Ambebi.ge-სა და „პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის „სახალხო ინტერვიუს“ მორიგი სტუმარი მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი ზურაბ ავსაჯანიშვილი იყო, რომელმაც ფილმში „ბრძოლა - ბერი გაბრიელი“ (მამა გაბრიელი) მთავარი როლი ითამაშა.
ამჯერად გადაცემაში საზოგადოების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა:
მოქალაქე კახი:
ოდესმე თუ გიფიქრიათ სასულიერო პირის როლი გეთამაშათ?
ზურაბ ავსაჯანიშვილი: როცა „თეატრალურში“ ჩავაბარე და მერე უკვე თეატრში დავიწყე მუშაობა არ მიფიქრია რას და როგორ ვიტამებდი იმიტომ, რომ ყველაფერი თავისით მოდის - რისი ღირსიც ხარ ან რისი დროც არის. არის ასეთი პიესა „წმინდა ანტონიოს ცდუნება“, იქ ანტონიო ვიყავი.
კი, სასულიერო პირი მითამაშია. მართლაც ბევრი როლი მაქვს თეატრში ნათამაშები. დიდი ფილმი და მთავარი როლი ჩემთან ცოტა გვიან მოვიდა. კინოში მანამდე მხოლოდ ეპიზოდურ როლებს ვთამაშობდი. მოკლედ, ჩემს ცხოვრებაში მოვიდა ეს პირველი დიდი როლი - მამა გაბრიელი. თუ სასულიერო პირი უნდა მეთამაშა, ალბათ მამა გაბრიელი უნდა ყოფილიყო ის.
მოქალაქე ანა:
როდესაც მამა გაბრიელის როლი შემოგთავაზათ რეჟისორმა გიორგი კაჭარავამ, როგორ შეხვდით ამას? გაგიკვირდათ? მაშინვე დათანხმდით?
ზურაბ ავსაჯანიშვილი: კასტინგზე ჩემი მეგობრის (ახლა უკვე ჩემი ოჯახის წევრის), ვახო ნოზაძის თქმით (საერთოდ კასტინგებზე არ დავდივარ მიზეზების გამო) მივედი. მოკლედ გავბედე და წავედი. ვიცოდი, რა როლიც იყო, დიდი სურვილიც მქონდა და მომზადებული მივედი. ყველაფერი ისე გავიარე (რამდენიმე ეტაპად), როგორც საჭირო იყო. როცა მითხრეს: „კი ბატონო, შენია ეს როლი“, - იქიდან რომ გამოვედი, გამოსვლისთანავე ჩემში რაღაც სხვა ძვრები და შეგრძნებები დაიწყო. როდესაც ამხელა მამის როლს გთავაზობენ, არ არის ადვილი. მამა გაბრიელი მთელ მართლმადიდებელ სამყაროში დიდი და საყვარელი მამაა! მოკლედ, მერე იმის გათავისება, გააზრება, რომ მისი როლი უნდა ითამაშო, რთული იყო. მაგრამ უფლის დახმარებით და მამა გაბრიელის შეწევნით, მგონი, რაღაც მოვახერხე. ფილმს მაყურებელიც ნახავს და შეაფასებს, ჩვენი პროფესია ხომ მაინც მაყურებელზეა დამოკიდებული, ისინი აფასებენ ჩვენს შრომას.
მოქალაქე ლაშა:
ფილმი - „ბრძოლა - ბერი გაბრიელი“ კინოთეატრებში უკვე გამოვიდა. სანამ ვნახავ, იქნებ მითხრათ, ბერი გაბრიელის ცხოვრების რა მონაკვეთს ასახავს ფილმი?
ზურაბ ავსაჯანიშვილი: ბევრი შეკითხვა არის ხოლმე იმასთან დაკავშირებით, ნაჩვენებია თუ არა ამ ბერი გაბრიელის სასწაულები და მისი ცხოვრება. კი ბატონო, ამასაც ნახავთ ფილმში, მაგრამ ფილმი იწყება 1965 წლიდან, როდესაც მამა გაბრიელმა აღლუმზე ლენინის პორტრეტი დაწვა. იქიდან დაიწყო მისი ტანჯული გზა. წარმოიდგინეთ, ეს ის პერიოდია, როდესაც მთელი სისტემა არარელიგიურია, ათეისტები ყველაფერს კრძალავენ. წარმოიდგინეთ, იმ პერიოდში 36 წლის ახალგაზრდა კაცმა (მაშინ ამდენი წლის იყო მამა გაბრიელი) გაბედა და ამ სისტემას თავისი რწმენისა და შეგრძნებების გამო დაუპირისპირდა. ამის გაბედვაც არ იყო ადვილი. მოკლედ, ფილმი გვიჩვენებს მან შემდგომი გზა როგორი ტანჯვით, წვალებითა და ბრძოლით გაიარა.
მოქალაქე ლადო:
როგორ დაიწყეთ როლზე მუშაობა? გრძნობდით წმინდანის მხარდაჭერას?
ზურაბ ავსაჯანიშვილი: რასაკვირველია... პირველი შიშია, როდესაც ასეთ როლს გაძლევენ: ფიქრობ, შევძლებ თუ არა, მოვახერხებ თუ არა? როდესაც მსახიობები რაღაცაზე ვმუშაობთ, ჩვენი სისტემა გვაქვს - როგორ ავაგოთ ესა თუ ის გმირი, როგორ გავუგოთ მისი ბუნება. მაგრამ მამა გაბრიელი არ არის ჩვეულებრივი ადამიანი. რა უნდა შემატო მას, როდესაც ყველაფერი აქვს?!
ვიფიქრე, რომ მარტივად გავაკეთებდი და შევქმნიდი გმირს, ადამიანს, რომელიც ნამდვილი გმირი იყო. გმირი, რომელმაც ამხელა რაღაც დაიწყო, რომელმაც თავში იპოვა დიდი რწმენა, დიდი სიყვარული და ამ სიყვარულითა და ვაჟკაცობით ყველაფერი ბოლომდე მიიტანა. მინდა, რომ ამით ახალგაზრდა თაობამაც, ვინც ამ ფილმს ნახავს, იპოვოს თავისი გმირი. ბავშვები ხომ ეძებენ გმირებს? ჩვენც გვყავს წმინდანი - ბერი არავისზე ნაკლები კი არა, უდიდესი გმირი, რომელმაც ბევრი მაგალითი მოგვცა რწმენის, სიყვარულისა და იმის, რომ ყველაფერი შესაძლებელია.
უცნობი:
როგორი იყო რეჟისორთან თანამშრომლობა ამ როლზე მუშაობისას? რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მითითება, რომელიც მისგან მიიღეთ და რამაც პერსონაჟის პოვნა გაგიმარტივათ?
დღეს ვსაუბრობდით მე და რეჟისორი, ბატონი გია კაჭარავა (მოკლედ, ამ ძიების პროცესში რეჟისორს თავისი ხედვა აქვს, მან 12 წელი მოანდომა ამ სცენარის დაწერას და ფილმის გადაღებას, რადგან ძალიან ბევრი იბრძოლა და ენერგია დახარჯა). მომიყვა ერთ-ერთი ისტორია თავისი ცხოვრებიდან, რაც მისთვის გარდამტეხი იყო და მითხრა, რომ ამით სიცოცხლე გადაარჩინა. მომიყვა შინაგან ხმაზე, რომელიც ჩაესმა და რომელმაც სადღაც გაიყვანა. მეც ამ ხმას ჩავეჭიდე! როდესაც ადამიანს რაღაც ესმის, აფრთხილებს.
აი, აქედან დაიწყო ჩემი ამბავი - გავყევი შინაგან ხმას. მერე ამ მუშაობის დროს თითქოს ეს ხმა დავაკარგინე, შემდეგ კი მე და პერსონაჟმა ერთად დავიწყეთ მისი ძიება. ბოლოს ისევ სადღაც გაჩნდა ეს ხმა და ისე ჯაჭვურად აეგო ეს ყველაფერი. ისეთი ტექნიკით გამოვიდა, რომ რასაკვირველია, ძალიან ლამაზად და ფრთხილად გავიარეთ ეს გზა. ეს იყო რეჟისორის სწორი მიმართულება. გია კაჭარავას კარგი ახსნის უნარი აქვს. როდესაც ადამიანი 12 წელი წვალობს შენს საქმეზე და შენც იმავე ბრძოლას გადიხარ, გიადვილდება ნაბიჯების გადადგმა.

მოქალაქე ნატალია:
ამ ფილმამდე როგორი იყო თქვენი ეკლესიასთან დამოკიდებულება?
ზურაბ ავსაჯანიშვილი: ფილმზე მუშაობამ მთლიანად შეცვალა ჩემი შეხედულება - უფრო მეტად დავუახლოვდი ეკლესიას, ვცდილობ, რწმენაში უფრო მეტად შევიდე და გავეცნო ჩემს ღმერთსა და უფალს. ამ ფილმმა ცხოვრების ხედვა შემიცვალა და რწმენა უფრო მეტად გამიღვივა. როდესაც ეს როლი მივიღე, სახლში ვფიქრობდი, რა და როგორ გამეკეთებინა. მეუღლემ მითხრა: ჩვენთან, ვაკეში არის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესია, სადაც არის მოძღვარი - შალვა კეკელიაა და ჩადი, მას ესაუბრეო. ჩავედი, ვიკითხე, მაგრამ მითხრეს, წასულია და ერთი კვირა არ იქნებაო. „ახლა სხვა მოძღვარი წირავს და მას ესაუბრეთო“.
მეჩქარებოდა, იმ საღამოს ფოთში მივდიოდით გადაღებაზე, მაგრამ თავი დავხარე და დაველოდე... რაღაც პერიოდის შემდეგ ჩვენთან ვიღაც მოვიდა, მისი ფეხსაცმელები გამოჩნდა, რასაც თვალი ავაყოლე და დავინახე ჩემ წინ მამაო იდგა. მის ოლარს თვალი ავაყოლე და მასზე მამა გაბრიელი იყო ამოქარგული! არადა, მანამდე მინიშნება ვთხოვე: „მამა გაბრიელ, იქნებ რამე მინიშნება მომცე, ღირსი ვარ თუ არა ამ ფილმზე მუშაობის-მეთქი?“ რადგან ოლარზე ამოქარგული მამა გაბრიელი დამხვდა, ყველაფერი გასაგები იყო! ის ადამიანი ჩემი სულიერი მოძღვარი, მამა ლუკა გახდა. ძალიან კარგი ადამიანია, ჩემთვის სანთელია ღმერთთან... მოკლედ, თვალებში ვუყურებდი მამა ლუკას, მაგრამ ჩემ თვალწინ მამა გაბრიელი იდგა. ამაზე მეტი მინიშნება რა უნდა ყოფილიყო?! მივხვდი, რომ უნდა დაგვეწყო მუშაობა.
მოქალაქე ალეკო:
საბოლოოდ მამა გაბრიელის შესახებ, როლზე მუშაობის შედეგად როგორი დასკვნა გააკეთეთ? რა იყო მისი მთავარი ტკივილი?
ზურაბ ავსაჯანიშვილი: რა პერიოდში იცხოვრა მამა გაბრიელმა? - შუა კომუნიზმის დროს. მისი ტკივილი ალბათ ეს ურწმუნოება და უსიყვარულობა იყო, რაც დღემდეც არის. ის ცდილობდა, ხალხში რწმენა და სიყვარული გაეღვივებინა. უფალი სიყვარულია... დათო ტურაშვილი რეზო გაბრიაძეზე ცოტა ხნის წინ ჰყვებოდა: რეზო წერდა, ქუთაისიდან რომ წამოვედი, არაფერი გამაჩნდა სიყვარულის გარდაო. დღესაც როგორი სიტუაცია გვაქვს? ყველაფერი გვაქვს სიყვარულის გარდა. ეს სიყვარული გვაკლია. ერთმანეთის სიყვარულია ჩემთვის მთავარი ამბავი. გვიყვარდეს ერთმანეთი და ყველაფერი იდეალურად იქნება!
მოქალაქე ვახო:
მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობობას ალბათ კიდევ რაღაც სხვა სჭირდება, როცა დარბაზში მოზრდილებთან ერთად ბავშვებიც არიან... რას იტყვით?
ზურაბ ავსაჯანიშვილი: მოზარდ მაყურებელთა თეატრი ჩემთვის მეორე სახლი კი არა, პირველი სახლია! იქ გავატარე ყველაფერი. ინსტიტუტის დამთავრებისთანავე იქ დავიწყე მუშაობა და მთელი ცხოვრებაა იქ ვარ. ჩემი მეუღლეც იქ გავიტანე, შვილებიც იქ დადიოდნენ, მეგობრები და ნათესავებიც იქ მყავს. რაც შეეხება იქაურ მაყურებელსა და აუდიტორიას, ძალიან საყვარელი რამე ხდება იქ. პასუხისმგებლობაც დიდია: ბავშვს შენ ზრდი, ცდილობ, მისცე გემოვნება, განათლება. თეატრი არის ერთგვარი ხიდი დიდობასა და პატარაობას შორის, განათლებასა და ხელოვნებას შორის. ყოველი სპექტაკლის მერე შეგრძნება გაქვს, რომ ბავშვი იქიდან უფრო გაზრდილი, ცხოვრებისთვის მზად გავუშვი.
მოქალაქე მარიამი:
რაზე ოცნებობთ?
ზურაბ ავსაჯანიშვილი: ვოცნებობ, რომ სამყარო შეიცვალოს სიკეთისკენ, ხალხში უფლის სიყვარული და რწმენა გაიზარდოს. ერთმანეთი გვიყვარდეს და ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ კარგად. არავინ არავისზე მეტი არ არის. მთავარია სიყვარული, სიყვარული და კიდევ ერთხელ სიყვარული! ყველას ჯანმრთელობასა და ბედნიერებას გისურვებთ!
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 საერთო ქონების გაყოფისა და ჩუქების სირთულეები განქორწინებისას: თამარ კერძაიას რეკომენდაციები