მზისა და ურანის შეერთება ასტროლოგიაში ერთ-ერთ ყველაზე მოულოდნელ და ელექტრულ ენერგიას ატარებს. ეს ტრანზიტი ხშირად ასოცირდება უეცარ ცვლილებებთან, მოულოდნელ აღმოჩენებთან და თავისუფლების ძლიერ სურვილთან — თითქოს ცხოვრება ერთ წამში ახალ მიმართულებას იძენს.
როდესაც მზე, როგორც იდენტობისა და შინაგანი „მე“-ს სიმბოლო, უერთდება ურანს — რევოლუციისა და სიახლის პლანეტას — ადამიანები უფრო თამამად არღვევენ ჩარჩოებს, იღებენ რისკებს და იწყებენ იმ ცვლილებებს, რომლებიც დიდი ხანია სჭირდებოდათ.
აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს ასტროლოგი ნინა ხომერიკი გვიზიარებს, სადაც განმარტავს: რა გავლენას იქონიებს ადამიანებზე ეს ტრანზიტი:
„22 მაისს, საქართველოს დროით 18:26 საათზე, მოხდება მზის და ურანის პირველი შეერთება ახალ ზოდიაქოს ნიშანში ტყუპებში, რაც ახალი რეალობის დაბადების ტოლფასია და იმ მოვლენების კატალიზატორი, რომელიც 2033 წლამდე გაგრძელდება, ანუ, სანამ ურანი არ დატოვებს ამ ზოდიაქოს ნიშანს. თანამედროვე ასტროლოგიური ინტერპრეტაციით, რომელიც იყენებს ებრაულ სიმბოლიკას, ამ დღეს შემოქმედსა და ადამიანებს შორის მოხდა შეთანხმება და ამიტომ ითვლება განსაკუთრებულად, რადგან: მზე: ებრაულ ტრადიციაში ასოცირდება შემოქმედთან, ცნობიერებასთან, სინათლესთან და ღვთაებრივ ნებასთან, ხოლო ურანი: მოულოდნელი ცვლილებების, განათების, უმაღლესი გონებისა და ტრადიციული ჩარჩოების მსხვრევის სიმბოლოა.
შესაბამისად, მზისა და ურანის შეერთება შეიძლება განიმარტოს, როგორც:
1. ღვთაებრივი გამოცხადება: მოულოდნელი სულიერი გაცისკროვნება, როდესაც უმაღლესი გონება (ურანი) ერწყმის სულს (მზე);
2. რადიკალური ცვლილება: ძველი სტრუქტურების მსხვრევა და ახალი წესრიგის დამყარება;
3. ჭეშმარიტების ძიება: ტრადიციული აზროვნებიდან თავის დაღწევა და სამყაროს შეცნობის ახალი გზების პოვნა;
ურანი ფლობს შემოქმედებით ან დამანგრეველ ძალას, რომლის გარეშეც პროგრესი შეუძლებელია და ჩვენს ცხოვრებაში, იმიტომ მოდის, რომ დაარღვიოს ჩვეული წესრიგი და შექმნას ქაოსი, რადგან მხოლოდ ქაოსს მოაქვს განვითარება და ეს ენერგია შეიძლება იყოს აღმშენებელი ან დამანგრეველი, ამ შემთხვევაში, მთავარია, როგორ გამოვიყენებთ და რა მიმართულებას მივცემთ ამ ენერგიას და 7 წელიწადში ერთხელ, როდესაც ხდება მზისა და ურანის შეერთება, გვეძლევა არჩევანი, როგორც პირად ასევე კოლექტიურ აზროვნებაში.
მზე ასეთ დროს ნათელს ჰფენს ჩვენს მიერ არჩეულ გზას ან აშიშვლებს ისეთ თემებს, რისი დანახვა და აღიარებაც კი არ გვინდა საკუთარ თავთან. ეს პერიოდი გააჩენს ახლის შექმნის უდიდეს სურვილს, თუმცა რა თქმა უნდა არ არსებობს არანაირი გარანტიები, რომ ეს სიახლე იქნება უკეთესი. მზისა და ურანის შეერთება ქმნის ნაპერწკალს, რაც პირველ რიგში აისახება უჩვეულო ატმოსფერულ მოვლენებზე, ანომალიებზე, ასეთ დროს მატულობს მზეზე აფეთქებები, მოსალოდნელია ამინდის ატმოსფერული წნევის მკვეთრი ცვლილებები.
მზის და ურანის შეერთება ტყუპებში ასტროლოგიურად ძალიან ძლიერი, არასტანდარტული და ინტელექტუალური კომბინაციაა. კლასიკურ ასტროლოგიაში მზე არის: მმართველის, მონარქის, სახელმწიფო ძალაუფლების სიმბოლო, ხოლო ურანი, მართავს მერწყულის ზოდიაქოს ნიშანს, რომელიც ანარქიისა და ხელისუფლების ოპოზიციის სიმბოლოა. ასეთ დროს, შესაძლებელია მათი ერთი იდეის გარშემო გაერთიანება ან ძალიან დიდი განხეთქილების წარმოშობა. ეს შეერთება აუცილებლად მოიტანს დიდ საკადრო ცვლილებებს არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში და ასევე გამოჩნდებიან ახალი, არაფორმალური ლიდერებიც.
ზუსტად პირველი მზისა და ურანის შეერთება ყველაზე მეტად აისახება ჩვენს საქმეებზე, ამ პერიოდში გაკეთებული არჩევანი და გარემოებები, შემდეგი 6,5 წლის განმავლობაში იქნება აქტუალური.
ამ ასპექტის ქვეშ ერთიანდება: იდენტობა, თვითგამოხატვა, თავისუფლება, ორიგინალურობა, მოულოდნელობა, რევოლუციური აზროვნება, კომუნიკაცია, გონება, ინფორმაცია და მრავალფეროვნება.
ის გამოვლინდება ადამიანებში, როგორც:
* სწრაფი გონება;
* განსხვავებული ხედვები;
* ტრადიციული წესების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება;
* ინტერესების ხშირი ცვლილება;
* ძლიერი განვითარება ტექნოლოგიებში, მედიაში, სოციალურ ქსელებში, ახალ იდეებში;
* ინოვაციები;
* კრეატიული იდეები;
* დამოუკიდებელი აზროვნება;
* ადაპტაცია ცვლილებებთან;
* ტექნოლოგიური ან სასწავლო მიმართულების ცვლილებები;
* ცხოვრების სტილის სწრაფი გადატრიალება. მისი უარყოფითი მხარეებია:
* ნერვული გადაღლა;
* მოუსვენრობა;
* ერთ საქმეზე კონცენტრაციის სირთულე;
* მოულოდნელი გადაწყვეტილებების მიღება.
გასულ წლებში მზის და ურანის შეერთება მოხდა: 23.04.2019 / 04.04.2011 / 22.02.2004 / 29.01.1996, გაიხსენეთ რა სახის გადაწყვეტილებების ან ცვლილებების გატარება დაგჭირდათ ამ პერიოდებში და როგორი აისახა ეს ყველაფერი შემდეგ 6 წელზე.
შემდეგი მიმართულება, რაზედაც ეს ასპექტი გავლენას იქონიებს უკავშირდება ჯანმრთელობას.
პლანეტა ურანი პასუხისმგებელია გულ-სისხლძარღვთა და ნერვიულ სისტემაზე, სხვადასხვა გარემოებების ან გამაღიზიანებელი ფაქტორების დროს, ის ბადებს ადამიანებში უჩვეულო, სწრაფ და განსხვავებულ რეაქციებს.
ტყუპები, სადაც ხდება შეერთება არის კუროს და კირჩხიბის ზოდიაქოს შორის მდგომი ნიშანი, კურო - ასოცირდება პირად რესურსებთან, ფინანსებთან, ფინანსურ რესურსებთან, ხოლო კირჩხიბი - ოჯახთან სახლთან და უსაფრთხო გარემოსთან, აქედან გამომდინარე, ეს შეერთება ბადებს ისეთ შეგრძნებებს, რომ ოჯახი შეიძლება არ იყოს ემოციური უსაფრთხოების წყარო, ოჯახური კავშირები არ იძლევა სიახლოვის გარანტიას, ფული, მატერიალური რესურსები და ქონება არ არის უსაფრთხოების და სტაბილურობის გარანტი, ხოლო ნათესაური კავშირები არ უზრუნველყოფს სიახლოვეს და ფული სიმყარეს“, - წერს ნინა ხომერიკი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ვილი სანიოლი ხვიჩა კვარაცხელიაზე: შრომას თუ გააგრძელებს, „ოქროს ბურთს“ დაიმსახურებს