23 ნოემბერი სუპერსავსემთვარეობის წინა დღეა. ხვალინდელი ასტროლოგიური მოვლენა მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და მოულოდნელი აღმოჩენების წინაპირობას ქმნის. დღეს წინა პლანზე წამოიწევს საკითხები, რომლებიც დიდი ხანია ბუნდოვანია. მთავარია, გადაწყვეტილება ნაკარნახევი იყოს რეალური საჭიროებით და არა ემოციური იმპულსით.
მზე უკვე მშვილდოსანში იმყოფება და დაიწყო სინათლის გზის კვირეული - პერიოდი, რომელიც ეზოტერულ ტრადიციაში სულიერ ზრდას, ჭეშმარიტების ძიებასა და ნამდვილი ღირებულებების ზედაპირულისგან გარჩევას უკავშირდება. ეს დრო განსაკუთრებულ შესაძლებლობას გვაძლევს, უფრო ღრმად ჩავწვდეთ საკუთარ მიზნებსა და ცხოვრებისეულ ორიენტირებს.
კუროს ნიშანში მყოფი მთვარე კი გვახსენებს, რომ ნებისმიერ ჩანაფიქრს მყარი საფუძველი სჭირდება. მხოლოდ იდეის რწმენა საკმარისი არ არის - აუცილებელია მისი განხორციელების შესაძლებლობებისა და საჭირო რესურსების შეფასება. სწორედ ამიტომ, დღეს ერთმანეთს უპირისპირდება წინსვლის სურვილი და სტაბილურობის შენარჩუნების მოთხოვნილება.
მთვარის ოპოზიცია მერკურთან მთელი დღის განმავლობაში გაამწვავებს აზრთა სხვადასხვაობას, გაართულებს ურთიერთგაგებას და შესაძლოა ჩვეულებრივ საკითხებზეც კი კამათი გამოიწვიოს. ოჯახური ხარჯები, ფინანსური გათვლები, თანამშრომლობის პირობები, მოგზაურობა თუ მნიშვნელოვანი შენაძენი - ნებისმიერ საკითხზე შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ თქვენ და თქვენს თანამოსაუბრეს შეთანხმებები განსხვავებულად გესმით. ამიტომ ყურადღებით გადაამოწმეთ ინფორმაცია, დოკუმენტები და დაპირებები. ნუ დაეყრდნობით ვარაუდებს და საჭიროების შემთხვევაში ხელახლა დააზუსტეთ დეტალები.
თუმცა ოპოზიციას მხოლოდ დაპირისპირება არ მოაქვს. ის საშუალებას გვაძლევს, მოვლენებს ორი განსხვავებული პოზიციიდან შევხედოთ. სხვისი არგუმენტების მოსმენა კი იმ გარემოებების დანახვაში დაგვეხმარება, რომლებიც აქამდე შეუმჩნეველი რჩებოდა.
ხვალინდელი სავსემთვარეობა რეტროგრადულ ურანთან ერთად მიმდინარე პროცესებს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის. დღევანდელი მოვლენები შესაძლოა იმ ცვლილებებისა და აღმოჩენების წინაპირობა გახდეს, რომლებიც ხვალ უფრო მკაფიოდ გამოვლინდება. ამიტომ ნუ ეცდებით საკუთარი სიმართლის დამტკიცებას და ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას. დღეს მნიშვნელოვანია წინააღმდეგობების შემჩნევა და იმის გარკვევა, თუ რა საჭიროებს თქვენს ცხოვრებაში ცვლილებას.
დღის მეორე ნახევრიდან იწყება მეთხუთმეტე მთვარის დღე - მთვარის ციკლის ენერგეტიკული პიკი. სავსემთვარეობა, როგორც წესი, სწორედ ამ დღეს ემთხვევა. ეს არის მაქსიმალური ენერგიით გაჯერებული პერიოდი, როდესაც ძალების მოზღვავებასთან ერთად იზრდება როგორც მოქმედების შესაძლებლობა, ისე ემოციური დაძაბულობა.
მეთხუთმეტე მთვარის დღის სიმბოლოებია გველი და ტურა. გველი სიბრძნის, ძალისა და ტრანსფორმაციის სიმბოლოა, თუმცა ამავე დროს ცდუნებასაც განასახიერებს. ტურა კი ეშმაკობას, ინსტინქტურ იმპულსებსა და ცნობიერების დაკარგვის საფრთხეს უკავშირდება. ამ დღის მთავარი გამოწვევა სწორედ საკუთარი ძალისა და ცდუნებების მართვაა.
ემოციები შესაძლოა უკიდურესობამდე გამძაფრდეს, თუმცა ენერგეტიკული პოტენციალიც მაქსიმუმს აღწევს. ძლიერდება მოქმედების, დაწყებული საქმეების დასრულებისა და დაგროვილი საკითხების გადაწყვეტის სურვილი. ეს ხელსაყრელი დროა გაჭიანურებული პროცესების დასასრულებლად, მნიშვნელოვანი ამოცანების შესაჯამებლად და მიღწეული შედეგებისთვის საბოლოო შეფასების მისაცემად.
მეთხუთმეტე მთვარის დღის ენერგია გამაძლიერებლის პრინციპით მოქმედებს - აძლიერებს როგორც ჩვენს ძლიერ მხარეებს, ისე შინაგან წინააღმდეგობებსა და სისუსტეებს. კონცენტრაცია, ნებისყოფა და მიზანმიმართულობა წარმატების მიღწევას უწყობს ხელს, შინაგანი ქაოსი და გაურკვევლობა კი პირიქით, კიდევ უფრო მძაფრდება.
ამიტომ აუცილებელია ემოციების კონტროლი, ფიზიკური აქტივობა და ენერგიის კონკრეტული მიზნისკენ მიმართვა. ეს პასიურობის დღე არ არის - მისი მთავარი მოთხოვნაა მოქმედება, რომელსაც თვითკონტროლი და გაცნობიერებული არჩევანი წარმართავს.
23 ნოემბრის გზავნილი: სიმართლე მაშინ ცხადდება, როდესაც წინააღმდეგობებს ყურადღებით ვაკვირდებით და საკუთარ მოქმედებებს ვაანალიზებთ. შეინარჩუნეთ შინაგანი სიმშვიდე, ნუ აჰყვებით ემოციურ იმპულსებს და გამოიყენეთ მოზღვავებული ენერგია იმ ცვლილებებისთვის, რომელთა დროც უკვე დადგა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორია ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა
⭕„მე და ბებო გიორგობას გილოცავთ სრულიად საქართველოს!“ - ლაშა ბექაური