Digest Logo

„განმეორდება ამაოების და ძალისხმევის უშედეგობის განცდა, პერიოდი კვლავ მოიტანს ახალ კანონებს და მეტად გამკაცრდება ბრძოლა არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ“ - ნინა ხომერიკის ვრცელი პროგნოზი „სისხლიან მთვარეზე“

1757097729
ნინა ხომერიკი

7 სექტემბერს „სისხლიანი მთვარე“ ცას წითლად გაანათებს - ასტროლოგების აზრით, ეს მთვარის სრული  დაბნელება არა მხოლოდ ულამაზესი ციური სანახაობაა, არამედ გარდატეხების ენერგიაცა, რომელიც ადამიანებს მოუწოდებს ძველი ჩვევების და დამამძიმებელი კავშირების დასრულებისკენ.

თევზებში მომხდარი დაბნელება ინტუიციას, ემოციებსა და სულიერ სიღრმეებს ააქტიურებს, რაც ბევრისთვის შინაგანი წმენდისა და ახალი დასაწყისების წერტილი იქნება.

7 სექტემბრის მთვარის დაბნელებაზე ვრცლად სოციალურ ქსელში ასტროლოგი ნინა ხომერიკი გვესაუბრება და ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ვრცელ რეკომენდაციებს უზიარებს:

„2025 წლის 7 სექტემბერს, 18:08 GMT, ხოლო 22:04 საქართველოს დროით, თევზების მე-16* გრ-ში მოხდება მთვარის დაბნელება, რომელსაც ეწოდება “სისხლიანი”. თევზები, სადაც ხდება ეს დაბნელება არის ასტროლოგიური მე -XII-ე, ანუ ბოლო ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც არის დასასრულის, გადაფასების, შედეგებისა და გადადგმულ ნაბიჯებზე პასუხისმგებლობის სიმბოლო, რომელიც გულისხმობს, რომ თითოეულმა ადამიანმა, საკუთარ საქციელზე, მარტომ უნდა აგოს პასუხი უფლისა და საკუთარი თავის წინაშე, ამიტომ, თევზებში, დაბნელების დროს, საყურადღებო ხდება არა გარე ფაქტორები, არამედ შინაგანი პროცესები და როგორც წესი, ადამიანები, ასეთ დროს ხდებიან ძალიან „სენსიტიურები“ იმ შინაგანი შეგრძნებებისა და ემოციების მიმართ, რასაც განვიცდით და ვერ გავურბივართ.

დაბნელება თევზებში აღვიძებს ადამიანებში რაციონალურ და ირაციონალურ შიშებს და თუ ზრდასრულ ადამიანს შეუძლია მართოს საკუთარი ემოციები, ეს დაბნელება, ძალიან დიდ გავლენას იქონიებს ბავშვებზე, შესაძლოა გაუძლიერდეთ სიბნელის შიში, სხვადასხვა სახის ფობიები, წყლის შიში და ა.შ. ამიტომ, თუ თქვენს შვილს შეამჩნევთ მსგავს ემოციებს, არ დააიგნორიროთ, უმჯობესი იქნება გაესაუბროთ და გაუქარწყლოთ შიშები, ასევე კარგი იქნება ამ პერიოდში მოარიდოთ მძაფრ სიუჟეტიანი ჟანრის ფილმების ყურებას.

როდესაც აქტიურდება თევზების ზოდიაქოს ნიშანი, ჩვეულებრივზე მეტად შეგვიძლია დავინახოთ, რომ სამყაროში ყველაფერი ციკლურია და ყველაფერი მეორდება, მომხდარი მოვლენების შინაარსი ძალიან ნაცნობია, ყველაფერი რაც მოსალოდნელია, უკვე განვლილია. საერთო ჯამში, ეს დაბნელება, ემოციურად არაკომფორტულია და აძლიერებს ადამიანებში მისტიკას, ასეთ დროს, ჩვეულებრივზე უფრო მეტი ყურადღება ექცევა მინიშნებებს, სიზმრებს, ძლიერდება ინტუიცია, მაგრამ ნუ გააკეთებთ ამ ყველაფერზე ზედმეტ აქცენტებს. დაბნელების დღეს უმჯობესი იქნება აიღოთ პაუზა საქმეში, კარგი იქნება დაფიქრდეთ, იოცნებოთ, დაისვენოთ, მიმართოთ სამყაროს თხოვნით აგისრულოთ სურვილი, თქვენი სურვილები ძალიან სწრაფად რეალიზდება. პრაქტიკულ დონეზე დაბნელების დღეს (+/-) რამდენიმე დღე მოსალოდნელია წყალთან დაკავშირებული ბუნებრივი კატაკლიზმები, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს ძლიერი შტორმით, ციკლონით, წყალდიდობით, ასევე მოსალოდნელია ხელოვნურად შექმნილი კატაკლიზმები, ქიმიკატების გაჟონვა და გარემოს დაბინძურება. მე- XII-ე სახლი აგრეთვე არის ფარული მტრების სიმბოლო, ამიტომ, ამ დაბნელების პერიოდში, ისევე როგორც 2025 წლის მარტში, კვლავ დადგება რეალური თუ წარმოსახვითი მეგობრების საკითხი, რომელსაც თქვენ მიანიჭეთ ეს სტატუსი და ამ შემთხვევაში, შესაძლოა უეცრად აგეხილოთ თვალები. თუ თქვენ ოდესმე, ვინმეს ენდეთ ან მიეცით შანსი, ახლა დაინახავთ, რომ დაუშვით შეცდომა და რეალურად ეს ადამიანი სულაც არ არის თქვენიანი, როგორც ცდილობდით ამის წარმოდგენას.

ახლა, ისევე როგორც 2025 წლის მარტში, განმეორდება ამაოებისა და ძალისხმევის უშედეგობის განცდა, ისეთი ძალისხმევისაც კი, რომელიც იძლევა გარკვეულ შედეგებს, მაგრამ ვერ აგვარებს გლობალურ ამოცანებსა და პრობლემებს. მე -XII-ე სახლი ასევე არის ემიგრაციისა და ემიგრანტების სიმბოლო და ეს პერიოდი კვლავ მოიტანს ახალ კანონებს და მეტად გამკაცრდება ბრძოლა არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ. ამ დაბნელების დროს იქნება ძალიან წვრილი ზღვარი მატერიაში გამოვლინებულ სამყაროსა და გამოუვლენელს შორის და ჩვენ შესაძლოა აგვერიოს, რა არის რეალური და რა არა, ასევე თევზებში დაბნელება იდეალური პერიოდია გულახდილი საუბრისათვის, გათავისუფლდეთ დაგროვილი ემოციებისაგან და მოუყვეთ ადამიანებს თქვენი წუხილის შესახებ.

ვერძი:

ვერძებისთვის ეს დაბნელება ხდება მე -XII-ე ასტროველში, რომელიც არის დასასრულის, საიდუმლოებებისა და წარსულის სახლი, თქვენთვის დადგა დრო ცოტა შეანელოთ სიჩქარე და გადააფასოთ უახლოესი წარსულის მოვლენები. ასეთ დროს, კარგი იქნება გვერდიდან შეხედოთ მიმდინარე სიტუაციებს, ვინაიდან, როდესაც ჩვენ ვიმყოფებით მოვლენების ეპიცენტრში და მოგვარების პროცესში, ყოველთვის ვერ ვართ ობიექტურები, ვმოქმედებთ სიტუაციიდან და საჭიროებიდან გამომდინარე, მაგრამ, როდესაც გვეძლევა შესაძლებლობა ავიღოთ პაუზა და შევხედოთ ყველაფერს გვერდიდან, სხვაგვარად ვაფასებთ, ვიგებთ და გვესმის ის სიტუაციები, რომელშიც ვიმყოფებით და რას ითხოვს განგება, როდესაც გვაყენებს სხვადასხვა ამოცანების წინაშე და თქვენ ახლა გევალებათ ამ პაუზის აღება.

ეს არის დრო, როდესაც შეძლებთ დაინახოთ საკუთარი სამყარო და რეალობა განსხვავებული რაკურსით. მე -XII-ე სახლი ჩვენი შედეგების, არსის წერტილია, რომელიც გაჩვენებს რატომ, ან რისთვის ხდება ეს ყველაფერი თქვენს ცხოვრებაში, რას შეიძლება, რომ დაეყრდნოთ, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი ან რისთვის აკეთებთ ამ ყველაფერს და ეს დაბნელება წინ წამოსწევს იმ ამოცანებს, რომელიც გეგონათ, რომ უკვე ამოხსნილია. პრაქტიკულ დონეზე, გაქრება გარკვეული დავალების შესრულების აუცილებლობა, რაც მოგცემთ შესაძლებლობას გამოხვიდეთ რაღაცა სახის როლიდან, ზოგიერთისთვის ეს შესაძლოა იყოს კარიერის დასრულება, ან პირიქით დიდი ხნის ლოდინის შემდეგ დაიწყოთ სამსახური, ანუ ამ დროს შეიცვლება თქვენი სამუშაო სტატუსი.

ასევე მე- XII-ე სახლი არის ემიგრაციის სახლი, ამიტომ მათთვის, ვისთვისაც ეს თემა აქტუალურია შეძლებენ მიიღოთ უცხო ქვეყანაში საცხოვრებლად საჭირო საბუთები, ან ზოგიერთი ვერძი უბრალოდ საბოლოოდ მიიღებს ემიგრაციაში წასვლის გადაწყვეტილებას. ეს სექტორი, ასევე არის საიდუმლოებებისა და ფარული ურთიერთობების სიმბოლოც და ვისთვისაც ეს თემატიკა აქტუალურია, შესაძლებელია თქვენი კავშირი გადავიდეს სხვა ეტაპზე, შედგეს სერიოზული საუბარი და აღიარება. ასევე მე- XII-ე სახლი არის კარმული დანაკარგების მომტანი, ანუ გათავისუფლდებით კარმული ვალებისაგან, ამიტომ, ასეთ დროს, თუ გექნებათ მატერიალური დანაკარგები, ჩათვალეთ, რომ ამ სახით გაისტუმრეთ კარმული ვალი. აგრეთვე ეს სექტორი გულისხმობს ქრონიკულ და სისტემურ დაავადებებს და იმ ვერძებს, ვისაც აქვს მსგავსი სახის პრობლემები, მთვარის დაბნელება მისცემს შესაძლებლობას იპოვოს ახალი მკურნალობის მეთოდი რაც დაეხმარება მათ ჯანმრთელობის საკითხების გაუმჯობესებაში და განკურნებაში.

ეს პერიოდი ბევრ ადამიანში გააღვიძებს შინაგანი სიმარტოვის განცდას და სანამ არ გაერკვევით საკუთარ თავში, ვერ შეძლებთ გზის გაგრძელებას და თქვენს დახმარებას, თავად უნდა შეძლოთ მოაგვაროთ თქვენი შინაგანი პრობლემები. პრაქტიკულ დონეზე, ამ დაბნელებას შეუძლია მოიტანოს თქვენთვის ან თქვენი პარტნიორისათვის სამსახუბრივი ცვლილებები, შეიცვლება გრაფიკი, რიტმი და თქვენი ცხოვრების სტილი, რაც გამოწვეული იქნება თქვენი ან თქვენი მეორე ნახევრის დაკავებულობით. ასევე ბევრი თქვენგანი აირჩევს ჯანსაღი ცხოვრების წესს და გამოიმუშავებს კომპლექსურ მიდგომებს. მე -XII-ე სახლი ასევე აჩვენებს ადამიანის ფარულ რესურსებს და მთვარის დაბნელება გააღვიძებს თქვენში სურვილს იპოვოთ ახალი მიმართულებები, ინტერესები, ნიჭი და უნარი, იმისათვის, რომ შეცვალოთ თქვენი საქმიანობა, პროფესია ან სხვა რიტმში შეძლოთ მუშაობის დაწყება. დაბნელება მე- XII-ე სახლში აჩენს სურვილს რაღაც დაასრულოთ, იმისათვის, რომ შეძლოთ დაიწყოთ ცხოვრება სუფთა ფურცლიდან. აგრეთვე გახსოვდეთ, რომ ეს სექტორი გვაჩვენებს ფარულ მტრებს და ასეთ დროს ბევრი ადამიანი გამოაჩენს თავის რეალურ სახეს. საერთო ჯამში მე -XII-ე სახლი ვინაიდან არის ვალების გასტუმრების სექტორი, შეგიძლიათ გააკეთოთ ისეთი რამ, რაც თქვენს ვალდებულებად მიგაჩნიათ, იმისათვის, რომ განთავისუფლდეთ შინაგანი ვალდებულებისგან.

კურო:

კუროებისათვის ეს დაბნელება ხდება მე -XI-ე ასტროველში და ქმნის საკმაოდ დადებით ასპექტებს თქვენს ნიშანთან, ის თითქოს წმენდს თქვენს მიერ გასავლელ გზას და ამავდროულად მოგიტანთ ძველი საქმიანობის შედეგებს, რაც აქამდე არ მიგიღიათ, მოახდენს დადებითი ენერგიების კონცენტრირებას, რაც ამ ყველაფერში მიზნების ნაწილში ძალიან დაგეხმარებათ. ამიტომ, თუ თქვენს ცხოვრებაში, არსებობს მსგავსი პროცესები, საქმეები, რითაც ხართ დაკავებული და იმყოფებით მოლოდინის რეჟიმში, ეს დაბნელება დაგეხმარებათ დაინახოთ რა გააკეთეთ, რა შექმენით ან რა ააშენეთ და ახლა დგება შედეგების მიღების დრო.

შესაძლებელია გაჩნდეს ახალი საქმიანი გეგმები ან შეისწავლოთ ახალი პროფესია, განსაკუთრებით, თუ თქვენი საქმე უკავშირდება კომუნიკაციებს, ანუ თუ მუშაობთ კლინტებთან, ვაჭრობის სფეროში ან ინფორმაციის მიწოდების კუთხით, ასეთ დროს რეალიზაციისთვის გამოჩნდება ახალი პროდუქცია, ნაწარმი, მომსახურება ან ინფორმაცია, რაც მოიყვანს ბევრ მომხმარებელს, აგრეთვე შესაძლებელია იპოვოთ თქვენი საქმიანობის ახლებურად რეალიზაციის გზა, ახალი კომპიუტერული პროგრამები, ახალი ტექნოლოგიები ან იდეები, როგორ შეიძლება თქვენი საქმიანობის განვითარება, მაგალითად: იდეები დაკავშირებული რეკლამასთან.

ამ დაბნელებამ შესაძლებელია, ასევე გავლენა იქონიოს თქვენს პირად ცხოვრებაზე, ზოგი შეძლებს ახალი ურთიერთობების დაწყებას, რომელიც მოხდება ინტერნეტის ან თქვენი მეგობრების დახმარებით, აგრეთვე დაოჯახდებიან ის კუროები, ვინც პირველად არ ქორწინდება ან დაწყვილდებიან ისეთ პარტნიორთან, ვისაც წარსული ურთიერთობიდან უკვე ჰყავს შვილები.

აგრეთვე მოსალოდნელია კომუნიკაციების წრის შეცვლა, ძველ ნაცნობებში აღმოაჩენთ ნეგატიურ მხარეებს, გაიგებთ უარყოფით ინფორმაციას ან მის მიერ, თქვენს წინააღმდეგ დაგეგმილ შეთქმულებას, ანუ დაინახავთ ადამიანის უარყოფით სახეს. ასევე თქვენს გარემოცვაში გაჩნდებიან ახალი, უცნაური, ასე ვთქვათ ორმაგი სტანდარტის მქონე ნაცნობები. გარდა ამისა, მე- XI-ე სახლი, სადაც თქვენთვის ხდება ეს დაბნელება, გულისხმობს დედმამიშვილებთან ურთიერთობას, ამიტომ, აქაც მოსალოდნელია მნიშვნელოვანი მოვლენების განვითარება, საუბარი, შეხვედრა ან ერთობლივი გადაწყვეტილების მიღება. ასევე, ეს სექტორი გულისხმობს სხვის შვილებს და შესაძლოა მიიღოთ დაბადების დღის, რაიმე ღონისძიებაზე დასწრების მოწვევა ან გახდეთ ბავშვის ნათლია, მოსალოდნელია თქვენ შვილებთან ურთიერთობების ხასიათის შეცვლა, შეიქმნას დისტანცია ან გაჩნდეს საიდუმლოებები თქვენს შორის, თუმცა, საერთო ჯამში, ეს დაბნელება ძალიან დადებით ხასიათს ატარებს თქვენი ნიშნისათვის, ის თითქოს გაგიკვალავთ მომავლის გზას და დაგეხმარებათ ნათელი მოეფინოს ბევრ ისეთ საკითხს, რაც ჯერ კიდევ თქვენთვის ბუნდოვანია, რაც მოგცემთ შესაძლებლობას აირჩიოთ სწორი მიმართულება.

ტყუპები:

ტყუპებისთვის ეს დაბნელება ხდება მე- X-ე ასტროველში და ააქტიურებს თქვენი სოციალური სტატუსის ცვლილების პროგრამას. ყველასთვის ეს ინფორმაცია გათამაშდება ინდივიდუალურად. ზოგადად, სოციალურ სტატუსზე გავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორები, როგორიც არის: პირადი ურთიერთობები, ვართ თუ არა ქორწინებაში, გვყავს თუ არა შვილები, საცხოვრებელი ადგილი, გვაქვს თუ არა საკუთრება, ვართ დასაქმებული თუ გვაქვს პირადი ბიზნესი, რა შედის ჩვენი პასუხისმგებლობის სფეროში და როგორი ავტორიტეტით ვსარგებლობთ საზოგადოებაში.

შესაბამისად, ყველა ამ ზემოთ ჩამოთვლილ სფეროში მოსალოდნელია გარკვეული ცვლილებები, მაგალითად: ახალი სამსახური, თანამდებობა, ახალი საქმიანი მიმართულება, პასუხისმგებლობები ან დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების რაოდენობის ზრდა, აგრეთვე შესაძლოა მიიღოთ გარკვეული საბუთი, რომელიც შეცვლის თქვენს სტატუსს, მაგალითად: აიღოთ დიპლომი, ხარისხი და ა.შ. მიიღოთ სხვა ქვეყანაში ცხოვრების უფლება ან მოქალაქეობა.

მე -X-ე სახლი, სადაც თქვენთვის ხდება ეს დაბნელება, არის ყველაზე მნიშვნელოვანი სახლი, ზენიტი, ცა პირად რუკაში, რომელიც გულისხმობს, როგორ აღგვიქვამს, გვაფასებს ჩვენ საზოგადოება, როგორია ჩვენი მიღწევები, ანუ მე -X-ე სახლი ყოველთვის გვაჩვენებს, რაღაც გარეგანს, რაც ხდება ჩვენს ცხოვრებაში და რასაც სხვები ხედავენ, გვაფასებენ, აფასებენ ჩვენს წარმატებას, მნიშვნელობასა და ავტორიტეტს.

მე -X-ე სახლი, ასევე არის ჩვენი მიზნების სექტორი, ამიტომ, ასეთ დროს შესაძლებელია შეცვალოთ გეგმები, დაისახოთ ახალი ამოცანები. დაბნელება ამ სახლში გაზრდის თქვენს ამბიციებს, გაგიჩნდებათ სურვილი გახდეთ მეტად მნიშვნელოვანი და თუ დაბნელებამდე, გარკვეულ საქმიანობაში ან მიმართულებებში გქონდათ გაურკვეველი სტატუსი, ეს მოვლენა ნათელს მოჰფენს სიტუაციას, თქვენს საქმიანობას და შესაბამისად მოგიტანთ შედეგებს. დაბნელებას მე -X-ე სახლში, ასევე ხშირად თან ახლავს საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებული სიახლეები, ვიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, ვცვლით თუ არა „ლოკაციას“, როგორ განვაგებთ მემკვიდრეობას და უძრავ ქონებას, ზოგიერთ თქვენგანს მოუტანს ქორწინებას, შვილის დაბადებას, ან განვითარდება მნიშვნელოვანი მოვლენები თქვენი მშობლების ცხოვრებაში და რა თქმა უნდა, ეს დაბნელება ძალიან აქტუალური იქნება იმ ტყუპებისათვის, ვისაც აქვს საკუთარი საქმე, შესაძლოა მოიტანოს იურიდიული ან ბიუროკრატიული ცვლილებები, რის გამოც მოგიწიოთ საბუთების ან ბიზნესის მართვის სტილის შეცვლა, იმისათვის, რომ მოერგოთ არსებულ ტენდენციებს და ვინაიდან მე- X-ე სახლი არის თქვენი სტატუსის, გავლენებისა და ავტორიტეტის მაჩვენებელი და ეხება თევზების ზოდიაქოს ნიშანს, ეს უკვე თავისთავად აჩვენებს, რომ თქვენი მიზნებისა და მიღწევების გზა ყოველთვის არ არის ნათელი და სასურველი, შედეგების მიღწევა ხდება განსხვავებული გზებითა და მეთოდებით, ანუ გარემოებებისა და გაჩენილი შანსების დახმარებით და არა დასახული გეგმებით. საბოლოო ჯამში ეს დაბნელება თითოეულ თქვენგანს მისცემს იმას, რითაც შეძლებთ, რომ იამაყოთ. ზოგიერთი ტყუპი შეძლებს გათავისუფლდეს გარკვეული ვალდებულებებისგან, არასასურველი კავშირებისგან, რომელიც გამძიმებთ და ვინაიდან ეს დაბნელება მაინც ქმნის დაძაბულ ასპექტს თქვენს ნიშანთან, მოქმედების და პროცესების იმპულსად იმუშავებს გარე ფაქტორები, რომელიც გიბიძგებთ აქტიურობისკენ, რაც საბოლოო ჯამში თქვენს საქმეს მოუტანს გამართლებას.

კირჩხიბი:

კირჩხიბებისთვის, ეს დაბნელება ხდება მე -IX-ე ასტროველში და ააქტიურებს ახალი გზებისა და საკუთარი თავის ახალი იმიჯის ძიების პროგრამას. დაბნელება ამ სექტორში ახდენს ძლიერ გავლენას ჩვენს მსოფლმხედველობაზე, რაც თავად ზემოქმედებს ჩვენს უნარებზე და სამყაროს ხედვაზე.

მოვლენების დონეზე, ეს დაბნელება შესაძლოა აისახოს პირდაპირი მნიშვნელობით, როგორც ახალი გზების, სამსახურისა და შესაძლებლობების მომტანად, რომელიც დაკავშირებული იქნება მოგზაურობასთან ან სხვა ქვეყანაში გადასვლასთან. შეძლებთ მოაგვაროთ უცხოეთთან ან უცხოელებთან დაკავშირებული საკითხები, მაგალითად: თუ გაქვთ უძრავი ქონება სხვა ქალაქში ან სხვა ქვეყანაში, შეძლებთ დისტანციურად მოაგვაროთ არსებული პრობლემები. გადატანითი მნიშვნელობით ახალი გზების გახსნა უკავშირდება, ახალი ინფორმაციებისა და განათლების მიღებას, ამიტომ, ზოგიერთისთვის ეს ჩაითვლება სწავლის დაწყების ან მისი აქტიურად გაგრძელების პერიოდად. თუ თქვენ ხართ პედაგოგიური საქმიანობით დაკავებული, ამ პერიოდში გაიზრდება თქვენი მოსწავლეების რაოდენობა ან იპოვით სწავლების ახალ, ეფექტურ მეთოდს.

დაბნელება მე -IX-ე სახლში ხშირად იძლევა ისეთ პროცესებს, რომელიც დაკავშირებულია უცხოეთთან, მაგალითად: უცხო ენის შესწავლა, ბიზნესის დაწყება უცხოელ პარტნიორებთან ან კავშირი უცხოურ ორგანიზაციებთან, ეს შესაძლებელია აგრეთვე იყოს ვაჭრობა და თანამშრომლობა საერთაშორისო სავაჭრო ფონდებთან. ყველა ის გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებთ ამ პერიოდში, ხანგრძლივი პერიოდით მოახდენს გავლენას თქვენს ცხოვრებაზე, ამიტომ, არ არის აუცილებელი ეს დაბნელება გამოვლინდეს კონკრეტულ თემებში, ამ ეტაპზე შესაძლოა იყოს ჯერ მხოლოდ თქვენი გადაწყვეტილება ან იდეა, რომელსაც განავითარებთ დროთა განმავლობაში. ასევე მე -IX-ე სახლი გულისხმობს იურისპრუდენციას, ამიტომ, ასეთ დროს, ზოგიერთი თქვენგანი დაკავდება იურიდიული და ბიუროკრატიული საკითხების მოგვარებით, გააფორმებთ საბუთებს, დადებთ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, ისარგებლებთ ნოტარიუსის ან ადვოკატის მომსახურებით, ხოლო მათთვის, ვისაც ჰყავს ზრდასრული შვილები ან შვილიშვილები, მოსალოდნელია მათ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული პოზიტიური სიახლეების გაგება. ამ პერიოდში, შეძლებთ გაიცნოთ ბევრი განსხვავებული ხედვის მქონე ადამიანი ან უცხოელი, რომელთან კომუნიკაციაც ბევრ სასარგებლო ინფორმაციას მოგიტანთ, რაც დადებითად აისახება თქვენს საქმიანობაზე და გადაწყვეტილებებზე.

ლომი:

ლომებისთვის ეს დაბნელება ხდება მე -VIII-ე ასტროველში, რაც იქნება ძალიან საგრძნობი და მნიშვნელოვანი თქვენთვის. მე -VIII-ე სახლი გულისხმობს ფინანსურ შესაძლებლობებს და ასევე ღრმა ფსიქოლოგიურ ტრანსფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია წყენებთან, განსაკუთრებით დედასთან ურთიერთობაში. ~

დაბნელების პერიოდი, პირველ რიგში შეეხება თქვენს ფინანსებს, მაგალითად: შესაძლებელია დაფაროთ არსებული ვალი, შეგეცვალოთ არსებული იჯარის თანხა ან თქვენი პასიური შემოსავლის ჯამი, მოგვარდება ისეთი საკითხები რაც დაკავშირებულია კრედიტებთან, ან ისეთი უძრავი ქონების საკითხებთან, რომელიც მხოლოდ თქვენ არ გეკუთვნით, აგრეთვე მოგვარდება ისეთი საკითხები, რაც უკავშირდება ალიმენტებს, სოციალურ დახმარებებს, საბუთების გაფორმებას ან ცნობების აღებას.

საერთო ჯამში, ეს პერიოდი შეცვლის თქვენი ბიუჯეტის სტრუქტურასა და თქვენი მეორე ნახევრის შემოსავლებს, რაც ერთობლივ გეგმებზე იქონიებს გავლენას, ასევე მოსალოდნელია საერთო ფინანსური ინტერესების გაჩენა მშობლებთანაც. თუ თქვენი სამსახური და საქმიანობა უკავშირდება სხვისი ფინანსებისა და რესურსების მართვას, მაგალითად: თუ მუშაობთ ბანკში, ხართ ინვესტორი ან თანამშრომლობთ ინვესტორებთან, ხართ მმართველი ან მუშაობთ მომარაგებაში, მაშინ ელოდეთ სტრუქტურულ ან ფინანსურ ცვლილებებს. ამ პერიოდში, აგრეთვე შეძლებთ სხვაგვარად განაგოთ თქვენი დანაზოგი, მოაგვაროთ თქვენს ფინანსურ ვალდებულებებთან დაკავშირებული საკითხები, მაგალითად: გადასახადები, ალიმენტები ან ჯარიმები და ა.შ. შესაძლოა შეიცვალოს თქვენი შემოსავლის მიღების წყარო, მაგალითად: წამოხვიდეთ სამსახურიდან და დაიწყოთ პარტნიორთან ერთად ერთობლივი ბიზნესი, ან პირიქით დიდი ხნის უმუშევრობის შემდეგ გახვიდეთ სამსახურში, ხოლო იმ ლომებისთვის, ვისთვისაც აქტუალურია უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები, შეძლებენ გააფორმონ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება. ანუ, ამ პერიოდში გადაიჭრება მნიშვნელოვანი და გლობალური ფინანსური საკითხები. ასევე დაბნელება მე -VIII-ე სახლში გააძლიერებს თქვენს ინტუიციას და მოიმატებს წინათგრძნობა, თუმცა ეცადეთ არ აგერიოთ ემოციურობაში, რაც შეგიყვანთ შეცდომაში.

ქალწული:

ქალწულებისათვის ეს დაბნელება ხდება მე -VII-ე ასტროველში, რომელიც გულისხმობს პარტნიორულ ურთიერთობებსა და შესაბამისად გავლენას იქონიებს პირად, საქმიან და მეგობრული ურთიერთობების ხასიათზე. მოსალოდნელია შეიცვალოს თქვენი კომუნიკაციების წრე, მაგალითად: შესაძლებელია გამოჩნდნენ ახალი საქმიანი კლიენტები ან თანამშრომლები, მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს თქვენი ახლო მეგობრების ცხოვრებაში ან შეხვდეთ დიდი ხნის უნახავ მეგობარს.

აგრეთვე ეს დაბნელება იმოქმედებს პირად ცხოვრებაზეც, ზოგიერთისთვის ეს არის ახალი ნაცნობობის პერიოდი, ზოგიერთ ქალწულს მოუწევს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება პირადში ან მოხდება საკვანძო ცვლილებები თქვენი პარტნიორის საქმეებში.

ეს დაბნელება ასევე აისახება თქვენს საქმიანობაზე, შესაძლებელია დაასრულოთ საქმიანი ურთიერთობა და დამოუკიდებლად განაგრძოთ მუშაობა, ან პირიქით, თუ აქამდე მარტო აკეთებდით საქმეს, ახლა გაერთიანდეთ სხვა ადამიანებთან და ერთობლივად შეუდგეთ საქმიანობას. თუ თქვენ იმყოფებით ისეთ ურთიერთობაში, სადაც ყველაფერი გარკვეული არ არის და გაქვთ განსხვავებული ხედვა, ამ დაბნელების პერიოდში მოგინდებათ ნათელი მოჰფინოთ თქვენს მომავალს, გახსნილად ესაუბროთ თქვენს პარტნიორს ერთობლივ გეგმებზე, იმისათვის, რომ არ შეიქმნათ ისეთი ილუზიები და მოლოდინები, რასაც რეალობასთან არ ექნება კავშირი, ხოლო ისინი, ვინც უკვე დიდი ხანია იმყოფებიან ურთიერთობაში და ფაქტობრივად ყველაფერი კარგად არის, არ გაქვთ მნიშვნელოვანი პრობლემები ან დაპირისპირებები, მაშინ ამ პერიოდში შეძლებთ, როგორც წყვილმა სხვაგვარად გაინაწილოთ ვალდებულებები, როგორც პრაქტიკულ დონეზე ანუ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე სხვაგვარად დაინახოთ საკუთარი როლი ამ ურთიერთობებში და არ იყოთ ყოველთვის ყველაფრის ინიციატორი, არამედ მიახვედროთ თქვენი მეორე ნახევარი აიღოს ინიციატივა და თავად იზრუნოს თქვენი თანაცხოვრების პრაქტიკულ მხარეზე.

ამ დაბნელებას შეიძლება ითქვას ამოაქვს შლამი ფსკერიდან და რაღაც დროს შესაძლოა გაგიჩნდეთ განცდა, რომ ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში თქვენს გვერდით იდგა, ბოლომდე ვერ შეიცანით, არ იცოდით რა ხდებოდა მის გულსა და გონებაში, ანუ ამ დაბნელების პერიოდში ადამიანებს შორის შესაძლებელია განვითარდეს ისეთი მოვლენები და შედგეს ისეთი საუბრები, რომელიც გვაჩვენებს, რომ რეალურად არ იცნობთ ერთმანეთს და ერთად გატარებული წლების მიუხედავად, მაინც ძალიან შორს ხართ ერთმანეთისაგან. თევზების ნიშანი, რომელიც თქვენთვის მე -VII-ე სახლის ანუ პარტნიორული ურთიერთობების სექტორის მმართველია, არის საიდუმლოების სახლი, ამიტომ, ამ დაბნელების პერიოდში მოგინდებათ გამართოთ გულითადი საუბარი, თქვენს პარტნიორთან, ან მეგობართან და გაანდობთ ისეთ ინფორმაციას, რაც ჯერ არავისთვის არ მოგიყოლიათ.

აგრეთვე ამ პერიოდში გაგიჩნდებათ სურვილი დაუსვათ წერტილი წარსულ ისტორიებს, მაგალითად: თუ თქვენი ურთიერთობა ადამიანთან ფაქტობრივად დიდი ხნის უკან იყო დამთავრებული, მაგრამ თქვენ გქონდათ განცდა, რომ ჯერ კიდევ შეგეძლოთ აღგედგინათ ეს ურთიერთობა, ანუ არ უშვებდით ამ ადამიანს ბოლომდე თქვენი ცხოვრებიდან, ახლა მოვიდა დრო დაუსვათ წერტილი და დაემშვიდობოთ მას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ ამ დაბნელების პერიოდში შესაძლებელია არასათანადოდ შეაფასოთ საკუთარი თავი და მეტი მნიშვნელობა მიანიჭოთ უცხო ადამიანს თქვენს ცხოვრებაში, ვიდრე ის ამას იმსახურებს და ეს აუცილებელია გააკონტროლოთ, ანუ თუ თქვენ გაგიჩნდებათ განცდა, რომ ვიღაცის გარეშე ვერ გაუმკლავდებით რაღაც სიტუაციას, ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი, იცოდეთ, რომ ცდებით და თქვენი ცხოვრების მთავარი პერსონა, ხართ თქვენ და სულიერი თუ გონებრივი პროგრესი და ევოლუციაა.

სასწორი:

სასწორებისთვის ეს დაბნელება ხდება მე -VI-ე ასტროველში და ძალიან დადებით გავლენას ახდენს თქვენს ნიშანზე, ვინაიდან ეს არის სამსახურებრივი აქტივობის, პროფესიული თუ სხვა სახის ვალდებულებების სახლია და ეს დაბნელება დაგეხმარებათ დაასრულოთ ისეთი საკითხები ან პრობლემები, რაც აქამდე იყო აქტუალური, ანუ ზოგიერთი სასწორი შეძლებს მოაგვაროს საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებული საკითხები, მაგალითად: დაასრულოთ სარემონტო სამუშაოები, შეიძინოთ ავეჯი, აგრეთვე შესაძლებელია გათამაშდეს სამუშაო სფეროში და შეძლებთ დაასრულოთ მუშაობა პროექტზე ან მოაგვაროთ ამ სფეროსთან დაკავშირებული რთული ამოცანები, ხოლო მათთვის, ვისთვისაც აქტუალურია ჯანმრთელობა, დაასრულებთ მკურნალობას, საჭიროა ყურადღება მიაქციოთ დასვენებასა და ძილს, რადგან შესაძლებელია დაბნელებამ გამოიწვიოს მისი დარღვევაც. აგრეთვე გელოდებათ გარკვეული სამსახურებრივი ცვლილებები, გრაფიკის, კოლექტივის, ან იმ კლიენტების ცვლილება, ვისთანაც გაქვთ საქმიანი ურთიერთობა. თუ თქვენ გაქვთ საკუთარი ბიზნესი, ამ დაბნელებას შეუძლია მოიტანოს სტრუქტურული ცვლილებები, მაგალითად: შემოიტანოთ ახალი პროდუქცია ან მომხმარებელს შესთავაზოთ მომსახურების ახალი სტილი, დაასაქმოთ ახალი სახეები, ან შეცვალოთ დამხმარე, ძიძა, მძღოლი და ა.შ. ოჯახში. ხოლო თუ თქვენ არ ხართ დასაქმებული, გაგიჩნდებათ სურვილი გათავისუფლდეთ რუტინისაგან, შემოიტანოთ ინოვაცია თქვენს ცხოვრებაში და დღის განრიგში.

მორიელი:

მორიელებისთვის ეს დაბნელება ხდება მე -V-ე ასტროველში და აკეთებს დადებით ასპექტს თქვენს ნიშანთან. ეს სექტორი პასუხობს თქვენს შემოქმედებით პროექტებს, აღმაფრენას, სიყვარულს, ემოციებს, გრძნობებს, ბავშვებს, მისწრაფებებს, ჰობს , გართობას და ამიტომ დაბნელება შეეხება ყველა ამ ზემოთ ჩამოთვლილ სფეროებს. ზოგიერთი მორიელი გახდება მშობელი, ან თქვენი შვილისთვის დადგება მნიშვნელოვანი, ცხოვრებისეული ეტაპი და მოუწევს საგანმანათლებლო, სამსახურებრივი ან პირადი ცხოვრების კუთხით გარკვევა და გადაწყვეტილებების მიღება, აგრეთვე შესაძლებელია, თქვენი შემოქმედებითი ნიჭიდან გამომდინარე, გაგიჩნდეთ სურვილი შექმნათ რაღაც საკუთარი, რაც შეიძლება სულაც არ იყოს დაკავშირებული შემოქმედებასთან, არამედ მაგალითად: სახლის ინტერიერთან, დიზაინთან ან სამსახურთან და მესამე მიმართულება, რაზედაც ეს პერიოდი მოახდენს გავლენას, ეხება პირად ცხოვრებას, ემოციებსა და გრძნობებს. თუ თქვენ იმყოფებით პარტნიორის ძიებაში, გელოდებათ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, გაიცნობთ ადამიანს , რომელიც ძალიან დიდ კვალს დატოვებს თქვენს გულში და ერთად შეძლებთ შექმნათ მყარი და გრძელვადიანი ურთიერთობა, ხოლო იმ მორიელებს, ვისაც უკვე ჰყავთ ნაპოვნი თავიანთი მეორე ნახევარი, მოსალოდნელია მნიშვნელოვანი მოვლენების განვითარება მის საქმიანობაში. ასეთ დროს, მეტად მოგინდებათ რომანტიკული ურთიერთობების, ღრმა ემოციების, გრძნობების არსებობა თქვენს ცხოვრებაში და ფრენა.

მშვილდოსანი:

მშვილდოსნებისთვის, ეს დაბნელება ხდება მე -IV-ე ასტროველში და ეს არის ჩვენი სახლის, ოჯახის, საცხოვრებელი ადგილის, მშობლებისა და ბავშვობის მოგონებების სექტორი. ის ააქტიურებს თქვენთვის მზის ქვეშ, თბილი საცხოვრებელი ადგილის ძიების ან შიდა ოჯახური ურთიერთობების ცვლილების პროგრამას.

ამ პერიოდს შეუძლია მოიტანოს მნიშვნელოვანი ცვლილებები ოჯახში, როგორც წესი, დაბნელება გულისხმობს მოულოდნელი და უჩვეულო სიტუაციების განვითარებას, საერთო ჯამში, ყველა მოვლენა პროგნოზირებადია, უბრალოდ ის ახდენს ენერგიის დიდ კონცენტრაციას ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანებზე და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ეს უკავშირდება თქვენს ნათესავებს, ურთიერთობებს. მოსალოდნელია ოჯახის წევრთა მატება, მაგალითად: ქორწინება, შობადობა ან დიდი ხნის უნახავ შვილთან შეხვედრა, ასევე შეძლებთ დაეხმაროთ თქვენს ნათესავს პრობლემების მოგვარებაში და რა თქმა უნდა დაბნელება აუცილებლად იმოქმედებს იმ პროცესებზე, რომელიც დაკავშირებულია თქვენს საცხოვრებელ ადგილთან, რაც შეიძლება იყოს: სარემონტო სამუშაოების დასრულება, სხვაგან გადასვლა, უცხო ქვეყანაში ცხოვრების უფლების მიღება ან სახლისათვის შენაძენის გაკეთება.

ზოგიერთი მშვილდოსანი შეძლებს, სახლიდან გაუსვლელად დასაქმებას, ან შეიძენს საოფისე ფართს, ასევე შეძლებთ დასაქმდეთ უძრავი ქონების სფეროში, გახსნათ კომპანია სარემონტო სამუშაოებისათვის, თევზების ნიშანი, სადაც დგას თქვენი მე -IV-ე სახლი, არის დასასრულის, დაშორების სიმბოლო და ასეთ დროს, შესაძლებელია ბევრი იფიქროთ, სად გადახვიდეთ საცხოვრებლად, მოგინდებათ განმარტოება, მშვიდ ადგილას საკუთარი სახლის შეძენა ან დასვენება. ასევე მე -IV-ე სახლი ჩვენი ბავშვობის სიმბოლოა და ამ პერიოდში, თავს შეგახსენებთ მოგონებები წარსულიდან, მეგობრები, ადამიანები თქვენი ბავშვობიდან, იმ დროინდელი ცხოვრება, მოვლენები, რომელიც შეიძლება ყოველთვის არ იყოს პოზიტიური და ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია არ მოხდეს კონცენტრირება ამ უარყოფით მოგონებებზე, რაც იყო თქვენს ცხოვრებაში, უნდა მომხდარიყო, გახსოვდეთ, რომ თქვენმა სულმა თავად აირჩია მშობლები და დაბადების ადგილი, ამიტომ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაგრჩათ არასასიამოვნო ემოციები თქვენი ბავშვობიდან, უბრალოდ გაუშვით ისინი თქვენგან მადლიერების გრძნობით.

თხის რქა:

თხის რქებისთვის, ეს დაბნელება ხდება მე -III - ე ასტროველში, რომელიც არის გაზრდის, თანამედროვე ტექნიკური შესაძლებლობებისა და მათი დახმარებით, თვითრეალიზაციისა და სამყაროსთან ურთიერთობის სიმბოლო. ეს მთვარის დაბნელება ქმნის დადებით ასპექტს თქვენს ნიშანთან და შეუძლია პოზიტიური ზემოქმედება იქონიოს შემდეგ მიმართულებებზე. პირველი: განათლების საკითხები, დაბნელება ამ სექტორში ხშირად გულისხმობს სწავლის დამთავრებას, რომელიც არ არის აუცილებელი იყოს კლასიკურ ფორმატში, არამედ გულისხმობს ინფორმაციის მიღებას, რის შემდეგაც, თქვენთვის გასაგები იქნება ის თემა, რაც გაინტერესებდათ.

მე -III - ე სახლი, აგრეთვე არის კომერციის სექტორი, ამიტომ, ასეთ დროს, შეძლებთ დაასრულოთ საქმიანი გარიგება ან შეიძინოთ ისეთი ნივთი, რომლის შეძენასაც დიდი ხანი გეგმავდით. ამ დაბნელებას შეუძლია თქვენში გააღვიძოს ინტერესი შეისწავლოთ რაიმე უჩვეულო, ახალი, ეს შესაძლოა იყოს: უცხო ენა, იაროთ ავტომობილის მართვის კურსებზე, ან შეისწავლოთ ისეთი საგანი, რაც თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის მომცემი იქნება და სამომავლოდ დაგეხმარებათ თქვენს საქმიანობაში. აგრეთვე მე -III - ე სახლი, არის კომუნიკაციებისა და სატრანსპორტო საშუალებების სიმბოლო და ეს დაბნელება მოგიტანთ შესაძლებლობას, შეცვალოთ ტექნიკა ან ავტომობილი. ეს სექტორი ასევე გულისხმობს დიალოგს, გამოსვლებს და ამ პერიოდში მიხვდებით, რომ სასურველი შედეგის მისაღწევად ყოველთვის არ არის საჭირო გულახდილი და პირდაპირი საუბარი, არამედ უკეთესი იქნება, თუ ისაუბრებთ ზოგადად, ცოტა გაურკვევლად, არა პირდაპირ, მაგალითებით, ზოგჯერ განზოგადებულ თემებზე, იმისათვის, რომ შექმნათ განწყობა და მიაღწიოთ სასურველ შედეგს. მთვარის დაბნელება ამ სახლში ასევე გვაძლევს საინფორმაციო ველის ცვლილებას, რაც ზოგიერთისთვის შესაძლოა გულისხმობდეს ახალ კომუნიკაციებსა და თემებს ფიქრისა და დისკუსიისათვის.

დაბნელების დროს, ადამიანები ცდილობენ სიღრმისეულად ჩასწვდნენ, ამ პერიოდში მიღებული ინფორმაციების შინაარსს, იმისათვის, რომ გაერკვიონ ყველა დეტალში და ნიუანსში, რასაც არ უნდა ეხებოდეს ეს ინფორმაცია. ასევე, მოსალოდნელია თქვენი საქმის სტრუქტურული ცვლილებები, გაიზრდება და განახლდება ინფორმაცია, მომსახურება, პროდუქცია, მოგიწევთ მეტი მოძრაობა, როგორც ქალაქისა და ქვეყნის მასშტაბით, ასევე შესაძლებელია საზღვრებს გარეთაც, გექნებათ ბევრი საქმიანი შეხვედრები, მოლაპარაკებები და მიმოწერები. გახსოვდეთ, როდესაც დაბნელება ხდება მე -III - ე სახლში, არაფრის ძიება არ არის საჭირო შორს, ყველაფერი, რაც თქვენ გჭირდებათ თქვენს გარშემოა.

მერწყული:

მერწყულებისათვის დაბნელება ხდება მე- II- ე სახლში, რომელიც არის ფინანსების, მატერიალური რესურსებისა და თვითშეფასების სექტორი და ის აგრძელებს თქვენი ბიუჯეტის ცვლილების პროგრამას. დაბნელება გაძლევთ შესაძლებლობას წერტილი დაუსვათ ისეთ თემებს, რომელიც გაცლიდათ ენერგიას, რაც შეიძლება გულისხმობდეს: კრედიტის ან კერძო ვალის გასტუმრებას ან ისეთი საქმის დასრულებას, რაც გართმევდათ სასიცოცხლო ძალებსა და ფინანსებს.

ზოგიერთი მერწყული წერტილს დაუსვამს ისეთ ურთიერთობას, რომელსაც მიჰქონდა დიდი ენერგია, ვიდრე მისგან იღებდით, ასევე მოსალოდნელია შემოსავლის წყაროს ცვლილება, მაგალითად: შეგიძლიათ ფასი მოუმატოთ თქვენს მომსახურებას, შეიცვალოთ სამსახური, ან ბანკი, სადაც გერიცხებათ ფინანსები, თქვენი დანაზოგებისა და ინვესტიციების შესახებ. ეს დაბნელება აკეთებს აქცენტს იმაზე, რომ აუცილებელია შეინარჩუნოთ თქვენი ფინანსური დამოუკიდებლობა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენთვის მოგებიანია გქონდეთ პარტნიორთან საერთო ქონება და მატერიალური რესურსები, მაინც აუცილებელი პირობაა შეინარჩუნოთ საკუთარი დამოუკიდებლობა, ანუ ხაზგასმით განსაზღვროთ რა არის თქვენი კონკრეტულად და რა არის საერთო. ეს დაბნელება აგრეთვე გაყენებთ ამოცანის წინაშე, მოიყვანოთ საკუთარი თავი უფრო რესურსულ მდგომარეობაში, და მოხვიდეთ თქვენს მიზნებთან შესაბამისობაში. შეივსოთ ენერგია, დაკავდეთ საკუთარი ჯანმრთელობით, გარეგნობით, აიმაღლოთ იმუნური სისტემა, იმისათვის, რომ იყოთ მეტად აქტიური, რადგან ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანი ვალუტაა მიწიერ სამყაროში, ამიტომ, ასეთ დროს, მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს და შინაგან მდგომარეობას, შეივსეთ თქვენი ენერგეტიკული ბალანსი და იზრუნეთ საკუთარ სხეულზე. ამ დაბნელების პერიოდში, ძალიან მკაფიოდ დაინახავთ, როგორ სიტუაციებში, ურთიერთობებში და პროცესებში არ ხდება თქვენი როლის და მნიშვნელობის სათანადო დაფასება, რისი გამოსწორების სურვილიც გაგიჩნდებათ.

საერთო ჯამში, დაბნელება მე- II- ე სახლში, ძალიან ხშირად გულისხმობს ისეთი სიტუაციების დასრულებას ან გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც გულისხმობს ფინანსებს, მატერიალურ რესურსებს ან ქონებას.

თევზები

თევზებისათვის ეს დაბნელება ხდება პირველ ასტროველში და რა თქმა უნდა თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხდება თქვენს პირად ნიშანში და სახლში, რომელიც არის „მე“-ს, პიროვნებისა და იმ როლის სიმბოლო, რომელშიც ახლა იმყოფებით. ეს დაბნელება არის დამასრულებელი, კულმინაციური და ამიტომ, ამ პერიოდში, მოსალოდნელია მნიშვნელოვანი პროცესებისა და ამ მომენტისათვის თქვენთვის ყველაზე აქტუალური თემების დასრულება, ზოგიერთისთვის შესაძლებელია ეს იყოს ურთიერთობები, სამსახურებრივი საკითხები, ან საკუთარი თავის თვითპრეზენტაცია, შეძლებთ გამოხვიდეთ გარკვეული როლიდან, ვინაიდან მიხვდებით, რომ მთავარი ამოცანა შესრულებულია და გაგიჩნდებათ უდიდესი სურვილი და შესაძლებლობა შეიქმნათ სრულიად ახალი იმიჯი, როდესაც ახლო ადამიანებიც კი თავიდან გაგიცნობენ.

ეს დაბნელება თქვენს წინაშე აყენებს გლობალურ ამოცანას დაუბრუნდეთ საკუთარ თავს და აღარ მოირგოთ ყველა ის ნიღაბი, რომელიც შესაძლოა აქტუალურია და „ტრენდულია“ დღევანდელ დღეს, თუმცა, თქვენი არ არის და არ ერგება თქვენს პიროვნებას, გართმევთ ენერგიას და არ აქვს სამომავლო პერსპექტივა, ვინაიდან ეს საკმაოდ რთული ამოცანაა, რადგან ადამიანებს უმეტესად უწევთ მოერგონ სიტუაციებსა და არსებულ ტენდენციებს, რომ ხშირად ავიწყდებათ ვინ არიან რეალურად და ამ დაბნელებას შეუძლია გააჩინოს შინაგანი ტანჯვის განცდა და შფოთი, როდესაც გგონიათ, რომ საჭიროა სასწრაფოდ რაიმეს გაკეთება, შეცვლა, რაღაცის დასრულება, რაზედაც არ ღირს ყურადღების კონცენტრირება, ვინაიდან რაც მოსახდენია, ის მოხდება, უბრალოდ დაბნელებას (+/-) რამდენიმე დღე, შეუძლია გაგიჩინოთ ამაოების განცდა, რომ ყველაფერი, აქამდე რაც გაგიკეთებიათ, იყო ფუჭი ენერგიის ხარჯვა, თუმცა, რა თქმა უნდა ეს ასე არ არის. ამ დაბნელების პერიოდში გაჩნდება ძალიან მკაფიო აღქმა იმისა, რომ ცხოვრება მიიღებს ახალ ფორმას და თქვენ გადახვედით ახალ რეალობაში, სამყაროში, სადაც ყველაფერი შეგიძლიათ მოაწყოთ ისე, როგორც თავად გსურთ, რაც შეეხება საცხოვრებელი ბინის შეცვლას, სადაც ჯერ მხოლოდ კედლებია და შეგიძლიათ მოაწყოთ ყველაფერი თქვენი გემოვნებით, მთავარია იცოდეთ რა გსურთ.

ზოგიერთი თევზისთვის ეს დაბნელება გათამაშდება პირად ან ზოგად ურთიერთობებზე და თქვენ მიხვდებით, რომ ძალიან ბევრ ძალისხმევასა და ენერგიას ხარჯავთ, არა თქვენს ინტერესებზე, არამედ თქვენი პარტნიორის საქმეებზე და პრობლემებზე და თქვენ მოგინდებათ ამ სიტუაციის შეცვლა და საკუთარ თავზე, საქმეებსა და გეგმებზე აქცენტების გაკეთება. თქვენ შეძლებთ მტკიცედ დაიცვათ საკუთარი საზღვრები და ხშირად უთხრათ უარი ადამიანებს. ამ პერიოდში მოგინდებათ შეიცვალოთ გარეგნობა და ახალი იმიჯით წარდგეთ საზოგადოების წინაშე“, - წერს ნინა ხომერიკი.

ასევე დაგაინტერესებთ: 

„სამყარო თითქოს თავდაყირა დგება, გონება იბინდება, იმატებს აგრესია, ჩნდება შეზღუდვები“ - რისი გაკეთება არ შეიძლება 6-7 სექტემბერს?

🎥 „სანი...“ - როგორ დროს ატარებს თიკა ფაცაცია უმცროს შვილთან ერთად

„ავადმყოფები ხართ, მანიაკები, უჯიშოები და უსულოები... ღმერთო, გთხოვ, ყველა ონკოპაციენტი გამოაჯანმრთელე!“ - რას წერს ნინი ქარსელაძე