ძალიან ბევრს ნახავთ, შალის წითელი ძაფი რომ აქვს მაჯაზე შებმული და ეს უკვე აღარავის უკვირს. პირიქით, ისიც იციან, რომ ეს ჯადოსნური ატრიბუტი მფლობელს ბოროტი თვალისგან იცავს და იღბალსაც სწევს. მაგრამ, გსმენიათ რამე შავი ძაფის შესახებ? - არა? სულ ტყუილად, რადგან შავ ძაფს დიდი ძალა აქვს. თუ რით შეუძლია ამ მაგიურ ძაფს მფლობელის დახმარება, რას განსაზღვრავს შავი ფერი და რა წესების მიხედვით უნდა ატაროთ ის მაჯაზე, რომ ავი თვალისგანაც დაცული იყოთ, ჯანი და სიმშვიდეც შეინარჩუნოთ და სურვილებიც აგისრულდეთ, ამ ყველაფერზე ეზოტერიკოსი გიამბობთ:
– მაჯაზე შებმული შავი ძაფი უძველესი თილისმაა და თქვენ წარმოიდგინეთ, იმ განთქმულ წითელ ძაფზე გაცილებით ძლიერმოქმედი. მას შეუძლია დაგიცვათ როგორც მოშურნისა და ავი თვალისგან, ასევე, თქვენი ჯანმრთელობა და შინაგანი სიმშვიდეც უზრუნველყოს და სურვილების ასრულებაშიც დაგეხმაროთ. სხვათა შორის, სურვილებისთვის, გირჩევთ, შავ ძაფს სავსემთვარეობისას მიმართოთ. ამ დროს მისი მაგიური ძალა განსაკუთრებით გამძაფრებულია: როცა მთვარის ენერგიები პიკშია, ყველა გეგმა გაცილებით სწრაფად სრულდება. ამიტომ, ადევნეთ თვალი მთვარის კალენდარს, არ გამოგრჩეთ უახლოესი სავსემთვარეობა.
- შავი ფერი სიბნელესთან არ ასოცირდება?
- ბევრს ჰგონია ასე, მაგრამ ეზოტერიკაში შავი სიბნელეს არ ნიშნავს. აქ ის სიღრმისა და სტაბილურობის ფერია - ფერი, რომელიც აერთიანებს სამყაროს ყველა ვიბრაციას. ის ამ ძალებს ერთად აგროვებს, მაგრამ გარეთ არ უშვებს. შესაბამისად, როცა ადამიანი შავ ძაფს ატარებს, ამით ის თავის ენერგეტიკულ ველს საზღვრებში აქცევს, თითქოს მტკიცე ზღუდეებს ავლებს ირგვლივ. ამიტომ, ყველაფერი უცხო, საშიში და დამანგრეველი ამ ხაზზე ჩერდება - „შავ ზღუდეს“ ვერ კვეთს და შიგნით შეღწევას ვეღარ ახერხებს. სწორედ ეს არის მისი საიდუმლო! - არა თავდასხმა, არა მოგერიება, არამედ, რაც ზედმეტია, შთანთქავს.
- შავი ძაფის შეკვრისა და ტარების რიტუალი ისეთივეა, როგორც წითელი ძაფის შემთხვევაში?
- მაჯაზე ძაფის შეკვრის ჩვეულება ისეთივე ძველია, როგორც თავად თავდაცვის იდეა. ბევრ კულტურაში სწამდათ, რომ „ბედისწერის ძაფი“ მფარველ ქალს უნდა დაეგრიხა და მაჯაზეც შეეკრა დასაცავი პირისთვის. მაგალითად, ინდოეთსა და ტიბეტში ძაფი ინიციაციას (ცვლილებას) აღნიშნავდა: ცოდნის ახალ დონეზე გადასვლას. კაბალისტურ ტრადიციაში კი სწამდათ, რომ მაჯაზე შეკრული ძაფი შურისა და ბოროტი აზრების ნაკადს ბლოკავდა და ნეიტრალურ ენერგიათა ნაკადში ახდენდა მათ გადამისამართებას.
- რატომ მაინცდამაინც მაჯა?
- ამ არჩევანს გარკვეული მიზეზი აქვს: მაჯა სხეულის ის ნაწილია, სადაც სიცოცხლის პულსი ყველაზე ძლიერად იგრძნობა, საიდანაც ენერგია გარეთ აღწევს. მაჯაზე შეკრული შავი ძაფი ნიშნავს: „საიმედოდ ვარ დაცული და ჩაკეტილი, მაგრამ ღია ვარ სიკეთის მისაღებად“. შავი ძაფი ეხმარება ყველას, მაგრამ განსაკუთრებით საჭიროა მათთვის, ვისაც ბევრ სხვადასხვა ადამიანთან უწევს ურთიერთობა. მაგალითად: ექიმებისთვის, მასწავლებლებისა და შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენლებისთვის. მათთვის, ვისაც მუდმივად უწევს, საკუთართან ერთად, სხვათა ემოციების სიმძიმეც იტვირთოს. არ იფიქროთ, რომ შავი ძაფის ტარება ადამიანს მგრძნობელობას უქვეითებს, უბრალოდ, ზედმეტი გავლენებისგან იცავს პატრონს.
- როგორ უნდა შევიკრათ შავი ძაფი სწორად?
- სასურველია, შავი ძაფი მაჯაზე საყვარელმა ადამიანმა შეგაბათ - მან, ვინც გულწრფელად გისურვებთ კეთილდღეობას. მაშ ასე, აიღეთ შავი ძაფი, სასურველია აბრეშუმის, და მარჯვენა მაჯაზე შვიდი კვანძით შეკარით (7 - ციფრი, რომელიც დაცვისა და დასრულების სიმბოლოა). ამ დროს შეგიძლიათ საკუთარ თავს უთხრათ: „დაე, ჩემი გული იყოს მშვიდი და გზა - ნათელი“. თუ დროთა განმავლობაში ძაფი გაწყდა, ნუ ინერვიულებთ. ეს ნიშნავს, რომ მან თავად მიიღო ის, რაც თქვენთვის იყო განკუთვნილი.
- მხოლოდ შავი ძაფი უნდა ვატაროთ, თუ სხვა ძაფებთან კომბინაციაშიც?
- სწორად აღნიშნეთ, ზოგჯერ შავ ძაფს სხვა ფერის ძაფთან ერთად გრეხენ. ამ დროს ცალკეული ფერი გარკვეული მიმართულებით აძლიერებს შავი ძაფის მოქმედებას. მაგალითად, თუ შავ ძაფს წითელთან ერთად შეიბამთ მაჯაზე, ეს თქვენს სასიცოცხლო ძალებსა და პრინციპულობას გააძლიერებს; მწვანესთან - ბიზნესში სტაბილურობას შეიტანს და შეგიქმნით ფინანსურ ჰარმონიას; ლურჯთან კომბინაციაში - გონებრივ სიცხადესა და შთაგონებას შეგმატებთ; თეთრთან შერეული კი - სინათლეს შესძენს თქვენს ცხოვრებას და სიმშვიდეს დაგიმკვიდრებთ. ასე რომ, თითოეული ფერის დამატება შავი ძაფის „სამაჯურში“ აძლიერებს - მეორეს და საკუთარ, უნიკალურ რეზონანსს ქმნის. რაც შეეხება ძაფის შებმის დროს, უმჯობესია, ეს სავსემთვარეობისას გააკეთოთ. თან, გონებაში ყველაზე საკრალური სურვილი სათითაოდ წარმოთქვით კვანძის შეკვრისას, სანამ შვიდივეს არ განასკვავთ. ვისაც კი უცდია, ყველა ამბობს, რომ ამ წესით ჩაფიქრებული სურვილი ძალიან სწრაფად ხდებაო. დაბოლოს, შავი ძაფი მარჯვენა მაჯაზე შეხსენებაა იმისა, რომ დაცვა ყოველთვის შიგნიდან იწყება. როდესაც შინაგანად მშვიდად ხართ, ვერც ბოროტი მზერა და ვერც ავი სიტყვა დაგაზარალებთ. გაუფრთხილდით თავს!
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გამოიტირეთ“ საკუთარი წარსული...“ - რას წერს ქეთი ოდიშელი 7 აპრილის მნიშვნელობაზე
წყარო: tbiliselebi.ge