
მარსისა და სამხრეთის კვანძის შეერთება (ასტროლოგიურად: Mars conjunct South Node) ძლიერი და კარმული ასპექტია, რომელიც ბევრ სიღრმისეულ თემას ეხება. მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა 22-23 ივლისს გველოდება.
რა არის მარსი ასტროლოგიაში?
- მოქმედების, სურვილის, ძალისხმევის, აგრესიის, სექსუალური ენერგიის პლანეტა.
- აღნიშნავს, როგორ ვიბრძვით, როგორ ვიცავთ თავს და როგორ გამოვხატავთ სურვილებს.
რა არის სამხრეთის კვანძი?
- წარსულის, კარმის, ნაცნობი ენერგიების სიმბოლო.
- აჩვენებს იმ გამოცდილებებს, რაც უკვე გვაქვს დაგროვებული წარსულში — ამ ცხოვრებაში ან წინა ცხოვრებებში (კარმულ ასტროლოგიაში).
- ხშირად დაკავშირებულია მიჩვევებთან, კომფორტის ზონასთან, მაგრამ ასევე იმ თემებთან, რაც უნდა დავთმოთ ან გადავინაცვლოთ ჩრდილოეთის კვანძისკენ (განვითარება).
რა უნდა გავითვალისწინოთ აღნიშნულ ასტროლოგიურ მოვლენაზე - თემაზე სოციალურ ქსელში ასტროლოგი ნინა ხომერიკი საუბრობს და საზოგადოებას რეკომენდაციებს უზიარებს:
„2025 წლის 22 და 23 ივლისს, ცის კაბადონზე გველოდება ძალიან იშვიათი და მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა, კერძოდ: მარსისა და სამხრეთის (წარსულის) კვანძის შეერთება, რომელიც მოხდება ქალწულის მე-20-ე გრადუსში და მას თამამად შეიძლება ვუწოდოთ წარსული ვალების გასტუმრების ან წარსულის შემოჭრის პერიოდი.
ეს არის კარმის გააქტიურების დრო, რომელიც ეხმიანება 2015 წლის, ნოემბრის პერიოდსა და მოვლენებს.
ჰოროსკოპში გვაქვს ორი კარმული წერტილი, ანუ კვანძი, ერთი მათგანი არის მომავლის, ხოლო მეორე წარსულის და როდესაც რომელიმე პლანეტა აკეთებს მომავლის კვანძთან შეერთებას, ჩვენ ვდგავთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, ვიღებთ მნიშვნელოვან და საბედისწერო გადაწყვეტილებებს, ანუ ვქმნით მიზეზს და მაშინ, როდესაც იგივე პლანეტა გააკეთებს შეერთებას წარსულის კვანძთან, უკვე ვეჯახებით და ვიმკით ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და ქმედებების შედეგებს, თუმცა ყოველთვის არ არის აუცილებელი, რომ ეს შედეგები იყოს უარყოფითი ხასიათის მატარებელი, ანუ, ასეთ პერიოდებში ხდება მოვლენათა შეჯამება, ხოლო კარგია თუ ცუდი ეს ყველაფერი, დამოკიდებულია იმ მოქმედებებზე და სწორ თუ არასწორ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მაშინ მივიღეთ.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ მარსისა და სამხრეთის კვანძის შეერთებაზე, რომელიც მოხდება ახლა, ივლისში და იქნება იმ მოვლენების შედეგობრივი კავშირი, რომელსაც ჰქონდა ადგილი 2015 წლის ნოემბერში, მაშინ, როდესაც მოხდა მარსისა და ჩრდილოეთის კვანძის შეხვედრა.
პლანეტა მარსი დაკავშირებულია ჩვენს აქტიურ და გადამწყვეტ მოქმედებებთან, ის არის მამაკაცური ენერგიის მატარებელი და ისეთი თვისებების სიმბოლო, როგორიც არის: სიმამაცე, გადაწყვეტილების მიღების უნარიანობა, გამბედაობა და დამოუკიდებლობა, რაც ხშირ შემთხვევაში გამოხატულია არა მხოლოდ მამაკაცებში, არამედ ქალბატონებშიც. მარსი არის ვერძის მმართველი პლანეტა და მას შეუძლია გარკვეული მოვლენების ინიციატივა, ანუ პირველი ნაბიჯების გადადგმა, არასოდეს ელოდება დახმარებას, ის არის ჩვენი ამბიციების, სიმამაცის, ლიდერული თვისებების, პიონერული სულისკვეთებისა და სითამამის სიმბოლო.
მარსი ომის ღმერთია და მას აქვს უნარი იბრძოლოს შედეგისათვის, იყოს კონკურენტუნარიანი და არ შეუშინდეს სირთულეებს და ვინაიდან, ის მამაკაცის სიმბოლოა, ამიტომ იმ მოვლენებს, რომელსაც ეს პლანეტა დააინიციირებს, შესაძლოა დაკავშირებული იყოს თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვან მამაკაცთან, მაგალითად: მამასთან, მეუღლესთან, ძმასთან, ვაჟთან, უფროსთან ან საქმიან პარტნიორთან და როგორც უკვე აღვნიშნე, მარსი მართავს ვერძისა და მორიელის ზოდიაქოებს, აქედან გამომდინარე, შესაძლებელია მოსალოდნელი სიახლეებიც კონკრეტულად ამ ნიშნების წარმომადგენლებს უკავშირდებოდეს, ანუ ახლა გველოდება 2015 წლის 10 ნოემბერს დაწყებული ციკლის დასრულება.
მარსისა და დაღმავალი კვანძის შეერთება ხდება დაახლოებით 2 წელიწადში ერთხელ, სხვადასხვა ნიშნებში. ქალწულის ზოდიაქოში მარსისა და სამხრეთის კვანძის შეერთება, ბოლოს მოხდა 2006 წლის 2 სექტემბერს, ხოლო მანამდე, მსგავსი ტრანზიტი, აქტიური იყო 1970 წლის სექტემბერში. ახლა მარსისა და დაღმავალი კვანძის შეერთება ხდება ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში, რომელიც არის სამსახურისა და მუშაობის სიმბოლო და ამ შეერთების პერიოდში შესაძლებელია გაგიჩნდეთ განცდა, რომ საქმე, რითაც ხართ დაკავებული, დიდად არ გაინტერესებთ, ვერ ხედავთ მასში აზრსა და პერსპექტივას, შესაძლოა გაგიჩნდეთ სურვილი ყველაფერი მიატოვოთ და წამოხვიდეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული მიიღოთ სწრაფი გადაწყვეტილებები და უნდა გახსოვდეთ, რომ ეს განწყობა გაივლის. იგივე დამოკიდებულება შესაძლოა მოვიდეს პირადი ურთიერთობების ან თქვენი ცხოვრების მიმართაც, ვინაიდან, ცხოვრობთ რუტინაში და არ გაქვთ შედეგი.
ქალწული, სახელმწიფო და საზოგადოებრივი სერვისების სახლების სიმბოლოა, მისი ასტროლოგიური ზუსტი თარგმანი ჟღერს, როგორც: საზოგადოების მომსახურების სახლი, რომელიც უზრუნველყოფს: ელექტროენერგიას, წყალმომარაგებას, სხვადასხვა კომუნალურ სერვისებს, აგრეთვე პოლიკლინიკებს, ტრავმპუნქტებს, პოლიციის განყოფილებებს და ა.შ. ანუ გულისხმობს ისეთ სამსახურებს, რომლებსაც ადამიანები მიმართავენ დახმარებისათვის და ეს ასპექტი გამოხატავს მათი მომსახურებით უკმაყოფილებას, რაც გამოიწვევს ამ სამსახურების რეორგანიზაციას.
მარსისა და კეტუს შეერთება, საფუძველს ჩაუყრის ამ სტრუქტურებში დიდ რეფორმებსა და შექმნის ახალ ორგანიზაციებს, რომელიც შეცვლის ადამიანებსა და ამ სამსახურებს შორის ურთიერთობების სისტემას. ამ შეერთების პერიოდში, გაცოცხლდება ძველი კონფლიქტები, ადამიანები გაახსენებენ ერთმანეთს ძველ წყენებს, ასევე შესაძლებელია დანაკარგებიც, რაც კარმული ვალების გასტუმრებად ჩაითვლება.
ეს პერიოდი ნათელს მოფენს შეცდომებს, ტყუილს, სააშკარაოზე გამოიტანს ფარულ და ბოროტ საქმეებს. თუ თქვენს პირად ცხოვრებაში არის გაურკვევლობა, ამ პერიოდში შესაძლებელია გამოჩნდეს პარტნიორი წარსულიდან და აუცილებელია გამოიჩინოთ წინდახედულობა, ვინაიდან ნებისმიერი სახის კონტაქტს შეუძლია არიოს და გააფუჭოს თქვენი მომავალი გეგმები.
ამ შეერთების დღეებში მოიმატებს კრიტიკულობა, როგორც საზოგადოების ისე საკუთარი თავის მიმართ. სამხრეთის კვანძს მოაქვს ილუზიები და ამიტომ შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ თქვენს ცხოვრებას აკლია რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი, ის რაც აქვს სხვებს, მაგრამ არ გაქვთ თქვენ და თუ ვინმესთან იმყოფებით აქტიურ კონფლიქტურ სიტუაციაში, ამ შეერთების დროს შეძლებთ მორიგდეთ და მიაღწიოთ შეთანხმებას.
კარგი პერიოდია ვალების გასტუმრებისათვის, საკუთარი ტერიტორიისა და გონების გასაწმენდად, აუცილებლის იყოთ ყურადღებიანი, მაგრამ არა კრიტიკულნი საკუთარი თავისა და სხვების მიმართ. ასეთ დროს, კარგი იქნება ვაპიტიოთ საკუთარ თავს შეცდომები და დაგროვილი წყენა, გადაუწყვეტლობა, თავდაჯერებულობის ნაკლებობა, სისუსტის გამოვლენა, წარუმატებლობა, დაკარგული დრო, ან წარსულში გაკეთებული არასწორი არჩევანი და ამ დღეებში გაუშვათ თქვენი ცხოვრებიდან ნეგატიური ემოციები, შიშები და დამოკიდებულებები, დაემშვიდობეთ ყველაფერს რაც გიშლით ხელს, იმისათვის, რომ თქვენი მომავლის გზა გახდეს ნათელი და სიკეთით სავსე.
ეს პერიოდი, განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს იმ ადამიანებზე, ვინც დაბადებული არიან:
• ნებისმიერი წლის 8-დან - 13 მარტის ჩათვლით;
• ნებისმიერი წლის 8-დან - 13 მაისის ჩათვლით;
• ნებისმიერი წლის 8-დან - 13 ივნისის ჩათვლით;
• ნებისმიერი წლის 10-დან - 15 სექტემბრის ჩათვლით;
• ნებისმიერი წლის 8-დან - 14 დეკემბრის ჩათვლით;
• ნებისმიერი წლის 8-დან - 12 იანვრის ჩათვლით“, - წერს ნინა ხომერიკი.
ასევე დაგაინტერესებთ: