ამ დღეს თუ ერთობი, მოგვიანებით იტირებო და იცით, რას ეხება ეს? გსმენიათ ხომ 13 რიცხვის პარასკევზე?.. და ის თუ გაგიათ, როგორ უნდა შეხვდეთ ამ თარს დღეს, რომ ცხოვრება არ გაინადგუროთ? სწორედ ამ ინტერვიუში შეიტყობთ ყველაფერს: ინფორმაციას ძირითად მინიშნებებსა და იმაზეც, მართლა საშიშია თუ არა პარასკევი 13 რიცხვში; რა შეიძლება ან არ შეიძლება გაკეთდეს ამ დღეს და მიიღებთ კომპეტენტურ რჩევებს, რათა სათანადოდ მომზადებული შეხვდეთ კალენდრის ამ ყველაზე თარსს დღეებს.
- როცა პარასკევს 13 რიცხვი ემთხვევა მთელ მსოფლიოში ეს უიღბლო დღედაა აღიარებული - ეს თარიღი მრავალ საშიშ გადმოცემასა და ცრურწმენას აერთიანებს...
- და... რატომ არის „პარასკევი - 13“ ასე საშიში?
- ალბათ, გსმენიათ, რომ 13 თარსია და ცუდი რეპუტაციით სარგებლობს - აღიქმება, როგორც „ზედმეტი“, რადგან, წესისამებრ: 12-ია მოციქულიც, ზოდიაქოს ნიშანიც და თვეც წელიწადში. ამიტომაც, ცდილობდნენ ყოველთვის, რომ თავი აერიდებინათ 13-სთვის. პარასკევი ტრადიციულად ქრისტეს ვნებისა და მაცხოვრის ჯვარცმის ხსოვნას უკავშირდება. ხალხურ კულტურაში კი, ის მარხვასთან, თავშეკავებასა და უამრავ ტაბუსთან ასოცირდება. ლეგენდის თანახმად, ჯადოქრები ამ დღეს კუდიანთა შაბაშზე იკრიბებოდნენ. თუმცა, შეკრებაში მონაწილეობის უფლება მხოლოდ 12 ჯადოქარს ჰქონდა, ხოლო მე-13 - სატანა, შაბაშის კულმინაციის დროს უნდა გამოჩენილიყო. ეს ყველაფერი ფოლკლორი და გამოცემებია, თუმცა სიფრთხილეს თავი არ სტკივა...
- რა არ უნდა გავაკეთოთ 13-ის პარასკევს?
- უპირველეს ყოვლისა, „პარასკევი -13“ მკაცრი თავშეკავების დღედ მიაჩნდათ, განსაკუთრებით, ქალის საოჯახო საქმიანობაში. „13-ის პარასკევის“ აკრძალვების შემდეგი ჩამონათვალი კი ასეთია: ბავშვის დაბანა - სერიოზულ დაავადებას გამოიწვევს; ხეზე ასვლა და ხილის კრეფა - ამ ხეს გაახმობს; ზოგიერთი ტრადიციის თანახმად, ამ დღეს გამომცხვარ პურს შეიძლება „სისხლის ღვრა“ მოჰყვეს; ცხვრის ყველისა და რძის მირთმევა - პირუტყვს ნაყოფიერებას დააკარგვინებს; ცხვრის დასუფთავება, გაპარსვა - ცხოველის ბეწვს დააზიანებს; დაქვრივების რისკის ქვეშ დააყენებს ამ დღეს მამაკაცს - წვერის გაპარსვა, ქალის კი - თმის დაბანა; ბაღ-ბოსტნის სარეველებისგან გაწმენდა - სეტყვას გამოიწვევს და მოსავალს გააფუჭებს; არაფერი გასცეთ სახლიდან - განსაკუთრებით მკაცრად იკრძალება რძის, ყველის, კარაქის, მატყლისა და სხვა მეცხოველეობის პროდუქტის გაცემა; არც კერიიდან უწილადოთ ვინმეს ცეცხლი (მუგუზალი) - სახლი დაუცველი დარჩება; ნურც მნიშვნელოვან პროექტებს წამოიწყებთ - წარუმატებელი იქნება; ნიშნობა ან ქორწინება ხომ უბედურებისთვისაა განწირული; არც სიმღერა, ცეკვა და გართობა ვარგა - ვინც პარასკევს გაერთობა, კვირას იტირებს; ხოლო სუფრასთან თუ 13 ადამიანი შეიკრიბა, ერთ-ერთი მათგანი ერთ წელიწადში მოკვდება.
- რა შეგვიძლია გავაკეთოთ პარასკევს - 13-ში?
- დაიცავით მარხვა და იყავით თავშეკავებულნი. გაატარეთ ეს დღე მშვიდად და თავშეკავებით, შეასრულეთ დამცავი და სამკურნალო რიტუალები. წარმოთქვით ავადმყოფობის, ბოროტი თვალისა და მავნე ზემოქმედების საწინააღმდეგო შელოცვები; უარი თქვით მნიშვნელოვანი საქმეების წამოწყებაზე - ამ დღეს უმოქმედობისთვის არავინ განგსჯით; ყურადღება მიაქციეთ სიზმრებსა და მინიშნებებს; შეინარჩუნეთ სიმშვიდე და იყავით თავშეკავებული. საერთოდ, ეს, როგორც საკრალური დღე, მშობიარე და მრთველი ქალის მფარველად მიიჩნევა.
- საბოლოოდ, მართლა ასე საშიშია ეს თარსი 13-ის პარასკევი?
- როგორც სხვადასხვა მიმართულების მაგიის ოსტატები ამბობენ, „პარასკევი - 13“ არც ისეთი საშიშია, როგორადაც წარმოაჩენენო. მაგალითად, ერთ-ერთი ამბობს: 13 მაისს დავიბადე და მეუღლეც 13-ში გავიცანი, ამიტომ ამ რიცხვს იღბლიან დღედ მივიჩნევო. თუმცა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი დედებისა და ბებიების ცნობიერებაში ღრმადაა ფესვგადგმული ეს და კიდევ, ვთქვათ, მაგიდაზე დაბნეული მარილისა და შავი კატის ამბავი. ამიტომ, არ დაიპროგრამოთ თავი ცუდი მოლოდინებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, პლაცებოს ეფექტი ამოქმედდება. პირიქით, პოზიტიურად უნდა იფიქროთ და 13-იც იღბლიანი გახდება თქვენთვის. ამ დროს 13, რაღაც საშინელი, ეშმაკისეული რიცხვი კი არაა - 1 აღნიშნავს ნებას, სინათლეს, მოძრაობას, უმაღლეს ძალებს; 3 კი - სამკუთხედის ნიშანია, რომელიც შეიცავს წარსულს, აწმყოსა და მომავალს. ასე რომ, 13 - უმაღლესი ძალებისა და შორსმჭვრეტელობის კომბინაციაა და ცოდნასა და სინათლეს გამოხატავს. პარასკევი კი კვირის მეხუთე დღეა, ხოლო ხუთი რისკის ნიშანია. ამიტომ, პარასკევს, 13-ში, შეგიძლიათ მოიგოთ ჯეკპოტი, გქონდეთ ბედნიერი ქორწინება, დადოთ გარიგება ან იპოვოთ სამსახური. რაც შეეხება სიზმრებს, ხუთშაბათიდან პარასკევ ღამეს ნანახი წინასწარმეტყველურია. თუ ეს სიზმარი ღამის 12-დან 3 საათამდე დაგესიზმრათ, ამ პერიოდში ქვეცნობიერის კარიბჭე ოდნავ იხსნება და თქვენ გაქვთ წვდომა უმაღლეს ძალებთან. თუმცა არსებობს სიზმრები, რომლებიც შეიძლება ორშაბათს და კვირას ნახოთ და ისიც გაცხადდეს. ეს დამოკიდებულია ადამიანის განვითარებაზე, მის ქვეცნობიერზე, სულიერებაზე, განწყობაზე, აზრებზე - მრავალ ფაქტორზე, მათ შორის, ადამიანის რეალიზების უნარსა და ცნობიერებაზე, აზროვნების წესზე. თუ გსურთ, წინასწარმეტყველური სიზმრები ნახოთ არა პარასკევს, 13-ში, არამედ ხშირად, ეს შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დააკვირდებით თქვენს ქმედებებსა და აზრებს, მოერიდებით აგრესიას, ბოროტება არავის უსურვოთ და დაიცავით ათივე მცნება.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი ფოტო კოლექცია
წყარო: tbiliselebi.ge