20 მარტს, თბილისის დროით 19:00 საათზე, მზე შედის ვერძის ზოდიაქოში და ამით ასტროლოგიური ახალი წელი იწყება. ეს ემთხვევა გაზაფხულის ბუნიობას - პერიოდს, როდესაც დღე და ღამე თანაბარია, ბუნება იღვიძებს და ახალი სიცოცხლის ციკლი იღებს სათავეს. ასტროლოგიურად სწორედ ვერძის 0° წარმოადგენს ზოდიაქოს წრის საწყის წერტილს, ამიტომაც ვერძის სეზონი ახალი ძლიერი მუხტის, პირველადი იმპულსის და აქტიური ქმედების ენერგიას ატარებს.
აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელში ასტროლოგი თამარ ხოსროშვილი საუბრობს:
„ვერძი დაკავშირებულია ინიციატივასთან, ლიდერობასთან, გამბედაობასთან, დამოუკიდებლობასთან. მისი ენერგია პირდაპირი, სწრაფი და სპონტანურია. აქ მზე აძლიერებს ადამიანის ბუნებრივ სურვილს, თავად განსაზღვროს საკუთარი გზა და აღარ დაელოდოს ბიძგს გარემოსგან. სწორედ ამიტომ ეს პერიოდი აღსავსეა ენთუზიაზმით და მომავლის რწმენით.
კარდინალური ცეცხლი ვერძს მძლავრ მუხტს აძლევს, რომელიც გვიბიძგებს გამოვიჩინოთ სიმამაცე და გადავდგათ პირველი ნაბიჯი. მისი სიმბოლო - ცხოველი, რომელიც თავით წინ მიიწევს, გამოხატავს შეუჩერებელ სწრაფვას. ასტროლოგიური გლიფი, რომელიც რქებს ჰგავს, უკავშირდება ადამიანის თავის არეს, რასაც ტრადიციულ ასტროლოგიაში ვერძი მართავს. მმართველი პლანეტა მარსი კი სიმამაცისა და ბრძოლისუნარიანობის სიმბოლოა, რაც ამ სეზონს აქტიურობასა და სწრაფ გადაწყვეტილებებს მატებს.
ვერძის ბუნებაში არის ახალგაზრდული პირდაპირობა და იმპულსურობა. ისინი ყოველთვის პირველები შედიან უცნობ სივრცეში და მათი გზა, სისწრაფის გამო, შეცდომებსაც მოიცავს, თუმცა სწორედ ეს უშუალობა და ენთუზიაზმი აძლევს ვერძს ძალას სხვების შთაგონებისთვის.
ვერძში გადასვლით, მზე ააქტიურებს სატურნისა და ნეპტუნის უძლიერესი შეერთების ენერგია, რომელიც ახლა იწყებს აქტიურ ფორმირებას. ეს კონფიგურაცია სიმბოლურად უკავშირდება ახალი წესრიგის, ახალი სისტემისა და ახალი რეალობის ჩამოყალიბებას. თუ ნეპტუნის თევზებში მოძრაობისას ბევრი იდეა, ილუზიური ბუნდოვანი და არასტრუქტურირებული იყო, ახლა სატურნის გავლენით ისინი ფორმას იღებენ და რეალობად იქცევიან.
ამ პროცესს კიდევ უფრო აძლიერებს ის ფაქტი, რომ ამ პერიოდში ყველა პლანეტა სწორედმავალია. მერკურიც და იუპიტერიც, რომლებიც აქამდე რეტრო სვლაში იყვნენ, პირდაპირ აგრძელებენ მოძრაობას. ასტროლოგიურად ეს ქმნის განსაკუთრებულ დინამიკას — ენერგია აღარ არის შეკავებული, ქმედება აღარ ფერხდება. ამით კი, ეს ბუნიობა განსაკუთრებულია.
ვერძის სეზონი გვახსენებს, რომ ნებისმიერი დიდი გზა იწყება პირველი ნაბიჯით. სწორედ ეს ნიშანი გვაძლევს გამბედაობას, თავდაჯერებას, ენთუზიაზმს და მომავლის რწმენას, რაც ყველა დასაწყისს სჭირდება. გზა კი მხოლოდ მაშინ ჩნდება, როდესაც მისკენ სვლას ვიწყებთ და ვამბობთ: „მე ვიწყებ“, - წერს თამარ ხოსროშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რომელი ასკეზა ავიღოთ სურვილის ასასრულებლად? - „სტარტი 1-ელი აპრილი“