Digest Logo

„იბადება ახალი იდეები, რომ ცხოვრება თავისუფალი, სამართლიანი და ცნობიერი გახდეს“ - თამარ ხოსროშვილი მზის მერწყულში გადასვლაზე

1768988890
თამარ ხოსროშვილი

20 იანვარს, თბილისის დროით დილის 06:00 საათზე მზე გადავიდა მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში. აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში ასტროლოგი თამარ ხოსროშვილი წერს და საკუთარ ასტროლოგიურ პროგნოზს გვიზიარებს. 

მისი თქმით, მერწყულის სეზონი გვთხოვს ურთიერთობებში თავისუფლების შენარჩუნებას, განსხვავებულობის მიღებას და კავშირის აგებას არა სტატუსზე, არამედ აზროვნების სიხშირეზე:

„20 იანვარს, თბილისის დროით დილის 06:00 საათზე მზე გადავიდა მერწყულის ზოდიაქოში - ფიქსირებულ ჰაერის ნიშანში, რომლის მთავარი ღირებულებები თანასწორობა, სამართლიანობა და თავისუფლებაა.

მერწყული დაკავშირებულია პროგრესთან, ინოვაციებთან, მომავალზე ორიენტირებულ აზროვნებასთან და კოლექტიურ განვითარებასთან. ის არ რჩება წარსულში და არც არსებული წესებით კმაყოფილდება - მისი მზერა მუდამ მომავლისკენაა მიმართული. აქ იბადება ახალი იდეები, ინოვაციური ხედვები და სურვილი, რომ ცხოვრება უფრო თავისუფალი, სამართლიანი და ცნობიერი გახდეს.

ამ ცვლილებით მზის ენერგიის მკვეთრი გარდასახვა ხდება: თხის რქის მკაცრი სტრუქტურიდან, იერარქიიდან და ფორმალური წესრიგიდან სრულიად სხვა სივრცეში გადავდივართ. თუ თხის რქა სამყაროს ხედავს ვერტიკალურად - სტატუსებით, როლებითა და პასუხისმგებლობების დონეებით — მერწყული მას ჰორიზონტალურად აღიქვამს.

მისთვის ადამიანები არ იყოფიან „მაღალ“ და „დაბალ“ საფეხურებად; ყველა თანასწორია საკუთარი უნიკალურობით.

მერწყული ზოდიაქოს ყველაზე თანამედროვე და არატრადიციული ნიშანია.

ის უკავშირდება კოსმოსს, ავიაციასა და ასტროლოგიას — სფეროებს, რომლებიც დაკავშირებულია ცოდნის გავრცელებასთან, კოლექტიურ ცნობიერებასთან და სამყაროს კანონების ახსნის მცდელობასთან. მისი მმართველი პლანეტა ურანი სიმბოლურად ასახავს მოულოდნელ ცვლილებებს, ინოვაციას და ტექნოლოგიურ წინსვლას, რის გამოც სწორედ ის განასახიერებს მერწყულის ბუნებას.

ფიქსირებული ჯვარი მერწყულს აძლევს მენტალურ სიმტკიცესა და პრინციპულობას. ეს არის იდეის ერთგულება, რომელსაც შეუძლია დროთა განმავლობაში გარდაქმნას სისტემა. მერწყული არ ნებდება ზეწოლას და არ ცვლის საკუთარ ხედვას მხოლოდ იმიტომ, რომ უმრავლესობას ასე სურს. ამ ნიშნის გამოკვეთით ადამიანს ხშირად ახასიათებს ემოციური დისტანციურობა და სიცივე.

სინამდვილეში ეს მისი არჩევანია: ის მხოლოდ მათ უშვებს საკუთარ სივრცეში, ვისთანაც თავისუფლება, ინტელექტუალური კავშირი და ღირებულებების თანხვედრა არსებობს.

მერწყული ლომის ოპოზიციური ნიშანია, რაც მას თვითგამოხატვას განსხვავებულ ფორმას აძლევს: თუ ლომი ყურადღებას საკუთარ იდენტობაზე ამახვილებს და ცენტრში ყოფნა სურს, მერწყული ინდივიდუალობას კოლექტივის კონტექსტში ავლენს. აქ ადამიანი უნიკალურია არა მხოლოდ საკუთარი იდენტობით, არამედ იმით, თუ რას სძენს საერთო იდეას, რას სძენს მთლიანობას.

მერწყულის სეზონი გვთხოვს ურთიერთობებში თავისუფლების შენარჩუნებას, განსხვავებულობის მიღებას და კავშირის აგებას არა სტატუსზე, არამედ აზროვნების სიხშირეზე. ის გვასწავლის, რომ მომავალი არ მოდის თავისით — ის იქმნება იქ, სადაც ვბედავთ განსხვავებულად აზროვნებას“, - წერს თამარ ხოსროშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„მაქვს ცუდი ამბავი მათთვის, ვისაც სჯერა, რომ ტანჯვა ადამიანს უკეთესს, წმინდას და უფრო სულიერს ხდის“ - რას წერს თამუნა იოსელიანი

„აუ, რა გოგოები... ულამაზესი დედა-შვილი“ - ნინი შერმადინის ახალი ფოტოები დათოვლილი ამერიკიდან

„არ იფიქრო, ამ სამყაროში რამე გეკუთვნის, შენი სხეულიც კი შენ არ შეგიქმნია, არ მართავ გულს, ფილტვებს, უჯრედებს“ - რას წერს თამარ კვარაცხელია