ჩვენი შინაგანი სამყარო არის ის პირველწყარო, საიდანაც იკვებება ყოველი დიდი კონფლიქტი. ყველაფერი იწყება წლობით გულში შენახული, ბავშვობაში განცდილი შიშისგან, დამცირებისგან ან უსიყვარულობისგან. თუ ამ ტკივილს არ ვამუშავებთ,არ ვაცნობიერებთ, არ ვტირით, არ ვლაპარაკობთ, არ ვცდილობთ მის გაგებას და დამუშავებას ის არ გაქრება. პირიქით ის გარდაიქმნება მუდმივ შინაგან დაძაბულობად, რისხვად და დაუკმაყოფილებელ ამბიციად.
ეს ენერგია გადამდებია, ადამიანი არის გამტარი. თუ შენ გაბრაზებული ხარ და ამას ვერ აცნობიერებ, შენს ნეგატივს, შიშს და ბრაზს გაუცნობიერებლად გადასცემ შვილს, დას, მეზობელს. ისინი ამ მუხტს იჭერენ და შემდეგ თავად ხდებიან მისი გადამტანები. ასე იქმნება უხილავი ენერგეტიკული ჯაჭვი, სადაც ერთი ადამიანის შინაგანი ქაოსი ხდება უბნის, ქალაქის და ბოლოს მთელი საზოგადოების საერთო განწყობა, კოლექტიური მუხტი. სწორედ ეს არის ომის ნამდვილი „ნედლეული“, რომელიც ტელევიზიამდეც არსებობდა და კაცობრიობას მუდამ თან სდევდა.
თანამედროვე სამყაროში ამ პროცესს სათავეში უდგას ტელევიზია და საინფორმაციო საშუალებები. ისინი არ ქმნიან ახალ შიშს, ისინი უბრალოდ იღებენ ჩვენს უკვე არსებულ, დაუმუშავებელ ტრავმებს და აძლევენ მას მიზანმიმართულ მიმართულებას. ეკრანიდან მუდმივად წამოსული ნეგატივი, სკანდალი და საფრთხის განცდა ადამიანს "ჩაციკლულ" მდგომარეობაში აგდებს. ტვინი გადადის ბრძოლის რეჟიმში, თირკმელზედა ჯირკვლები კი გამოყოფენ კორტიზოლს სტრესის ჰორმონს. ეს არის "ვიზუალური შხამი", რომელიც აფერხებს ლოგიკური აზროვნების უნარს და ადამიანს აიძულებს, თავისი შინაგანი რისხვა კონკრეტულ, ეკრანის მიერ შემოთავაზებულ "მტერზე" გადაიტანოს.
აქ შემოდის პოლიტიკა და ის ადამიანები, ვინც სათავეში დგანან. სისტემის მმართველები მოქმედებენ როგორც ერთგვარი "ენერგეტიკული პარაზიტები", რომლებიც ხალხის კოლექტიური შიშითა და ბრაზით იკვებებიან. მათთვის ხალხის შინაგანი ტკივილი, შიში და ბრაზი საუკეთესო საწვავია „ქანქარის“ ასამუშავებლად პროცესის, სადაც მასები მართვადი ხდებიან საერთო სიძულვილის მეშვეობით. ისინი არა მხოლოდ იყენებენ არსებულ დაძაბულობას, არამედ მიზანმიმართულად თესავენ ბოროტებას, რათა შექმნან საერთო ფსიქოზი: „ჩვენ კარგები ვართ, ისინი ბოროტები".
პოლიტიკური მანქანა თავისთავად ვერაფერს გახდება, თუ მას არ ექნება ჩვენი შინაგანი რისხვა და შიში, როგორც ენერგია. მმართველები ამ კოლექტიურ ქაოსს აძლევენ ორგანიზებულ ფორმას და აქცევენ მას ომად, რადგან დაპირისპირებულ შეშინებულ და აგრესიულ საზოგადოებაზე კონტროლის დამყარება გაცილებით ადვილია. ამ დროს თანაგრძნობა ქრება და რჩება მხოლოდ პრიმიტიული ინსტინქტი: „თუ ჩვენ არ მოვკლავთ, ისინი მოგვკლავენ“. ტყვიები და აფეთქებები მხოლოდ ფიზიკური გაგრძელებაა იმისა, რაც უკვე მოხდა მილიონობით ადამიანის თავში.
გამოსავალი შინაგანი ავტონომიის აღდგენაა. ომის წინააღმდეგ ბრძოლა არ ნიშნავს ქუჩაში გასვლას და სხვისი აზრების შეცვლას. შინაგანი "ავტონომიის" აღდგენა იმის გაცნობიერებაა საჭირო რომ შენი ენერგია შენ გეკუთვნის და არა სისტემას.
თუ სამყარო ჩვენი შინაგანი მდგომარეობის პროექციაა, მაშინ ერთადერთი რამ, სადაც რეალური ცვლილების მოხდენა შეუძლია, ჩვენსავე ფსიქიკაა. რა უნდა გააკეთოს თითოეულმა ადამიანმა კონკრეტულად?
• ყურადღების "შინ" დაბრუნება. დღეს ჩვენი ყურადღება მუდმივად გარეთაა მიმართული ტელევიზია, პოლიტიკოსების განცხადებები, გლობალურ ამბებში. გამოსავალია ყურადღების დაბრუნება საკუთარ სხეულსა და ემოციებზე.
ჰკითხე საკუთარ თავს: "რას ვგრძნობ ახლა?". თუ შენში შფოთვაა, არ მისცე უფლება არავის და არაფერს რომ შფოთვის სიძულვილად გიქციოს. სანამ ყურადღება გარეთაა, შენ მართვადი ხარ. როცა ყურადღება შიგნითაა, შენ ხდები თავისუფალი.
• შინაგანი სამყაროს მოვლა (ფსიქიკური ჰიგიენა). შენი ფსიქიკა შენი სახლია. ისევე, როგორც ნაგავს არ ყრი სახლში, არ უნდა ჩაუშვა შენს გონებაში საინფორმაციო ნაგავი, რომელსაც სისტემა სპეციალურად გაწვდის შენი წონასწორობიდან გამოსაყვანად. გაფილტრე ყველაფერი, რაც შენს ნერვულ სისტემას ანგრევს. იმუშავე ბავშვობის ტრავმებზე, როცა შენს შინაგან "ჩაკეტილ ოთახებს" დაალაგებ, შენი ტკივილი აღარ გახდება საწვავი სხვისი პოლიტიკური თამაშებისთვის.
• ემოციური იზოლატორის ფუნქცია (ჯაჭვის გაწყვეტა). იყავი ის, ვისთანაც ნეგატიური ენერგიის ჯაჭვი წყდება. თუ სისტემა ბრაზით ან შიშით მოგმართავს, შენი პასუხისმგებლობაა, ეს მუხტი არ გაატარო და სხვას არ გადასცე. ეს არის უმაღლესი შეგნების აქტი, შენ წყვეტ „ქანქარის“ კვებას. შენ ამბობ: "ეს ტკივილი ჩემზე ჩერდება, მე მას რეაქციით აღარ გავამრავლებ".
• შემოქმედება. ომი ნგრევაა. მისი საპირწონეა ნებისმიერი ქმედება, რომელიც წესრიგს, სილამაზეს ან სარგებელს ქმნის. ააშენე, დახატე, დაალაგე გარემო. ამასთანავე, ისწავლე სხეულის დამშვიდება ღრმა სუნთქვით (4 წამი შესუნთქვა, 6 წამი ამოსუნთქვა). ეს აჩერებს კორტიზოლის დენას. დამშვიდებული სხეული ნიშნავს ნათელ გონებას, რომელიც იმუნურია პროპაგანდის, პოლიტიკური მანიპულაციისა და სიძულვილის მიმართ.
მშვიდობა არის შინაგანი მდგომარეობა, რომელსაც ყოველდღიური ჰიგიენა და მოვლა სჭირდება. რეალური მშვიდობა არ მყარდება მაშინ როდესაც, თითოეული ჩვენგანი უარს ამბობს საკუთარი ტკივილის სხვისთვის დაზიანების იარაღად გადაქცევაზე. ტკივილის გაზიარება და მისი ერთად გაცნობიერება კურნავს, ხოლო მისი ბრაზად ქცევა და სხვისკენ მიმართვა ომს კვებავს.
გახსოვდეს, ყოველი დილა არის არჩევანი. გახდე კიდევ ერთი რგოლი სიძულვილისა და რეაქციული ბრაზის ჯაჭვში, თუ გახდე ის "იზოლატორი" რომელიც ნეგატიურ ენერგიას გააზრებითა და თანაგრძნობით დაამუშავებს. ჩვენი შინაგანი სამყარო არის ერთადერთი ფრონტის ხაზი, სადაც თითოეულ ჩვენგანს ნამდვილი გავლენის მოხდენა შეუძლია. ნუ დაელოდები, როდის დადუმდება იარაღი გარეთ პირველ რიგში, დაადუმე ის შენში.
როცა ერთი ადამიანი წყვეტს რისხვის გამრავლებას, ის ასუსტებს საერთო "ხანძარს", როდესაც ამას ბევრი ადამიანი აკეთებს, ომის ეგრეგორს საწვავი ეცლება და ის უბრალოდ ქრება, რადგან მას აღარავინ კვებავს.
ომი ჩვენი შინაგანი სამყაროს სარკეა!
ასევე დაგაინტერესებთ: