🗓️ 15 ივნისს, თბილისის დროით 6:54 საათზე, ტყუპის ზოდიაქოს ნიშანში ახალმთვარეობა დგება.
🌬️ თუ გასული თვის კუროს ახალმთვარეობა მატერიალურ სტაბილურობასა და ფინანსური საძირკვლის გამყარებას უკავშირდებოდა, ახლა ენერგია რადიკალურად იცვლება.
ტყუპი - ჰაერის სტიქიას მიეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ გააქტიურდება ინფორმაციასთან, კომუნიკაციასთან, იდეების გენერირებასთან და სოციალური მოქნილობას დაკავშირებული საკითხები. ის რაც გასული თვის მეორე ნახევრიდან გამყარდა და სტაბილური გახდა, 15 ივნისიდან ერთი თვის განმავლობაში „არსით აივსება“, აზრი მიენიჭება და მისი ანალიზი მოხდება. ამ პერიოდში კოსმოსი შანსს გვაძლევს, ჩვენი გონება ახალ ტალღაზე გადავრთოთ, ძველი პატერნები (შაბლონები) შევცვალოთ და ცხოვრებისეულ გამოწვევებს ბევრად უფრო მსუბუქად და რაც მთავარია, ინტელექტუალური კუთხით შევხედოთ.
🌍 ახალმთვარეობის წერტილი (მზისა და მთვარის შეერთება) ტყუპის 25-ე გრადუსში ხდება. ასტროლოგიურად, ეს გრადუსი გამორიცხავს ყოველგვარ გულგრილობას. ამ პერიოდში ადამიანებში ყველაფრის მიმართ ინტერესი საგრძნობლად იზრდება.
გვიჩნდება სურვილი, ყველაფერს სიღრმისეულად ჩავწვდეთ, ცნობისმოყვარეობა გამოვიჩინოთ და ერთდროულად რამდენიმე საქმეს შევეჭიდოთ. თუმცა, ამ გრადუსს თავისი საფრთხეებიც ახლავს: ეს არის ზედმეტად აქტიური, მაგრამ იმავდროულად გაფანტული ენერგია (უფრო სწორად, გაორებული და მიმართულება დაკარგული). აქტიურობა ხშირად ზედაპირულია.
შესაძლოა ერთდროულად ბევრი საქმე დავიწყოთ და ბოლომდე არცერთი მივიყვანოთ. მუნდანურ (გლობალურ) დონეზე ეს მიანიშნებს ახალ საინფორმაციო ციკლზე. წინა პლანზე გამოვა ინფორმაცია, ურთიერთობები, მოლაპარაკებები, პოზიციების ურთიერთშეჯერება, ლოგისტიკა, გარიგება და ასევე საგანმანათლებლო სფეროები. ორგანიზაციებსა თუ სახელმწიფოებს შორის გააქტიურდება ახალი ტიპის მოლაპარაკებები. თუმცა ზედაპირული და მოუმზადებელი გარიგებები მარცხისთვის იქნება განწირული.
🪐 ამ ახალმთვარეობის სიგნიფიკატორი (მმართველი პლანეტა) მერკური კირჩხიბის ნიშანში იმყოფება და საკმაოდ მკაცრ, დაძაბულ ასპექტს (კვადრატს) ქმნის ვერძში მდებარე სატურნთან. რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? სიტყვებს ახლა ძალიან დიდი წონა ექნება.
⚖️ ეს ზედაპირული დაპირებების დრო არ არის. ნებისმიერი მოლაპარაკება ან ხელშეკრულება დისციპლინას, პასუხისმგებლობასა და ემოციების მართვას მოითხოვს. სატურნი ფაქტების დამახინჯებას „არ გვპატიობს“, ამიტომ შემოსული ინფორმაცია ცივი გონებით უნდა გადავამოწმოთ. თუმცა, მერკურის აქვს შესანიშნავი ჰარმონიული ასპექტი (სექსტილი) კუროში მყოფ მარსთან. ეს კავშირი გვაძლევს უნარს, ჩვენი იდეები და ნააზრევი უბრალოდ კი არ გაიფანტოს, არამედ პრაქტიკულ, მატერიალურ შედეგებად ვაქციოთ, თუმცა ამისთვის მუხლჩაუხრელი და ოფლისმღვრელი შრომა მოგვიწევს (მარსი კუროში).
🎯 რას უნდა ველოდოთ და როგორ ვიმოქმედოთ? კომუნიკაცია და კონტაქტები: იდეალური დროა ახალი ნაცნობობისთვის, მოლაპარაკებებისა და საქმიანი კავშირების გასაფართოებლად. ინფორმაციის სწრაფად გაცვლა და საჭირო ადამიანებთან დაკავშირება წარმატების მთავარი გასაღები იქნება. სწავლა და ინტელექტუალური განვითარება: თუ გსურთ ახალი პროფესიის ათვისება, უცხო ენის კურსების დაწყება ან მნიშვნელოვანი პროექტის დაწერა, ახალმთვარეობა ამის დაგეგმვისთვის საუკეთესო პირობებს ქმნის.
დისციპლინა სიტყვებში: მერკური-სატურნის კვადრატის გამო, მოერიდეთ ჭორებს მოსმენა-გავცელებას, გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე დაყრდნობასა და ზედმეტი დაპირებების გაცემას. თქვით მხოლოდ ის, რისი შესრულებაც რეალურად შეგიძლიათ.
⚠️ ფინანსური და ემოციური სიფრთხილე: ვენერა-პლუტონის დაპირისპირება გაფრთხილებთ, რომ არ აჰყვეთ ეჭვიანობასა და პარტნიორის კონტროლის სურვილს. ასევე მოერიდეთ სარისკო, დაუფიქრებელ ფინანსურ ოპერაციებს.
🔄 ზოდიაქოს ნიშნების დინამიკა 🌟
პერსპექტიული (ტყუპი, სასწორი, მერწყული, ვერძი, ლომი): ეს თქვენი დროა! ახალმთვარეობა უდიდეს ინტელექტუალურ და სოციალურ პოტენციალს გიხსნით. მოგეცემათ შანსი, საკუთარი იდეები გარშემო მყოფებს გაუზიაროთ, მოიპოვოთ მხარდაჭერა, ახალი მეგობრები შეიძინოთ და მნიშვნელოვან შეთანხმებებს მიაღწიოთ. იმოქმედეთ თამამად და სიახლეებისთვის მზად იყავით.
🚀🌪️ ინტენსიური (ქალწული, მშვილდოსანი, თევზები): მუტაბელური (ცვალებადი) ჯვრის ნიშნებისთვის ეს პერიოდი ახალ საინფორმაციო რეალობასთან სწრაფ ადაპტაციას მოითხოვს. შესაძლოა, მოგიწიოთ ძველი გეგმების შეცვლა ან კონკურენტულ გარემოში საკუთარი პოზიციების დაცვა. მოერიდეთ დაბნეულობის გამოჩენას, მთავარ მიზნებზე კონცენტრირდით და ნურც კომპრომისებზე წასვლის შეგეშინდებათ.
📈 აქტიური (კურო, კირჩხიბი): მარსისა და მერკურის გავლენით, თქვენთვის ეს საკმაოდ პროდუქტიული და პრაქტიკული პერიოდი იქნება. ახალი იდეების დანერგვას და ფინანსური მდგომარეობის გამყარებას შეძლებთ. მთავარია, ემოციები გვერდზე გადადოთ და ლოგიკას მიჰყვეთ.
🍵ნეიტრალური (მორიელი, თხის რქა): თქვენთვის პროცესები შედარებით მშვიდად, რადიკალური რყევების გარეშე ჩაივლის. ეს დრო შემოსული ინფორმაციის ანალიზისთვის, ყოველდღიური საქმეების დაგეგმვისა და შინაგანი სტრატეგიების გადასახედად გამოიყენეთ.
ასევე დაგაინტერესებთ: