ბუნიობამ და მზის დაბნელებამ მომიტანოს სიბრძნე, სიმშვიდე, ძალა და სიყვარული.
11. დაე, ასე იყოს!
შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი აფირმაციები, თქვენი სიტყვებით. ვინც პირველად აკეთებთ, მათთვის:
მზის დაბნელებამდე რამდენიმე საათით ადრე, ერთ ფურცელზე ჩამოწერეთ ის, რისგანაც გსურთ გათავისუფლდეთ, რაც ხელს გიშლით წინსვლასა და ბედნიერებაში. ეს შეიძლება იყოს ის, რაც გსურთ, რომ მთლიანად გაქრეს ან განახლდეს.
შემდეგ დაკეცეთ ფურცელი და დამარხეთ მიწაში. თუ დამარხვას ვერ მოახერხებთ, შეგიძლიათ დაწვათ და ფერფლი მიწაზე გაფანტოთ. ამ დროს წარმოთქვით სიტყვები: „მადლობა, მშვიდობით სამუდამოდ.“
დაელოდეთ დაბნელების პიკის გადავლას. ერთი საათის შემდეგ კი, მწვანე კალმით, აწმყო დროში ჩამოწერეთ ის მიზნები და განზრახვები, რაც გსურთ და რაც გაგაბედნიერებთ. შეავსეთ გათავისუფლებული ადგილი ახალი ენერგიით.
მაგალითად:
„ჩემი ჯანმრთელობა ყოველდღე უმჯობესდება“
„ჩემს ოჯახში სუფევს სიმშვიდე და ჰარმონია“
„ჩემი სხეული უფრო მოხდენილი და ლამაზი ხდება“
„ჩემი ფინანსური მდგომარეობა დღითი დღე უმჯობესდება“
ამ პროცესს უნდა ახლდეს სამყაროს მიმართ მადლიერების განცდა“, - წერია ასტროლოგიურ გვერდზე განთავსებულ პოსტში.
ასევე დაგაინტერესებთ: