
მაგია რეალურ ცხოვრებაში და თემა: როგორ მუშაობს „სიზმრის დამჭერი“. ეს უძველესი თილისმა კოშმარების საწინააღმდეგოდ შეიქმნა, რათა სიზმრებიდან ბოროტი სულები განედევნა. ეს მისტიკური თილისმები, საუკუნეების სიღრმიდან რომ მოაღწია ჩვენამდე, დღესაც ძალიან პოპულარულია მთელ მსოფლიოში. შესაბამისად, საინტერესოა, რა დგას ამ „ჯადოსნური მცველის“ უკან და რა მაგიური ძალა აქვს რეალურად? სწორედ ამის გასარკვევად „თბილისელებს“ ეზოტერიკოსი ესაუბრა:
- სიზმარი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რომელსაც ხშირად ვხედავთ ღამით, როცა მძიმე სამუშაო დღის შემდეგ დასვენებას ვცდილობთ. თუმცა სიზმრები ზოგჯერ გვაშინებს და სწორედ ასეთი კოშმარებისგან თავდასაცავად შეიმუშავეს ძველმა ინდიელებმა თილისმები, რომლებიც ჩვენთან ცნობილია, როგორც „სიზმრების დამჭერი“.
- როგორ გაჩნდა „სიზმრის დამჭერი?“
- თანამედროვე „სიზმრის დამჭერების“ მსგავსი თილისმა პირველად ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელთა ტომების ისტორიულ წყაროებში გვხვდება. ძველად სიზმრებს ცოცხალ არსებად, ჯადოსნურ სულად მიიჩნევდნენ და სჯეროდათ, რომ ადამიანისთვის ბედნიერების მინიჭებაც შეეძლოთ და ზიანის მიყენებაც. ამიტომ, ცუდი სიზმრებისგან თავდასაცავად, ინდიელებმა შალის ძაფებისა და ტირიფის ტოტებისგან თილისმა შექმნეს. არსებობს სხვადასხვა ტომის რამდენიმე მშვენიერი ლეგენდა. მაგალითად, ერთ-ერთის თანახმად: უხუცესმა შენიშნა, რომ ტომის წევრებს ძალიან ცუდად ეძინათ და გადაწყვიტა, წმინდა მთაზე ასულიყო. იქ მას ობობას სახით „სიბრძნის მფარველი“ გამოეცხადა. ბელადმა მას ტომის გასაჭირზე უამბო. ისმინა რა ეს „ობობა-ღვთაებამ“, იქვე, ბებერ ტირიფს ტოტი შეატეხა, წრედ შეკრა და ჩიტის ბუმბულით შეამკო. რგოლში ქსელი გააბა, შუაში კი პატარა ხვრელი დაუტოვა, რის შემდეგაც უხუცესს ერთი საიდუმლოც გაუმხილა: „ტირიფის წრე ადამიანის ცხოვრების წრის სიმბოლოა: ბავშვი იბადება, იზრდება, სრულწლოვანებას აღწევს და ასაკის მატებასთან ერთად, ახალ თაობაზე ზრუნვას საკუთარ თავზე იღებს. ქსელი კი ის უსასრულო გზაა, რომელზეც ადამიანი მოძრაობს და თითოეული საკუთარ გზას ირჩევს. ცხოვრების ყოველ წამს ადამიანს ვნებები იპყრობს: როცა ვნება კარგია - ის ადამიანს სწორ გზაზე გაიყვანს და თუ ბოროტია - მცდარი გზით ატარებს. ქსელი სრულყოფილი წრეა, მაგრამ ცენტრში ხვრელი აქვს. კარგი აზრები ცენტრის გავლით აღწევს ადამიანამდე, ბოროტ აზრებს კი ქსელი დაიჭერს და გამთენიისას გაქრება კიდეც. თუმცა, სხვა ტომის ლეგენდა გვიყვება, რომ არსებობს „ქალღმერთი ობობა“, რომელიც რეალურად ქსოვდა ბადეს და დედამიწაზე ყველა ცოცხალ არსებაზე ზრუნავდა. მაგრამ, როცა კაცობრიობა ერებად დაიყო და მთელ დედამიწაზე გაიფანტა, ობობამ ყველას თვალყურის დევნება ვერ შეძლო, მაშინ ის ქალებს სიზმარში გამოეცხადა და სპეციალური ჯადოსნური ბადეების ქსოვა ასწავლა. ამ ბადეს უნდა დაეცვა მათი ქმრები და ვაჟები, თავად ქალღმერთი კი, გამთენიისას ყველაზე კაშკაშა მზის სხივებს მოაფრქვევდა ქსელზე და მასში გაატანდა, რათა კაცობრიობას მშვიდად და ბედნიერად გაეგრძელებინა ცხოვრება. ასეთ თილისმას ეწოდება „ხელნაკეთი ან ხელით ნაქსოვი ობობას ქსელი” და ამ მეთოდით იქმნება ის დღემდე.
- რა დანიშნულება აქვს „სიზმრის დამჭერს“ დღეს?
- „სიზმრის დამჭერი“ თანამედროვე სახლისთვის მხოლოდ დეკორატიული ელემენტი როდია. მას, როგორც ადრე, დღესაც თილისმის ფუნქცია აქვს და მთელ ბოროტებასა და ნეგატივს თავისთვის იგროვებს - ფაქტობრივად, შთანთქავს მთელ სიბნელეს, რაც კი, ჩვენ გარშემო, ჰაერში ტრიალებს. ასევე გვეხმარება, ვნახოთ წინასწარმეტყველური სიზმრები და იმ წინაპართა ხმები, რჩევები შევისმინოთ, შიგადაშიგ მიწაზე რომ ეშვებიან საკუთარ შთამომავალთა ცხოვრებისთვის თვალის გადასავლებად და ასევე, გასაფრთხილებლად, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გველის. ტრადიციული „სიზმრების დამჭერი“ შედგება რგოლში გაბმული ძაფების „აბლაბუდისგან“, რაშიც ის ნეგატივს აგროვებს და ასევე, ბუმბულის ფუნჯებისგან, დადებით ენერგიას რომ იზიდავს და საწოლის სასთუმალთან უყრის თავს.
- შეიძლება, ნებისმიერმა გააკეთოს ეს თილისმა?
- დიახ. ოღონდ, გაითვალისწინეთ, რეალური „სიზმრის დამჭერი“ რომ შექმნათ, ყველა წესის დაცვით უნდა გამოიყენოთ მასალები და კვანძებისა და სხვა დეკორაციების რაოდენობაც მასვე უნდა შეესაბამებოდეს. მაშ ასე, საფუძვლად აიღეთ ტირიფის ტოტები და ბუნებრივი მასალისგან დამზადებული ძაფები, უმეტესად მატყლის. ასევე, მნიშვნელოვანია მძივებიც - დამზადებული ბუნებრივი ან ფერადი მინის თვლებისგან. არ გეგონოთ, რომ მძივები ჩვეულებრივი დეკორატიული ელემენტია, უძველეს ტომებში ტრადიციულად ერთ დიდ მძივს იყენებდნენ, რომელიც მიმაგრებული იყო ქსელის ცენტრში და ობობას ქალღმერთს განასახიერებდა. თანდათანობით მასში მძივების ფორმა და რაოდენობა შეიცვალა. მაგალითად, ქსელში შეიძლება ბევრი პატარა მძივიც იყოს, ადამიანთა სულების სიმბოლოდ, რომლებიც მასში ობობა-ქალღმერთმა ჩააქსოვა, ანდა მეორენაირად: ეს თვლები ტკბილი სიზმრების მატერიალიზების საშუალებადაც მიიჩნეოდა. საკრალური მნიშვნელობა აქვს ასევე, „სიზმრის დამჭერის“ ქსელში არსებულ კვანძებისა და დეკორაციათა რაოდენობასაც. კლასიკურ „სიზმრის დამჭერს“ 13 მნიშვნელოვანი წერტილი აქვს მსხვილად ნაქსოვ წრეში, რაც მთვარის 13 ფაზას განასახიერებს. მომდევნო წრეში უნდა იყოს 8 წერტილი - ობობას ფეხების რაოდენობის მიხედვით, მას მოსდევს შემდეგი წრე, შვიდი კვანძით - რაც იმ წინასწარმეტყველებათა რაოდენობას შეესაბამება, რომელსაც ყოველი მოკვდავი ნამდვილად განჭვრეტს სიცოცხლის განმავლობაში. და კიდევ, ორი წრე - 6 და 5 კვანძით. აქედან, წრეზე 6 კვანძი ძალის სიმბოლოა და როგორც წესი, კლანის ან ტომის ყველაზე მნიშვნელოვან ტოტემურ (ადამიანის თანმდევი მფარველი ცხოველი) ცხოველებს აღნიშნავს, ხოლო 5 კვანძი - კარიბჭეა, რომელსაც კარგი სიზმრები გაივლის.
- სხვა კიდევ რა თილისმა დაგვიცავს კოშმარებისგან და კარგ სიზმრებს მოგვგვრის?
- სინამდვილეში, საკმაოდ ბევრი თილისმა „მუშაობს“ სიზმრებზე. მათგან უმარტივესი, რომელიც დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ მოიპოვოთ, „ქათმის ღმერთია“. სახელი შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს ჭეშმარიტად ბუნებრივი თილისმაა - ჩვეულებრივი კენჭი, რომელსაც ნებისმიერი მდინარის ნაპირას წააწყდებით. ქვა ბუნებრივად, წყლის ჭავლით უნდა იყოს გახვრეტილი. თუ თავად მოახერხებთ მის პოვნას, ნახვრეტში შალის ძაფი გაუყარეთ, ყელზე დაიკიდეთ და არასდროს მოიხსნათ. ასეთ თილისმას ბედნიერება მოაქვს და ცუდი სიზმრებისგანაც დაგიცავთ.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რომელი ფერები შეგესაბამებათ დაბადების სტიქიის მიხედვით
წყარო: tbiliselebi.ge