11 აპრილის, შაბათის ასტროლოგიური სურათი მიმდინარე კვირის ერთ-ერთ ენერგეტიკულად დატვირთულ წერტილს წარმოადგენს.
ეს არის დღე, როდესაც მოვლენები რეალურ კონტურებს იძენს და ბევრი საკითხი თავის ადგილს პოულობს, თუკი მზად ვიქნებით პროცესებს ობიექტურად შევხედოთ.
ღამის საათებიდან, მთვარის მერწყულის ნიშანში გადასვლასთან ერთად, ატმოსფერო საგრძნობლად იცვლება; ემოციური ფონი ადგილს უთმობს რაციონალურ ხედვას, რაც საშუალებას გვაძლევს, სიტუაციას არა სუბიექტური განცდებიდან, არამედ უფრო ფართო, სისტემური პერსპექტივიდან დავაკვირდეთ.
განსაკუთრებულ ენერგეტიკას ქმნის დილის საათებში ჩამოყალიბებული მძლავრი კონფიგურაცია - მერწყულში მთვარისა და პლუტონის შეერთება, რომელსაც მარსის, ნეპტუნისა და სატურნის ჰარმონიული ასპექტები აძლიერებს. ეს გავლენა საღამომდე შენარჩუნდება და რამდენიმე სხვადასხვა რესურსის სინთეზს გვთავაზობს: პლუტონი პროცესებს სიღრმეს სძენს, მარსი მოქმედების იმპულსს ანიჭებს, სატურნი მათ სტრუქტურულ ჩარჩოებში აქცევს, ნეპტუნი კი საჭირო ინტუიციურ მიმართულებას მიგვანიშნებს.
სწორედ ამ კომპლექსური გავლენის გამო, დღე ხელსაყრელია სტრატეგიული გადაწყვეტილებების მისაღებად, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისა თუ იმ ნაბიჯების გადასადგმელად, რომლებიც აქამდე გარკვეულ ყოყმანს იწვევდა.
ამ ყველაფერს ემატება ოცდამეოთხე მთვარის დღის სპეციფიკა, რომლის სიმბოლო - დათვი - შინაგან მდგრადობასა და დაგროვილ პოტენციალს უკავშირდება. ამ პერიოდში ენერგიის მოზღვავება დიდია, თუმცა მისი ეფექტურობა პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სწორად მოხდება მისი მართვა; კონტროლის გარეშე ეს ძალა შეიძლება ქაოსური გახდეს, ხოლო გააზრებული მიდგომით - საფუძველი ჩაუყაროს გრძელვადიან და პოზიტიურ ცვლილებებს ჩვენს რეალობაში.
ოცდამეოთხე მთვარის დღე ხელსაყრელი, ენერგიულად მძლავრი და აქტიური პერიოდია. იგი მამაკაცურ საწყისთან ასოცირდება - ესაა დრო, როდესაც ბუნების ძალები იღვიძებს და ადამიანი შინაგან სიმტკიცესა და დადებითი მუხტის მოზღვავებას გრძნობს. შემთხვევითი არ არის, რომ დღის სიმბოლო დათვია, რომელიც სხვადასხვა კულტურაში სიმამაცის, გამძლეობისა და ახალი სიცოცხლის სიმბოლოდ მიიჩნევა. ის ასევე გვევლინება მაცნედ, რომელიც სხვადასხვა სამყაროებს აკავშირებს.
ეს დღე განსაკუთრებით ნაყოფიერია აქტიური და მიზანდასახული ადამიანებისთვის. შეგიძლიათ თამამად ჩაუყაროთ საფუძველი ახალ წამოწყებებს, განიხილოთ მიმდინარე პროექტები ან განახორციელოთ ფინანსური ტრანზაქციები. თუ ძალისხმევას არ დაიშურებთ, ნებისმიერ საქმეში წარმატებას მიაღწევთ.
მიუხედავად იმისა, რომ მთვარე კლებად, მეოთხე ფაზაშია, ეს დღე მაინც ენერგიის მოზღვავებით ხასიათდება. ეს არის „მეორე სუნთქვის“ პერიოდი, როდესაც დაგროვილი ძალა არა დასაკარგად, არამედ საფუძვლიანი და მასშტაბური საქმეების დასასრულებლად ან მყარი საძირკვლის ჩასაყრელად უნდა გამოიყენოთ. კლებადი ფაზა ხელს კი არ გიშლით, არამედ გკარნახობთ, რომ ენერგია არა ფუჭად, არამედ კონკრეტული, რეალური შედეგების მისაღწევად მიმართოთ.
პროდუქტიულ და ჰარმონიულ დღეს გისურვებთ, მეგობრებო!

ასევე დაგაინტერესებთ:
წყარო: www.facebook.com