Digest Logo

„ღმერთს არ შეუქმნიხარ იმისთვის, სხვისი მოლოდინებით გეცხოვრა, როცა საკუთარ ბუნებას ღალატობ, შინაგანად ყოველთვის სიცარიელეს გრძნობ“ - თეო ხაბულიანი

1783440677
თეო ხაბულიანი

ყოველდღე იმდენ ენერგიას ხარჯავს ადამიანი იმაზე ფიქრში, რას იტყვიან სხვები, რომ საკუთარი თავი ავიწყდება.

ცდილობს იყოს მოსაწონი, მისაღები, იდეალური, რადგან ჰგონია, რომ მისი ღირებულება სხვის შეფასებაზეა დამოკიდებული. სინამდვილეში კი ეს შიში გულიდან არ მოდის ის ეგოს ეკუთვნის.

ეგოს ყოველთვის სჭირდება დამტკიცება. ის მუდმივად ეძებს ხალხში აღიარებას, ტაშს, მოწონებას, კარგ რეპუტაციას, ამიტომაც არასოდეს არის მშვიდად.

დღეს ერთი ადამიანის აზრი აწუხებს, ხვალ მეორის. დღეს გარეგნობის კომპლექსი აქვს, ხვალ წარმატებით ედრება სხვას, ზეგ კი საკუთარ სულიერებასაც სხვისი თვალით გაზომავს.

გულს არ სჭირდება ვინმეს მოწონება, რადგან ის უკვე სისავსეშია. გული ღვთის სახლია ჩვენში. იქ არ არსებობს შიში, რომ საკმარისი არ ხარ. არ არსებობს კონკურენცია, შედარება და მუდმივი ბრძოლა საკუთარი ღირებულების დასამტკიცებლად. გულმა უკვე იცის, ვინ ხარ. მან იცის, რომ ღვთის ხატად და მსგავსად ხარ შექმნილი და შენი ღირებულება დაბადებამდეც არსებობდა და სიკვდილის შემდეგაც იარსებებს.

ხშირად საკუთარ თავს ღალატობ მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხის აზრის გეშინია. ამბობ „კი-ს“ , როცა „არა“ გინდა. იცინი, როცა გული ტირის. მალავ შენს სინაზეს, სიღრმეს, სიყვარულს, ცრემლებს, სიმართლეს. იცვამ ნიღბებს, რადგან გგონია, რომ შენი ნამდვილი სახე საკმარისი არ არის.

მაგრამ დაფიქრდი…

რამდენი გადაწყვეტილება მიგიღია არა სიყვარულით, არამედ შიშით? რამდენჯერ დაგითრგუნავს საკუთარი ხმა მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმეს არ მოეწონებოდა?

რამდენჯერ შეგიკავებია შენი ნიჭი, შენი სიტყვა, შენი სინათლე, რადგან გეშინოდა განსჯის?

სწორედ აქ იწყება შინაგანი ტანჯვა. არა იმიტომ, რომ სხვებმა რაღაც თქვეს, არამედ იმიტომ, რომ საკუთარი თავი მიატოვე.

ყველაზე დიდი თავისუფლება ის არის, როცა აღარ გჭირდება მუდმივად საკუთარი თავის დამტკიცება. როცა შეგიძლია იყო ისეთი, როგორიც ხარ. როცა აღარ თამაშობ როლებს. აღარ ცხოვრობ სხვისი მოლოდინებით. აღარ ქმნი ხელოვნურ ბედნიერებას, რომ გარედან ყველაფერი იდეალურად ჩანდეს.

წარმოიდგინე, როგორი სიმშვიდეა, როცა აღარ ფიქრობ, ვინ რას იტყვის. როცა აღარ გჭირდება ნიღბები. როცა შენი ღიმილი ნამდვილია, შენი სიტყვა გულიდან წამოსული, ხოლო შენი ცხოვრება შენი სულის გამოხატულება.

შეიძლება ყველამ ვერ გაგიგოს.

შეიძლება ყველამ ვერ დაგინახოს.

მაგრამ ეს შენი პრობლემა არ არის.

ადამიანი, რომელიც სიყვარულით ცხოვრობს, არასოდეს შეგაფასებს ტანსაცმლით, სტატუსით, ფულით, გარეგნობით, ცოდნით თუ შეცდომებით. მას არ სჭირდება ამის გაკეთება, რადგან ხედავს იმაზე ღრმად, ვიდრე ფორმებია. ის ხედავს შენში ღვთის ნაპერწკალს, მარადიულ არსებას, რომელსაც არანაირი მიწიერი შეფასება ვერ შეამცირებს და ვერ გაზრდის.

ხოლო ის, ვინც მუდმივად განსჯის, სინამდვილეში საკუთარი გონების ციხეში ცხოვრობს. მისი შეფასებები შენზე კი არ მეტყველებს, არამედ იმ მდგომარეობაზე, რომელშიც თავად იმყოფება.

ნამდვილი სულიერი გზა იწყება იქ, სადაც მთავრდება სურვილი, ყველას მოეწონო.

როდესაც საკუთარ გულს დაუბრუნდები, აღმოაჩენ, რომ ყველაზე დიდი სიმშვიდე სხვისი მოწონებიდან კი არა, საკუთარი ჭეშმარიტი ბუნების მიღებიდან იბადება.

და როცა საკუთარ თავს აღარ გაექცევი, მაშინ დაინახავ სიცხადით სამყაროს. იყავი ის, ვინც ხარ, ეს საკმარისია.

ყველაზე დიდი სულიერი ევოლუცია მაშინ იწყება, როდესაც ადამიანი წყვეტს საკუთარი თავის სხვისი თვალებით ყურებას.

სანამ შენი ღირებულება სხვის აზრზეა მიბმული, შენ თავისუფალი ვერასოდეს იქნები. ერთი ქება აგაფრენს, ერთი კრიტიკა დაგამსხვრევს. ერთი მოწონება გაგაბედნიერებს, ერთი უარყოფა კი საკუთარ თავში ეჭვს გაგიჩენს.

ღმერთს არასოდეს შეუქმნიხარ იმისთვის, რომ სხვისი მოლოდინებით გეცხოვრა. როცა საკუთარ ბუნებას ღალატობ, შინაგანად ყოველთვის სიცარიელეს გრძნობ.

სიყვარული არასოდეს გთხოვს, რომ სხვა გახდე.

მხოლოდ შიში გეუბნება „შეიცვალე, რომ მიგიღონო“ და მხოლოდ ეგო გეუბნება „დამტკიცე, რომ ღირსეული ხარო“.

როდესაც შენ აღარ ცდილობ ყველას მოეწონო, პირველად იწყებ ნამდვილი ადამიანების მიზიდვას. შენს ცხოვრებაში რჩებიან ისინი, ვისაც შენი ნიღაბი კი არა, შენი სული უყვარს. ისინი, ვინც შენში ღვთის სინათლეს ხედავენ და არა იმ როლებს, რომლებსაც ოდესღაც თამაშობდი.

ასევე დაგაინტერესეთ:

„მობილურის ხშირმა ხმარებამ შეიძლება შეამციროს სპერმის რაოდენობამ მნიშვნელობა არ აქვს, წინა ჯიბეში გიდევს თუ სამუშაო მაგიდაზე“ - ლევან შელეგია

ნინა ხომერიკი ასტროლოგიასა და მითოლოგიას შორის კავშირზე - „ზოდიაქოს ნიშნები პირდაპირ ბერძნულ-რომაულ მითებს ეფუძნება“

საფულესთან მოპყრობის წესები ფინანსური კეთილდღეობის შესანარჩუნებლად - ეზოტერიკოსის რჩევები