Digest Logo

„მზე სასწორში: შემოდგომის ბუნიობა, ჰარმონიის ძიება და ურთიერთობების ხელოვნება“ - რამაზ გიგაურის ასტროლოგიური პროგნოზი

1790143325
რამაზ გიგაური

შემოდგომის ბუნიობის დადგომასთან ერთად, მზე სასწორის ნიშანში გადადის და სამყაროში სრულიად ახალ, წონასწორობისა და ჰარმონიისკენ მიმართულ ენერგეტიკულ ციკლს ხსნის.

ასტროლოგების განმარტებით, ეს პერიოდი შინაგანი ბალანსის პოვნასა და ურთიერთობების ხელოვნების ახლებურად გააზრებას ეძღვნება.

მზის სასწორში ყოფნა თითოეულ ადამიანს აიძულებს, ყურადღება პირად თუ პროფესიულ კავშირებს მიაპყროს, ისწავლოს მოსმენა, კომპრომისი და დიპლომატია, რათა „ეგოცენტრული“ სწრაფვები ჯანსაღ, პარტნიორულ თანამშრომლობად გარდაქმნას.

აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს ასტროლოგი და ფსიქოლოგი რამაზ გიგაური გვიზიარებს:

♎ მზე სასწორში: შემოდგომის ბუნიობა, ჰარმონიის ძიება და ურთიერთობების ხელოვნება „თუ გინდა ემსახურო ღმერთს - ემსახურე ადამიანებს“.

რამაკრიშნა ამაღამ, 23 სექტემბერს, თბილისის დროით 4:04 საათზე, მზე ქალწულს დატოვებს და სასწორის ნიშანში გადავა. ეს შემოდგომის ბუნიობაა - დღე და ღამე თანაბრდება, რაც ნიშნავს, რომ სეზონური {არაკალენდარული} შემოდგომა დადგება.

თუ ქალწულის პერიოდი შრომისა და ქაოსის მოწესრიგების დროა, 23 სექტემბრიდან წინა პლანზე შინაგანი ბალანსის პოვნისა და ჰარმონიის დამყარების, პარტნიორული ურთიერთობების დალაგებისა და კომპრომისების მოძიების სურვილი წამოვა.

✨ ეზოტერული მნიშვნელობა ეზოტერულად, სასწორი - ეს არის უხილავი ხიდი საკუთარ „მე“-სა და სხვებს შორის. თუ მისი საწინააღმდეგო ნიშნის, ვერძის მთავარი ფრაზაა „მე ვარ“ {ეგო}, სასწორი ამბობს: „ჩვენ ვართ“ (ალტერ-ეგო). სასწორი მოსმენასა და გაგებაზეა ორიენტირებული.

ის არ ჩქარობს, ყველაფერს შინაგანად წონის, რათა მისი სიტყვა თუ მოქმედება ჰარმონიული, დახვეწილი და რაც მთავარია, სამართლიანი იყოს. მას სილამაზისა და სიყვარულის პლანეტა ვენერა მართავს, თუმცა, ვენერას მეორე ნიშნის - კუროსგან განსხვავებით, აქ ის ჰაერის სტიქიაშია. ამიტომ, ვენერა სასწორში მატერიალური მხარის მოწესრიგებაზე მეტად, ესთეტიკას, სილამაზესა და ფორმების დახვეწას „ითხოვს“.

ასტროლოგიურად ეს ნიშანი მეშვიდე სახლს უკავშირდება, რომელიც ქორწინების, პარტნიორობისა და ასევე, ღია მტრების სექტორია. სასწორის ენერგია გვასწავლის, რომ სხვა ადამიანი ჩვენი სარკეა - შიგნით როგორიც ვართ, გარეთ ასეთივე ადამიანებს ვიზიდავთ. ამასთანავე, სხვა ადამიანებთან ურთიერთობებში ჰარმონიას ვერასოდეს შევქმნით, თუ შიგნით, საკუთარ ბუნებაში წონასწორობა დარღვეული გვაქვს.

🌗 შუქ-ჩრდილი: ხასიათის თვისებები სასწორის ცხოვრება მუდმივი აწონ-დაწონვის რთული პროცესია, ამიტომ მისი პინები ხან ერთ მხარეს იხრება და ხან - მეორე მხარეს.

🌟 რესურსული თვისებები (ძალა):

✅ დიპლომატია: მას ნებისმიერი კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება და დაპირისპირებული მხარეებისთვის საერთო ენის გამონახვა შეუძლია.

✅ ესთეტიკური ხედვა: აქვს იდეალური, თანდაყოლილი გემოვნება. ასე რომ, გამოთქმაზე - „გემოვნებაზე არ დავობენ“ - მას მხოლოდ გაეღიმება. ის სილამაზეს ყველგან ხედავს და შეუძლია უბრალო, მოსაწყენი გარემო ლამაზ სივრცედ გადააქციოს.

✅ ობიექტურობა: საოცარი უნარი აქვს, ნებისმიერ რთულ სიტუაციას ორივე მხრიდან შეხედოს, საკუთარ ემოციებზე მაღლა დადგეს და სხვისი პოზიციაც ობიექტურად აღიქვას და შეაფასოს.

✅ პარტნიორობა: ის გუნდურ მოთამაშედ არის დაბადებული. მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გვერდით საიმედო ადამიანი ჰყავდეს, ვისთანაც მენტალურ, ემოციურ თუ ფიზიკურ ენერგიას გაცვლის.

🌑 ჩრდილოვანი მხარე (საფრთხე):

❌ გადაწყვეტილების მიღების შიში: რადგან ყველა წვრილმან დეტალს წონის, საბოლოო არჩევანის გაკეთება მისთვის ნამდვილი ტანჯვაა და მუდმივად მერყეობს. ამიტომ რაიმეს სწრაფად არჩევა მისი ძლიერი მხარე არ არის.

❌ კონფლიქტის შიში: სიმშვიდის შესანარჩუნებლად მზად არის საკუთარი ინტერესები დათმოს და ისეთი რამ გააკეთოს, რაც შინაგანად რეალურად არ სურს.

❌ ზედაპირულობა: ხშირად გარეგნული, განსაკუთრებით კი დახვეწილი ფორმა მისთვის შინაარსზე ბევრად მნიშვნელოვანია. ვიზუალური სილამაზის გამო შეიძლება არსის დანახვასა და სიღრმეში ჩასვლაზე უარი თქვას.

❌ სხვებზე დამოკიდებულება: არ უყვარს მარტოობა და საერთოდ, უჭირს მარტო ყოფნა. ამიტომ, არცთუ იშვიათად, სხვის აზრსა და შეფასებას უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე საკუთარ სურვილებს.

📌 3 საინტერესო ფაქტი სასწორზე:

1. ლამაზ ხავერდის ხელთათმანში დამალული რკინის ხელი: სასწორი კარდინალური ჯვრის წარმომადგენელია. მიუხედავად იმისა, რომ ჰაერის ნიშანია და შორიდან რბილი, დამთმობი ჩანს, საკუთარი მიზნების მისაღწევად ძალიან გამიზნულად და სტრატეგიულად მოქმედებს (ოღონდ ამას ყოველთვის ღიმილითა და დიპლომატიით აკეთებს).

2. მარტოობის შიში: სასწორისთვის სრული იზოლაცია ალბათ ყველაზე დიდი სასჯელია. მას სხვა ადამიანები სჭირდება, რადგან სხვებთან კომუნიკაციით და აზრთა გაცვლა-გამოცვლით ვითარდება და ენერგიით ივსება.

3. ესთეტიკური პერფექციონიზმი: მისთვის ფიზიკური გარემო პირდაპირ კავშირშია ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან. ასე რომ, მოუწესრიგებელ, უგემოვნო ან უსუფთაო გარემოში სასწორი არათუ ემოციურად, არამედ ფიზიკურადაც კი შეიძლება ცუდად გახდეს.

🎯 დასკვნა: სასწორის პერიოდის მთავარი გზავნილი შემდეგია: ცხოვრება - მუდმივი ბალანსის ძიებაა. სამყაროში ყველაზე რთული, მაგრამ იმავდროულად ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა - ადამიანებთან ჯანსაღი ურთიერთობების განვითარებაა. ასე რომ, იზრუნეთ თქვენი შინაგანი თუ გარეგნული მხარის გალამაზებისთვის. გამონახეთ დრო პარტნიორებისთვის, ისწავლეთ მოსმენა, მაგრამ სხვების სიამოვნების მცდელობაში ნურც საკუთარ თავს დაკარგავთ. გახსოვდეთ - ნამდვილი ჰარმონია მაშინ იწყება, როდესაც შინაგან სიმშვიდეს ვპოულობთ და ამ სიმშვიდეს სამყაროს, უპირველესად კი, სხვა ადამიანებს ვუზიარებთ“, - წერს რამაზ გიგაური.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ მათი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება: ზოდიაქოს 5 ნიშანს 2026 წლის 25 ოქტომბრამდე რომანტიკული ურთიერთობები, ფინანსური წარმატება და ახალი შესაძლებლობები ელოდება

⭕ „თამაში, სადაც წესებს მხოლოდ ის ადგენს“ - როგორ განადგურებს ნარცისი პარტნიორი ურთიერთობაში: ფსიქოლოგის რჩევები

⭕ „საკუთარ თავზე ზედმეტად ბევრს ნუ ისაუბრებთ...“ - 23 სექტემბრის ენერგიები