14 სექტემბერს შავი მთვარე - „ლილიტი“ - თხის რქის ნიშანში გადავიდა, სადაც 2027 წლის 11 ივნისამდე დარჩება. ეს დაახლოებით 9-თვიანი ტრანზიტია, რომლის მთავარი თემები ძალაუფლებას, კარიერას, ამბიციებს, სტატუსს, პასუხისმგებლობას, კონტროლსა და მიღწევებს უკავშირდება.
ასტროლოგიაში „ლილიტი“ რეალური პლანეტა არ გახლავთ - ის მთვარის ორბიტის ყველაზე დაშორებული წერტილი, აპოგეაა, და სიმბოლურად ადამიანის არაცნობიერ შიშებს, კომპლექსებს, ცდუნებებსა თუ პიროვნების ჩრდილოვან მხარეებს ასახავს. „ლილიტის“ მოქმედება ხშირად უკიდურესობებში ვლინდება: ადამიანი ან ზედმეტად აპელირებს კონკრეტული თვისებით, ან იმდენად ძლიერ ბლოკავს მას, რომ გამოხატვის უნარს მთლიანად კარგავს. სწორედ ეს უკიდურესობები გვიჩვენებს, სად ვკარგავთ ობიექტურობას და როგორ მოქმედებს შიში, ცდუნება თუ აკვიატება ჩვენს გადაწყვეტილებებზე.
თხის რქაში ლილიტის ეს ენერგია განსაკუთრებით კარიერულ ასპარეზზე, სტატუსის, ძალაუფლებისა და წარმატების ძიებაში იჩენს თავს. შესაძლოა გაძლიერდეს სურვილი, მიზანს ნებისმიერ ფასად მივაღწიოთ, მოვიპოვოთ აღიარება, დავიკავოთ უფრო მაღალი პოზიცია და ყველას დავუმტკიცოთ საკუთარი მნიშვნელობა. სწორედ აქ იმალება ლილიტის ხაფანგი - წარმატების მიღწევა სხვისი ინტერესების უგულებელყოფით, ზედმეტი კონკურენციით, მანიპულაციით ან საკუთარი პრინციპების ხარჯზე. ლილიტი გვაიძულებს დავფიქრდეთ არა მხოლოდ იმაზე, რისი მიღწევა გვსურს, არამედ იმაზეც, რა ფასად ვცდილობთ ამის მიღებას.
ამავე დროს, თხის რქისთვის დამახასიათებელი პასუხისმგებლობა და შრომისმოყვარეობა შეიძლება უკიდურესობამდე მივიდეს: საკუთარ თავზე იმაზე მეტ ტვირთს ვიღებთ, ვიდრე რეალურად ვზიდავთ, მუდმივად ვმუშაობთ, ვერ ვასვენებთ გონებას და ვცხოვრობთ განცდით, რომ ჩვენ გარეშე ყველაფერი დაინგრევა. შედეგად ჩნდება ჰიპერპასუხისმგებლობა, გადაღლა და ემოციური გადაწვა - თითქოს საკუთარი ღირებულების დასამტკიცებლად ადამიანი უწყვეტად რაღაცას უნდა აკეთებდეს და დასვენების უფლებასაც კი არ აძლევდეს საკუთარ თავს.
„ლილიტი“ თხის რქაში ასევე აძლიერებს ყველაფრის გაკონტროლების სურვილს. გვიჩნდება მოთხოვნილება, წინასწარ განვსაზღვროთ მოვლენების განვითარება, ვაკონტროლოთ გარშემომყოფების მოქმედებები და ნებისმიერ სიტუაციაზე სრული გავლენა მოვიპოვოთ. ამან შეიძლება დაპირისპირება გამოიწვიოს ხელმძღვანელებთან, ავტორიტეტებთან ან სხვადასხვა სისტემასთან. მეორე მხრივ, თავადაც შეიძლება აღმოვჩნდეთ ისეთი ადამიანების ან სტრუქტურების პირისპირ, რომლებიც ძალაუფლებას ჩვენს მიმართ უსამართლოდ ან მანიპულაციურად იყენებენ. ამ პერიოდში შესაძლოა უფრო თვალსაჩინო გახდეს ბიუროკრატიული დაბრკოლებები, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და ის შემთხვევები, როდესაც პირადი ინტერესები საერთო კეთილდღეობის სახელით ინიღბება.
თხის რქა ემოციურად თავშეკავებული ნიშანია, რის გამოც „ლილიტმა“ შეიძლება გააძლიეროს მცდარი რწმენა, თითქოს გრძნობების გამოხატვა სისუსტეა. ადამიანი შეიძლება გახდეს უფრო მკაცრი საკუთარი თავისა და სხვების მიმართ, ჩაკეტოს ემოციები, გახდეს ზედმეტად კრიტიკული ან ურთიერთობებში ყველაფერი მხოლოდ მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების ჭრილში განიხილოს. თითქოს ყველაფერი უნდა იყოს კონტროლირებადი, მოწესრიგებული და «სწორად» გაკეთებული - მაშინ, როდესაც ადამიანურ ურთიერთობებში ასეთი ცივი მიდგომა თითქმის არასდროს ამართლებს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 17 სექტემბერი, როდესაც ლილიტი დაძაბულ ასპექტს შექმნის რეტროგრადულ ნეპტუნთან. ამ დროს იზრდება რეალობისა და სასურველის ერთმანეთში არევის საფრთხე. თხის რქას სურს კონკრეტული შედეგი, სტატუსი და ხელშესახები მიღწევა, ნეპტუნს კი შეუძლია საზღვრები გააბუნდოვანოს და ილუზორული იდეა რეალურ შესაძლებლობად მოგვაჩვენოს. ამიტომ ამ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ზედმეტად მიმზიდველ დაპირებებს, გრანდიოზულ პროექტებს, სწრაფი წარმატების შეთავაზებებსა და იმ ადამიანებს, რომლებიც გვპირდებიან, რომ ყველაფერს მარტივად და მოკლე დროში მოგვიგვარებენ. იდეა შეიძლება მართლაც საინტერესო იყოს, მაგრამ სანამ მას რეალურ შესაძლებლობად ჩავთვლით, აუცილებელია დავინახოთ, რა კონკრეტული საფუძველი და რესურსი დგას მის უკან.
„ლილიტის“ გავლენა თხის რქაში და მისი დაძაბულობა ნეპტუნთან მხოლოდ პირად ცხოვრებაზე არ აისახება. გლობალურ დონეზეც შეიძლება გააქტიურდეს ბრძოლა ძალაუფლებისა და გავლენისთვის, ინფორმაციით მანიპულირება და მცდელობა, კერძო ინტერესები საზოგადოებრივი სიკეთის სახელით წარმოჩნდეს. ამიტომ ინფორმაციის მიღებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ არა ხმამაღალ განცხადებებსა და ლოზუნგებს, არამედ კონკრეტულ მოქმედებებსა და მათ რეალურ შედეგებს.
„ლილიტის“ მთავარი გამოცდა თხის რქაში, არც წარმატებაა და არც ძალაუფლება. მთავარია, თუ როგორ ვიყენებთ მათ - რამდენად მზად ვართ, მიზნის მისაღწევად პასუხისმგებლობა ავიღოთ საკუთარ არჩევანზე და ამავდროულად, არ დავკარგოთ ადამიანურობა, პრინციპები და რეალობის შეგრძნება. სწორედ ამიტომ, ამ ტრანზიტის განმავლობაში მნიშვნელოვანია სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის მკაფიო ზღვრის გავლება, საკუთარი შესაძლებლობების რეალურად შეფასება, შეცდომების აღიარება, იდეალურობის ნიღბის მოხსნა და გარშემომყოფებზე კონტროლის შემცირება. ყველაფრის საკუთარ თავზე აღება ყოველთვის სიძლიერეს არ ნიშნავს და არც ყველაფრის კონტროლია წარმატების გარანტი. ხშირად, ძალა იმ ოქროს შუალედშია, რომელიც მიჯნავს ჩვენს პასუხისმგებლობას და სხვებისთვის საკუთარი გზით მოქმედების თავისუფლებას.
„ლილიტი“ ჩვენს სუსტ წერტილებს ავლენს. იქ, სადაც აუხსნელი მიზიდულობა, აკვიატებული სურვილი, ძლიერი შიში ან აგრესია ჩნდება, დაუსვით კითხვები საკუთარ თავს: რატომ იქცა ეს სურვილი ჩემთვის ასეთ აკვიატებად? რის დამტკიცებას ვცდილობ? რა მაშინებს? რა მოხდება, თუ კონტროლს ცოტათი შევასუსტებ?
და ყველაზე მთავარი - ეს მიზანი მართლაც ჩემი სურვილია, თუ უბრალოდ მინდა, სხვების თვალში გამოვჩნდე წარმატებული?
„ლილიტის“ ენერგიის დამუშავება ამ თემებისგან გაქცევას არ ნიშნავს. პირიქით, მისი მთავარი შესაძლებლობა სწორედ ის არის, რომ თვალი გავუსწოროთ საკუთარ ჩრდილს და დავინახოთ ის, რასაც მუდმივად ვაიგნორებდით.
თხის რქის ენერგია გვეხმარება, ვიტვირთოთ ჯანსაღი პასუხისმგებლობა - ზედმეტი ტვირთის აღების გარეშე, ვისწრაფოდეთ წინ - სხვების ინტერესების შელახვის გარეშე, განვახორციელოთ გავლენა - გადაჭარბებული კონტროლის გარეშე და მივაღწიოთ წარმატებას - საკუთარი ფასეულობების შენარჩუნებით.
ამ 9 თვის განმავლობაში სწორედ ეს გახდება ლილიტის მთავარი გაკვეთილი - ვისწავლოთ არა მხოლოდ მიზნების მიღწევა, არამედ გავაანალიზოთ, რა გზით მივდივართ მათკენ, რისი დათმობა გვიწევს ამ პროცესში და ვინარჩუნებთ თუ არა შინაგან ბალანსს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ რუსთავში სკოლის მოსწავლეს მანქანა დაეჯახა
⭕ „მანიპულატორი მამაკაცის 3 ფრაზა, რომლითაც გონებას გირევს...“ - რას წერს ფსიქოლოგი
წყარო: www.facebook.com