ასტროლოგ ხათუნა ნოელის განმარტებით, მერკურის უახლოეს რეტროგრადულობას თან ახლავს სტაციონარულობისა და ე.წ. „ჩრდილოვანი მარყუჟის“ პერიოდი, როდესაც პლანეტის გაჩერება დედამიწაზე სრულ სტაგნაციას, მენტალურ გადაღლასა და პროცესების შეფერხებას იწვევს.
ასტროლოგი საზოგადოებას მოუწოდებს, ამ დღეებში მოერიდონ მგზავრობის დაგეგმვას, ბილეთების ყიდვას, მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმებასა თუ მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღებას, რადგან შეცდომების გამოსწორება მოგვიანებით შეუძლებელი გახდება:
„მერკურის რეტროგრადულობა, მარყუჟი და სტაციონარულობის პერიოდი.
რეტროგრადულობას ყოველთვის თან ახლავს წინა და მომდევნო პერიოდები, რომლებსაც ასტროლოგები მარყუჟს ვუწოდებთ. როდესაც პლანეტა პირველად გადადის იმ გრადუსზე, რომელზედაც ის შემდეგ უნდა შემობრუნდეს, იწყება მისი ეგრეთ წოდებული.
„ჩრდილოვანი პერიოდი“ ანუ მარყუჟი.
მაგალითად, მერკურის უახლოესი რეტროგრადულობა გვექნება 24 ოქტომბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით, მაგრამ მარყუჟში ის უკვე გუშინ შევიდა და იქიდან საბოლოოდ 30 ნოემბერს გამოვა.
ფაქტობრივად, მარყუჟში შესვლიდან რეტროგრადულობამდე პერიოდი (ისევე როგორც რეტროგრადულობიდან გამოსვლის შემდგომი პერიოდი) სტაციონარულობის პერიოდს ემთხვევა. როდესაც პლანეტა მიმართულებას იცვლის, დედამიწაზე მყოფი დამკვირვებლისთვის მერკური გაჩერებული ჩანს.
სტაციონარულობის დღეები ასტროლოგიაში ყველაზე დაძაბულ და ენერგეტიკულად მძიმე წერტილებად ითვლება, რადგან პლანეტის ენერგია მაქსიმალურად კონცენტრირებულია.
თუ რეტროგრადულობის სამი კვირა ქაოსური, მაგრამ მაინც დინამიკური პროცესია, სტაციონარულობა სრული სტაგნაციისა და პაუზის დროა.
რეტროგრადულობისას ძველი საქმეების გადაკეთება და აქტიური რედაქტირებაა რეკომენდებული. აი, სტაციონარულობის დროს კი სჯობს, საერთოდ გაჩერდეთ. დააკვირდით მოვლენებს ყოველგვარი ჩარევის გარეშე. ამ დღეებში დაწყებული ნებისმიერი რამ სამუდამოდ გაიჭედება და პროგრესი არ ექნება.
ეს იმიტომ ხდება, რომ მერკური გონებას განკარგავს და გონებრივი პროცესები ამ პერიოდში მაქსიმალურად შენელებული, მენტალური რესურსი კი მინიმუმზეა. როგორც, ალბათ, ხვდებით, ეს საუკეთესო დროა ტვინის დასასვენებლად, ფსიქოთერაპიისთვის ან უბრალოდ ძილისთვის. უპირატესობა მიანიჭეთ რუტინულ მოქმედებებს.
მერკური ასევე განკარგავს ტრანსპორტსა და გადაადგილებებს. სტაციონარულობის დღეებში ნუ იყიდით ბილეთებს. ნუ დაგეგმავთ მგზავრობას. თუ რეტროგრადულობისას ტრანსპორტი აგვიანებს, სტაციონარულობის დღეებში რეისები საერთოდ უქმდება, ტექნიკა კი უარს ამბობს მუშაობაზე.
რაც შეეხება ინფორმაციას, უბრალოდ მოისმინეთ, შეაგროვეთ ფაქტები, მაგრამ ნუ ეცდებით დასკვნების გამოტანას . რეალური სურათი ამ დღეებში დამახინჯებულია.
ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ამ 2-3 დღეში მიიღებთ (იქნება ეს სამსახურიდან წამოსვლა, დაშორება თუ ხელშეკრულებაზე უარის თქმა), მოგვიანებით აბსოლუტურად მცდარი აღმოჩნდება, თუმცა მისი შეცვლა უკვე შეუძლებელი გახდება.
დაელოდეთ რეტროგრადულობის დაწყებას, მით უმეტეს, თუ თქვენს რუკაშიც მერკური უკუსვლითია. მაშინ სწორედ თქვენთვის ხელსაყრელი პერიოდი დგება და მოცდად ნამდვილად ღირს!
აქვე ერთ-ორ საინტერესო ფაქტსაც მოგახსენებთ:
2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19 ოფიციალურად გამოაცხადა გლობალურ პანდემიად და ამან ბიძგი მისცა მომდევნო დღეებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მასობრივ ლოკდაუნს. საინფორმაციო სივრცეში სრული შოკი და გლობალური პაუზა ჩამოწვა! ფაქტობრივად, ლამის მთელი მსოფლიო გაჩერდა!
და აი, რა საოცარი დამთხვევაა: ამ დროს მერკური მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში ასრულებდა რეტროგრადულ სვლას და სწორედ ამ დღეს გაჩერდა, რათა პირდაპირ მოძრაობაში დაბრუნებულიყო.
ანუ, ნახეთ: მერკური გაშეშდა მერწყულში (რომელიც მართავს ავიაციას, გლობალურ კავშირებსა და სოციალურ ჯგუფებს). სტაციონარულობის ამ წერტილმა სიტყვასიტყვით გაყინა ყველა ეს სფერო - საზღვრები ჩაიკეტა, ფრენები გაუქმდა და დაიწყო სოციალური დისტანცირება. მილიარდობით ადამიანი სახლში ჩაიკეტა, შეწყდა საერთაშორისო მიმოსვლა, დაიხურა საზღვრები, ქარხნები, სკოლები და ბიზნესები. ქალაქების ქუჩები სრულად დაცარიელდა, რამაც გლობალური ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების უპრეცედენტო სტაგნაცია გამოიწვია.
მსოფლიო ავიაციის სრული გაჩერების კიდევ ერთი შემთხვევა 2010 წლის აპრილში იყო - ისლანდიაში ვულკან აიუჰვედლეუკის ამოფრქვევის გამო. 15 აპრილიდან, როდესაც ფერფლის ამ მასამ ევროპის მატერიკულ ნაწილს მიაღწია, ავიამიმოსვლის სამსახურებმა თვითმფრინავების ძრავების დაზიანების რისკის გამო ევროპის საჰაერო სივრცის უმეტესი ნაწილი ჩაკეტეს. ფრენების ძალიან დიდი ნაწილი გაუქმდა. ამან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საჰაერო მიმოსვლის ყველაზე მასშტაბური შეფერხება გამოიწვია. ჩაკეტვის პიკი 17 აპრილს დაემთხვა - სწორედ ამ დღეს გახდა მერკური სტაციონარული. გაჩერდა მერკური და გააჩერა მთელი ავიაცია!
თუმცა მერკურის სტაციონარულობა ყოველ ჯერზე ასე რომ მოქმედებდეს, მაშინ წელიწადში ექვსჯერ გვექნებოდა მსგავსი ამბები. საბედნიეროდ, მხოლოდ მისი სტაციონარულობა არ იწვევს ამხელა მასშტაბის გაჩერებებს. მაგრამ ასეთი დამთხვევები მაინც საინტერესოდ და საგულისხმოდ მეჩვენება ხოლმე“, - წერს ხათუნა ნოელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ყველაზე ლამაზი გოგო“ - ევა ბარბაქაძის ახალი კადრები სოცქსელს იპყრობს
⭕ საკალათბურთო სუპერლიგა - საქართველოს პირველობა მოქმედი ჩემპიონის გამარჯვებით გაიხსნა