21 ივნისს, თბილისის დროით 12:24 საათზე, მზემ მენტალური ტყუპი დატოვა და ემოციურ კირჩხიბის ნიშანში გადავიდა. სწორედ ამ მომენტით დადგა ზაფხულის მზებუდობა (წლის ყველაზე გრძელი დღე) და ასტროლოგიური ზაფხული დაიწყო.
აღნიშნულ თემაზე სოციალურ ქსელში ასტროლოგი რამაზ გიგაური საუბრობს:
თუ ტყუპის პერიოდი გონების, ლოგიკისა და კომუნიკაციის დრო იყო, ხვალიდან სამყარო „გვთხოვს“ ტემპი შევანელოთ, გარე ხმაური შევამციროთ და საკუთარ თავს უფრო ხშირად მოვუსმინოთ.
🌊 არქეტიპი და მითოლოგია
კირჩხიბის არქეტიპი „დიდი დედა“, „მზრუნველი“, „მკურნალი“ და „წარსულის მცველია“. ძველ ბერძნულ მითოლოგიაში კირჩხიბი ჰერაკლესა და ლერნეს ჰიდრას ბრძოლას უკავშირდება. როდესაც ჰერაკლე ჰიდრას ამარცხებდა, წყლიდან დიდი კიბორჩხალა (სახელად კარკინოსი) ამოვიდა და ჰიდრას დასაცავად ჰერაკლეს ფეხზე ჩაეჭიდა. მართალია, ჰერაკლემ ის გასრისა, მაგრამ ქალღმერთმა ჰერამ კიბორჩხალას ერთგულება დაუფასა და ის ზეცაში აიყვანა. ეს მითი ზუსტად აღწერს კირჩხიბის ბუნებას - სუსტი ფიზიკური მონაცემების მიუხედავად, მას შეუძლია საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვას ის, ვინც უყვარს.
🔮 ეზოთერული მნიშვნელობა
ეზოთერულად, კირჩხიბი ფესვებს, წინაპრებთან კავშირსა და შინაგან ფსიქოლოგიურ (ემოციურ) საძირკველს განასახიერებს. თუ ტყუპების ფრაზაა „მე ვფიქრობ“, კირჩხიბი ამბობს: „მე ვგრძნობ“. მას მართავს მთვარე, რაც ნიშნავს, რომ ეს პერიოდი პირდაპირ აკავშირებს ჩვენს ცნობიერსა და პირად არაცნობიერს (ინფორმაცია არაცნობიერად ცნობიერში უფრო იოლად „ამოდის“). კირჩხიბი უკავშირდება მეოთხე ასტროლოგიურ სახლს - ჩვენს ფიზიკურ სახლს, ოჯახს, სამშობლოსა და ბავშვობის დროინდელ ემოციებს. ამ ნიშნის ენერგია გვასწავლის, რომ გარეთ (სოციუმში) ძლიერები ვერ ვიქნებით, თუ შიგნით (ფსიქიკასა და ოჯახში) სიმშვიდე არ გვაქვს.
🌗 შუქ-ჩრდილი: ხასიათის თვისებები ისევე როგორც მთვარეს თავისი ფაზები აქვს (ის თვეში ოთხჯერ იცვლის ფაზას), სწორედ ასე, კირჩხიბის ხასიათიც შეიძლება დღეში ათჯერ მაინც შეიცვალოს.
✨ რესურსული თვისებები (ძალა): • ზეინტუიცია: მას შეუძლია ადამიანის განწყობა, ემოციური მდგომარეობა უსიტყვოდ „წაიკითხოს“ და ზუსტად იგრძნოს, როდის არის მართალი ადამიანი და როდის - არა.
• მზრუნველობა: მას უნიკალური უნარი აქვს, ნებისმიერ გარემოში სითბო, მყუდროება და უსაფრთხოების განცდა შექმნას.
• ემოციური მეხსიერება: ყველაფერი ახსოვს, მაგრამ პირველ რიგში ის, წლების წინ თუ როგორ აგრძნობინეთ თავი.
• ოჯახის ერთგულება: იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც თავისად თვლის, მზად არის ბოლომდე იბრძოლოს და გადაულახავი წინაღობებიც დაძლიოს.
🌑 ჩრდილოვანი მხარე (საფრთხე):
• წარსულში ცხოვრება: ძველი წყენების გაშვების უუნარობა და წარსულში ჩარჩენა.
• ემოციური მანიპულაცია: როცა პირდაპირ ვერ იღებს იმას, რაც უნდა, მსხვერპლის როლის თამაშს და სხვებში დანაშაულის გრძნობის გაღვიძებას იწყებს, რათა ასე მიიღოს ის, რასაც თვლის, რომ მას ეკუთვნის.
• ზედმეტი ჩაკეტილობა: ოდნავი ტკივილის ან საფრთხის დროსაც კი საკუთარ „ჯავშანში“ იმალება და გარე სამყაროსთან კონტაქტს წყვეტს.
• განწყობის მკვეთრი ცვალებადობა: მისი განწყობა, ყოველგვარი მიზეზის გარეშე შეიძლება დღეში ათჯერ შეიცვალოს.
📌 3 საინტერესო ფაქტი კირჩხიბზე:
1. უხილავი ჯავშანი: კირჩხიბი გარედან შეიძლება ცივი და უკარებას შთაბეჭდილებას ტოვებდეს, მაგრამ ეს მხოლოდ დაცვის მექანიზმია. მას ყველაზე მგრძნობიარე შინაგანი სამყარო აქვს.
2. საგნების ენერგეტიკა: სიგიჟემდე უჭირს ძველი ნივთების გადაყრა (ასაკში ეს თვისება ათმაგდება). კირჩხიბისთვის ყოველი ძველი ფოტო, კონცერტის ბილეთი, წერილი თუ საჩუქარი კონკრეტულ ემოციასთანაა მიბმული.
3. ფარული ლიდერი: მიუხედავად იმისა, რომ წყლის ნიშანია, კირჩხიბი კარდინალური ჯვრის წარმომადგენელია. აქედან გამომდინარე, ის არასდროს ამბობს მიზანზე უარს, უბრალოდ, პირდაპირი შეტევის ნაცვლად, მიზნისკენ შემოვლითი გზებით მიდის.
🎯 დასკვნა: კირჩხიბის პერიოდი მთავარ გაკვეთილს გვასწავლის: სამყარო რაც უნდა სწრაფად იცვლებოდეს, წინ მიიწევდეს, პროგრესირებდეს, შფოთავდეს, იშლებოდეს და ახლიდან იწყობოდეს, ჩვენი რეალური საყრდენი - ჩვენივე ფესვებია (როგორც ქართულ ფილმშია, „ხის სიმაღლე ფესვებიდან იზომება“).
ეს ფესვები, ხის ვარჯი თუ ტოტები - ჩვენი საყვარელი ადამიანები არიან. მიეცით საკუთარ თავს უფლება, იყოთ მგრძნობიარე. „გადახარშეთ“ წარსულს, აპატიეთ იმ ადამიანებს, რომლებიც წარსულში გატკინეს (პირველ რიგში, მშობლებს), გაუფრთხილდით თქვენს შინაგან ბავშვს და გახსოვდეთ - ნამდვილი ძალა არა ემოციების დამალვაში, არამედ მათ გაცნობიერებაში, მიღებასა და ახლობელ ადამიანთან გაზიარებაშია“, - წერს რამაზ გიგაური.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სილამაზე, ყველაზე დახვეწილი ქალი“ - ნინო ნადირაძის მოგზაურობა იტალიაში გრძელდება
⭕რატომ წარმოიქმნება ჭორფლი და ააქტიურებს თუ არა მას მზის სხივები