Digest Logo

„კოსმოსი ხელს შეგვიწყობს, მეტი ყურადღება დავუთმოთ ურთიერთობებს...“ - მზე სასწორში: თამარ ხოსროშვილის ასტროლოგიური პროგნოზი

1789834703
თამარ ხოსროშვილი

„მზე სასწორის ზოდიაქოში | 23 სექტემბერი. 23 სექტემბერს, თბილისის დროით 04:22 საათზე, მზე ნიშანს იცვლის და ქალწულის პრაგმატულ ენერგიას სასწორის სოციალური, ჰარმონიული, ბალანსსა და სამართლიანობაზე, ურთიერთგაგებაზე მიმართული ენერგია ცვლის“, - აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს ასტროლოგი თამარ ხოსროშვილი გვიზიარებს:

„იწყება სასწორის სეზონი და ბუნებრივია, რომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში მთავარი აქცენტი გადავა ურთიერთობებზე, პარტნიორობაზე, თანამშრომლობაზე.

ადამიანებში გაძლიერდება სურვილი, იპოვონ საერთო ენა, გაითვალისწინონ ერთმანეთის ინტერესები და ურთიერთობებში შექმნან ბალანსი. განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ მზის სასწორში გადასვლას შემოდგომის დღეღამსწორობა ემთხვევა — მომენტს, როდესაც დღე და ღამე თანაბარია.

სწორედ ბალანსი და წონასწორობის მუდმივი ძიებაა სასწორის ბუნების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი.

⚖️სასწორი ზოდიაქოს ერთადერთი ნიშანია, რომლის სიმბოლოც უსულო საგანია, რაც ზედმიწევნით გამოხატავს მის ბუნებას. სასწორს აქვს უნარი, განყენებულად და ობიექტურად შეხედოს სიტუაციას, გვერდზე გადადოს პირადი პრეფერენციები, დაინახოს ორივე მხარის პოზიცია და მაქსიმალურად სამართლიანად შეაფასოს მდგომარეობა.

სასწორს ვენერა მართავს, ამიტომ ამ ნიშნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პარტნიორობა, კარგი მანერები, დახვეწილობა, ესთეტიკა. ეს ნიშანი ყველანაირად ცდილობს თავი აარიდოს კონფლიქტს, ვერ იტანს უხეშობას, ვერც სიტყვაში და ვერც ქცევაში. თუმცა მეორეს მხრივ ეს არის კარდინალური ჰაერის ნიშანი. და სწორედ აქედან გამომდინარე, მიუხედავად გარეგნული თავშეკავებისა, მას აქვს უნარი გამოიჩინოს ინიციატივა, მოიტანოს ცვლილებები. როდის? როდესაც ბალანსი დარღვეულია.

სასწორს შესწევს ძალა თავად შეცვალოს არსებული მდგომარეობა, საჭიროების შემთხვევაში აურიოს კიდეც სიტუაცია, რათა საბოლოოდ ჰარმონია დაამყაროს. სწორედ ასე ვლინდება მისი კარდინალური ბუნება.

სასწორის მთავარი თვისებებია:

✨დიპლომატიურობა და ტაქტი;

✨ სამართლიანობის ძლიერი განცდა

✨პარტნიორობისა და თანამშრომლობის უნარი;

✨განსხვავებული პოზიციების დანახვა.

✨კომპრომისისა და საერთო ენის პოვნის უნარი;

✨დახვეწილი გემოვნება და ესთეტიკის სიყვარული.

რაც შეეხება მის ჩრდილოვან მხარეს, საკითხის ორივე მხარის დანახვამ შეიძლება სასწორს გადაწყვეტილების მიღება გაურთულოს და ხანგრძლივ ყოყმანამდე მიიყვანოს.

ჰარმონიის შენარჩუნების სურვილის გამო ზოგჯერ შეიძლება საკუთარი რეალური დამოკიდებულება ბოლომდე არ გამოხატოს, ზედმეტად გაითვალისწინოს სხვების სურვილები ან არასასიამოვნო საუბარს თავი აარიდოს.

ამიტომ სასწორისთვის მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ჰარმონია ყოველთვის დათმობას არ ნიშნავს — ზოგჯერ საკუთარი პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირება და საზღვრების დაცვაც აუცილებელია.

მომდევნო ერთი თვის განმავლობაში კოსმოსი ხელს შეგვიწყობს, მეტი ყურადღება დავუთმოთ ურთიერთობებს, მივაღწიოთ კომპრომისს, უკეთ დავაბალანსოთ საკუთარი და სხვისი ინტერესები“, - წერს თამარ ხოსროშვილი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „უარი მხოლოდ იმიტომ არ თქვათ, რომ შეთავაზება მოულოდნელია...“ - თაკო მელიქიშვილის ასტროლოგიური რჩევები

🎥 „მოსალოდნელია საინტერესო შემოთავაზება“ - რა გველოდება უახლოეს მომავალში: თაკო მელიქიშვილის პროგნოზი

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი 19 სექტემბერს საქართველოში