
სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული ასტროლოგიური გვერდი AstroBlog SkyLight ფეისბუკზე 1-ელი ოქტომბრის ასტროპროგნოზს გვიზიარებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, დღე მაქსიმალურ ნებისყოფას, სიბრძნესა და ცნობიერებას მოითხოვს:
„დადგა ოქტომბერი და თვე გამძლეობის ტესტით იწყება. დღევანდელი დღე ენერგეტიკულად მსუბუქი არ იქნება, რაც მაქსიმალურ ნებისყოფას, სიბრძნესა და ცნობიერებას მოითხოვს. (ოქტომბრის დეტალური პროგნოზი ჩვენს გვერდზე გასულ კვირას გამოქვეყნდა, შეგიძლიათ გადახედოთ).
მთელი დღის განმავლობაში, მთვარე თხის რქის ზოდიაქოში იმოძრავებს. 19:35 საათიდან ის უკურსო გახდება, ხოლო 23:55 საათზე მერწყულის ნიშანში გადავა.
თხის რქა მთვარისთვის განდევნის ნიშანია, რაც ჩვენი ემოციებისა და გრძნობების გარკვეულ შეზღუდვას ნიშნავს. წარმოიდგინეთ ემოციური მთვარე, რომელიც თხის რქის მკაცრ, სატურნისეულ მარწუხებში აღმოჩნდა, სადაც ცივი გონება და მკაცრი წესები მეფობს.
ამიტომ, შესაძლოა, ვიგრძნოთ, რომ ჩვენი ემოციები თითქოს ჩარჩოებშია მოქცეული, რომ ვერ გვიგებენ, ხოლო გულწრფელ ემოციურ გამოვლინებებს ცივი რეაქციით ხვდებიან. საუკეთესო გამოსავალია, დღეს არ ვეცადოთ ჩვენი გრძნობების დემონსტრირებას და არც სხვებისგან გვქონდეს თანაგრძნობის ან თბილი ემოციების მიღების მოლოდინი. დღეს პრიორიტეტულია რაციონალურობა, საქმიანი განწყობა, თვითდისციპლინა, თავშეკავება, ნებისყოფა და საქმეზე კონცენტრირება.
დღევანდელი დღის მთავარი ასტროლოგიური თავისებურება დიდი ჯვრის კონფიგურაციაა, რომელიც ასტროლოგიაში ყველაზე დაძაბულად ითვლება. მასში მონაწილეობენ მთვარე, მერკური, იუპიტერი და ქირონი.
კონფიგურაციის საფუძველია მერკურისა და იუპიტერის ოპოზიცია (დაპირისპირება). პლანეტების ამ ურთიერთქმედებამ შეიძლება მოიტანოს ცრუ მოლოდინები, ილუზიები და არასანდო ინფორმაციის დიდი მოცულობა, რომლის დაზუსტებაც რთული იქნება.
მერკური პასუხისმგებელია ჩვენს მენტალურ პროცესებზე, ხოლო იუპიტერი მენტორი პლანეტაა. მათ შორის დაძაბულობა შესაძლოა გამოვლინდეს, როგორც ძლიერი გონებრივი დაძაბულობა, აზრთა ცვალებადობა და ემოციების უკონტროლობა, აგრეთვე, მთელი რიგი გადაუჭრელი ან გაურკვეველი თემები და პასუხგაუცემელი კითხვები. მოვლენების დონეზე ეს შეიძლება იყოს დიდი აურზაური, დროის უკმარისობა, ინტერესთა კონფლიქტები სამსახურში, ხელმძღვანელობის მხრიდან ხარვეზების ძიება და დაძაბული საუბრები.
საინფორმაციო სივრცეში კი – შემაშფოთებელი სიახლეები, ტექნიკის ან ტრანსპორტის გაუმართაობა, ავარიების რისკი.
თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ დიდი ჯვრის კონფიგურაცია ერთგვარ გამოწვევას გვთავაზობს.
მთავარია, არ დავნებდეთ, მოვახდინოთ შინაგანი რესურსების მობილიზება და გავუძლოთ. დღეს არ შეიძლება პანიკას მივეცეთ და ემოციებით ვიმოქმედოთ. რადგან მთვარე თხის რქაშია, აუცილებელია ცივი გონების შენარჩუნება და ნაჩქარევი გადაწყვეტილებებისგან თავის შეკავება.
დღის მეორე ნახევრიდან ენერგია შეიძლება კიდევ უფრო გამძაფრდეს. დაახლოებით 17:00 საათიდან დაიწყება მთვარე/პლუტონის შეერთების ფორმირება, რაც ემოციურ ზეწოლას, აგრესიის ზრდას, კონფლიქტურ ფონს და ურთიერთობების გართულებას გამოიწვევს. ზოგიერთმა შეიძლება თავი ვერ შეიკავოს და მკაცრი, ხისტი ან აგრესიული გამოვლინებები გამოხატოს. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ასტროლოგიაში პლუტონთან დაკავშირებული კრიზისი ტრანსფორმაციას ეხება, ეს ნიშნავს, რომ სწორი და ცნობიერი მიდგომით, ეს ერთი დღეც კი შესაძლოა გარდამტეხ მომენტად იქცეს.
დღევანდელმა დღემ შეიძლება ერთბაშად გაგვიხსნას სრულიად ახალი შესაძლებლობები. ზოგჯერ, ახალი თავის დასაწყებად, ძველი უნდა დასრულდეს.
გლობალურ დონეზე, ასეთმა დღემ შეიძლება, მოიტანოს ხმაურიანი პოლიტიკური მოვლენები, ლიდერების მკვეთრი განცხადებები, სამხედრო-ეკონომიკურ სფეროსთან დაკავშირებული სიახლეები. დღეს განვითარებული სიტუაციები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მსოფლიო წესრიგზე.
როგორ გამოვიყენოთ დღევანდელი დღის დაძაბული ენერგიები?
პირველ რიგში, მაქსიმალურად უნდა ვაკონტროლოთ ემოციები და არ მივცეთ იმპულსებს უფლება, გვმართოს, განსაკუთრებით თუ ეს გაღიზიანების, აგრესიის ან ვინმესთან ურთიერთობის გაწყვეტის, „ყველაფრის დანგრევის“ სურვილია.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასეთი ხისტი ქმედებებისა და უკონტროლო ემოციების გამო, შეიძლება შემდეგ ძალიან ვინანოთ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, დღეს ყურადღება გავამახვილოთ საქმეებზე, რომელიც დისციპლინასა და სიდინჯეს მოითხოვს. ასევე, არ გადავიტვირთოთ კომუნიკაციით და არ ჩავერთოთ ზედმეტ დისკუსიებში.
გახსოვდეთ, ყველაფერი, რაც ხდება, შესაძლოა ახალი საფეხური გახდეს ცხოვრების ახალი სტრატეგიისკენ.
ამასთანავე, უნდა გავითვალისწინოთ მეათე მთვარის დღის ენერგიები, რომლებიც გავლენას მოახდენს ჩვენზე 15:53 საათამდე. ეს დღე დაკავშირებულია ჩვენს ფესვებთან, წინაპრებთან, იმასთან, რაც ჩვენი სიძლიერის საფუძველია. ამ ენერგიებმა შეიძლება მოგვცეს გვარის მხარდაჭერის შეგრძნება, აღვადგინოთ კავშირი მათთან, ვინც გადმოგვცა ძალა, ცოდნა და ნიჭი. ამ დღეს მნიშვნელოვანია, დავფიქრდეთ ოჯახურ ტრადიციებზე, გავაცნობიეროთ და გავუშვათ ის პროგრამები, რომლებიც არ უნდა გადავცეთ ჩვენს შვილებსა და მომავალ თაობას.
მეათე მთვარის დღე აძლიერებს ყველაფერს, რაც ოჯახურ ფასეულობებს, სახლს, მშობლებს, ოჯახურ ბიზნესს უკავშირდება. ეს ის დღეა, როცა შეიძლება ოჯახური კავშირების განმტკიცება და ყურადღების გამოხატვა. მთავარია გვახსოვდეს, რომ წინაპრების ძალა ყოველთვის ჩვენშია. ამიტომ, დღეს ძალიან კარგია სანთლის ანთება და წინაპრებისადმი მადლიერების გამოხატვა.
მეათე მთვარის დღის ენერგია ყოველთვის გვაძლევს საყრდენს, როცა გვგონია, რომ თითქოს მიწა ფეხქვეშ გვეცლება. თუ დღეს მსგავსი შეგრძნება გექნებათ, გონებაში მიმართეთ თქვენს წინაპრებს დახმარებისთვის – ამით ვიგრძნობთ შინაგან ღერძს, გვარის ენერგიას.
ძვირფასო მეგობრებო, გისურვებთ, შეიცნოთ თქვენი ძალა და ცნობიერად გაატაროთ დღევანდელი დღე.
გახსოვდეთ, ჩვენ ვერ შევცვლით სამყაროს კანონზომიერებებს, მაგრამ შეგვიძლია, ვმართოთ ისინი ჩვენს სასარგებლოდ. ამისთვის საჭიროა შევიგრძნოთ მაკროკოსმოსის პულსი ჩვენში“, - წერია ასტროლოგიურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕საქართველოს დამსახურებული ბიბლიოთეკარი თინათინ ლომჯარია გარდაიცვალა
⭕„მიწავ, მაჩუქე შენი ძალა, ცაო, მაჩუქე შენი სიბრძნე“ - რიტუალი, რომელიც 1-ელ ოქტომბერს უნდა ჩაატაროთ