პიროვნული ზრდის სპეციალისტი თეო ხაბულიანი სოციალურ ქსელში „სულიერი მენტორების“ სწავლებებზე წერს.
მისი თქმით, თუკი ცოდნა, თუნდაც ყველაზე შთამბეჭდავი, რჩება მხოლოდ ინტელექტუალურ სავარჯიშოდ, გონების გასართობად ან დროებითი აღტაცების წყაროდ, რომელიც დროთა განმავლობაში ისევე ქრება როგორც მოდის, მაშინ ის ფუჭია.
გარდა ამისა, თეო ხაბულიანი ამბობს, რომ მასობრივად მიმდინარეობს ადამიანების ფანატიზმში ჩართვა, პანიკის გამოწვევა და უკიდურესობებისკენ გაძღოლა:
„იცით, ძალიან დიდი ხანია ვაკვირდები რამდენად მომავლის თეორიებში და ფანატიზმურ რეალობებში უძღვებიან ადამიანებს დღევანდელი „სულიერი მენტორები“ და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ პოსტის დაწერა.
ადამიანის ბუნება მუდმივად მიისწრაფვის, შემეცნებისკენ, იდუმალების ამოხსნისკენ, საიდუმლოთა საიდუმლოს წვდომისკენ. დღევანდელ ეპოქაში, ინფორმაციის უსაზღვრო ნაკადში, უამრავი მოძღვრება, ფილოსოფია თუ ეზოტერული ცოდნა გვპირდება სამყაროს უხილავი კანონების გაგებასა და საბოლოო ჭეშმარიტების აღმოჩენას.
ასეთი პოსტები იწვევს მასობრივ აღტაცებასა და ოვაციებს, ხოლო მისი გამზიარებლები საყოველთაო ყურადღების ცენტრში ექცევიან. თუმცა, დგება საკვანძო კითხვა რა არის ამ ცოდნის საბოლოო მიზანი და შედეგი?
თუკი ცოდნა, თუნდაც ყველაზე შთამბეჭდავი, რჩება მხოლოდ ინტელექტუალურ სავარჯიშოდ, გონების გასართობად ან დროებითი აღტაცების წყაროდ, რომელიც დროთა განმავლობაში ისევე ქრება როგორც მოდის, მაშინ ის, მართლაც ფუჭია.
ცოდნა, რომელიც ვერ გარდაიქმნება შინაგან ცვლილებად, ვერ ამაღლებს სულს და ვერ აახლოებს მას პირველწყაროსთან, საბოლოოდ მხოლოდ გონების ფანატიზმია ინტელექტუალური ამპარტავნების, უკიდურესობებში გადავარდნისა და თეორიული კონსტრუქციებისადმი ბრმა მიჯაჭვულობის საფუძველი და გამოვლინება.
ჭეშმარიტი ცოდნის საზომი არის შედეგი, რომელიც მან უნდა მოიტანოს ადამიანის ცხოვრებაში. ცოდნა უნდა იყოს ხიდი ჩვენსა და სამყაროს შორის, მან უნდა გააღრმაოს რწმენა, სიყვარული,თავმდაბლობა და თანაგრძნობა, მან უნდა შეცვალოს არა მხოლოდ აზროვნება, არამედ ქცევა, ცხოვრების წესი და მორალური კომპასი. ის უნდა გვაქცევდეს უკეთეს ადამიანებად.
ჭეშმარიტი სიბრძნე ათავისუფლებს შიშისგან, ამპარტავნებისგან და გონების ქაოსისგან და ანიჭებს სულს მყარ სიმშვიდეს.
დღეს ცდილობენ რომ აქცენტი გარეგან ეფექტებზე გქონდეთ გადატანილი და არა შინაგან არსზე.
სანამ რაიმე ცოდნის სიღრმით აღფრთოვანდებით, უნდა დავუსვათ საკუთარ თავს მთავარი კითხვა რა დამიტოვა ამან? სად მიმიყვანა? მივუახლოვდი თუ არა ღმერთს? თუკი პასუხი უარყოფითია, მაშინ ერთადერთი ჭეშმარიტი ცოდნა ისაა, რომელიც სულს ხსნის და უფალს აახლოებს. დანარჩენი კი მხოლოდ დროებითი აღტაცებაა..
ინტელექტუალური ცოდნისა და "საიდუმლოებების" უწყვეტი ძიება ხშირად არა მხოლოდ უნაყოფოა, არამედ კიდევ უფრო საშიშ მიზანს ემსახურება პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას.
ეზოტერული პოსტების, და მათი შორს მიმავალი კონსპირაციების თეორიების მიღმა ადამიანები ცდილობენ იპოვონ მიზეზი იმისა, რაც მათ ცხოვრებაში ან სამყაროში ხდება, რომ ეს პასუხისმგებლობა გადააბარონ სხვებს,
ეს ფანტაზიები ადამიანს აშორებს მთავარს თვითშემეცნებას და იმ ფუნდამენტურ ჭეშმარიტებას, რომლის მიხედვითაც, ჩვენი შინაგანი სამყარო და ქმედებები უშუალოდ განსაზღვრავს ჩვენს გარშემო არსებულ რეალობას.
შეიცან თავი შენი მიგვითითებს, რომ ცვლილება უნდა დაიწყოს შიგნიდან. გარე თეორიებზე ფოკუსირება კი ადამიანს მხოლოდ უფრო აშორებს საკუთარ გზას, აქცევს მას გარე სამყაროს მუდმივ მსხვერპლად, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი ბედის შემოქმედი გახდეს.
თუ ცოდნას გულით არ გაატარებ ის ფუჭია. არიან ადამიანები, ვინც ძალიან საზრისიან რაღაცებს ხსნიან, მაგრამ გული ჩაკეტილი აქვთ. შეუძლებელია გულის გაღების გარეშე სრულქმნა საკუთარი სული.
ჭეშმარიტი სიბრძნე მხოლოდ მაშინ იბადება, როდესაც გონება და გული ჰარმონიაში არიან. თუ მხოლოდ გონებით გაგებას ვცდილობთ, ცოდნა ხდება მშრალი უსიცოცხლო და არაფრის მომცემი.
„ბედნიერნი არიან წმიდა გულითა, რამეთუ ისინი იხილავენ ღმერთს“. ეს ნიშნავს, რომ სულიერი ხედვა გულიდან მოდის და არა მხოლოდ ინტელექტიდან. სულის სრულქმნა კი მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც ცოდნა გაივლის გულში.
გონება აგროვებს ინფორმაციას, ხსნის კანონებს, მაგრამ გულში ინახება შინაგანი ჭეშმარიტების ნათელი.
გულის გარეშე ცოდნა რჩება ზედაპირული და ვერ აღწევს შინაგან ტრანსფორმაციამდე. ძველად ამბობდნენ, რომ ყველაზე დიდი სიბნელე არის გულის გაუნათლებლობაო..
ჭეშმარიტება მხოლოდ მაშინ იქცევა სიცოცხლის წყაროდ, როცა მას გული ატარებს. ცოდნა სისავსედ სწორედ გულიდან უნდა იქცეს, რადგან გული არის ცენტრი, სადაც სული ერთიანდება სიყვარულთან, სამყაროსთან და ღმერთთან.
მიმდინარეობს მასობრივად ადამიანების ფანატიზმში ჩართვა, პანიკის გამოწვევა და უკიდურესობებისკენ გაძღოლა...
გულს უსმინე...“, - წერს თეო ხაბულიანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ორგანიზებული დანაშაულის დონის სიმცირით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულში მოხვდა