სიმდიდრისა და ბედნიერების პლანეტა იუპიტერი ლომში გადადის
პლანეტა იუპიტერი 30 ივნისს გადავა ლომის ზოდიაქოში და გაჩერდება 1 წელი, უფრო კონკრეტულად 2027 წლის 26 ივლისამდე.
შეიძლება ლომი ხართ მზით, მაგრამ იუპიტერი ნატალურ რუკაში სხვა ნიშანში გყავთ, თუმცა, როცა იუპიტერი თქვენს მზეს შეუერთდება ან პლანეტას, ან მნიშვნელოვან წერტილს, რომელიც ლომში გყავთ, იგრძნობთ იუპიტერის გავლენას. იმ ადამიანს, ვისაც ასცენდენტი ანუ პირველი სახლი ლომში ჰყავს, ელოდება იუპიტერის დაბრუნება.
ანუ უნდა იყოთ 12, 24, 36, 48 და ა.შ. წლის (ან ხდებით), რადგან იუპიტერი თითო ნიშანში 12 წელიწადში ერთხელ ბრუნდება. ბოლოს იუპიტერი ლომში იყო 2014 წლის 16 ივლისიდან 2015 წლის 11 აგვისტომდე და გაიხსენეთ, რა ხდებოდა ამ პერიოდში თქვენს ცხოვრებაში. არაა საჭირო, რომ იგივე მოხდეს, უბრალოდ, მინიშნება იქნება.
იუპიტერის ლომში გადასვლა ყველაზე მეტად იმოქმედებს ცეცხლოვან ნიშნებს: ვერძი, ლომი და მშვილდოსანი. ლომზე რა თქმა უნდა ყველაზე მეტად და აგრეთვე მათზე, ვისაც ლომში ჰყავს პლანეტები და მნიშვნელოვანი წერტილები.
ლომი არის სიყვარული, შემოქმედება, შოუ, დღესასწაულები, ბავშვები, სპორტული შეჯიბრებები, თეატრი, ფუფუნება, აზარტული თამაშები. და ყველა ამ სფეროში გველოდება გაფართოება.
ლომი არის გულუხვობა და იუპიტერის გავლენით ადამიანებს კიდევ უფრო მეტად მოუნდებათ ქველმოქმედება, სხვების დახმარება ფულით, პროდუქტებით, სამოსით. განსაკუთრებით ბავშვების. შეიძლება დაეხმაროთ ბავშვებს ფულით განვითარებაში, სწავლაში, დაუფინანსოთ.
ლომი არის ლიდერი, მეფე და ნუ გაგიკვირდებათ, თუ ადამიანებს მოუნდებათ “უფროსობა“. ამასთან, არ გამოიყენოთ თქვენი თანამდებობა ბოროტულად. ადამიანები გახდებიან გულუხვები, იქნება მეფური დასაჩუქრება, შეიძლება ზოგიერთმა გაიხსენოს თავისი წარმომავლობა, დიდგვაროვანი წინაპრები, განსაკუთრებით, როცა მერკური რეტროგრადული გახდება კირჩხიბში.
ადამიანებს მოუნდებათ მდიდრული, ლამაზი, საჩუქრების, ძვირფასეულობის მირთმევა საყვარელი ადამიანისთვის, უფროსისთვის, დიდებულისთვის, საკუთარი თავისთვის. ან შეიძლება შეიძინოთ რაღაც განსაკუთრებული: ოქროს სამკაული, ბრჭყვილა ნივთები, ძვირფასი ნახატები, ჭურჭელი, მდიდრული ავეჯი, როკოკო-შმოკოკო, რაა.
თუმცა, იუპიტერი არის გაფართოება და ნუ გადავარდებით ზედმეტობაში, იმის გამო, რომ მდიდრული და ბრწყინვალე გამოჩნდეთ, ვალებში ნუ ჩაეფლობით. იუპიტერმა შეიძლება მოგიტანოთ სიმდიდრე, მაგრამ შეიძლება მოგიტანოთ ვალებიც. თუ მდიდრული ცხოვრება გსურთ, ციდან დოლარებს არ უნდა დაელოდოთ. შეგიძლიათ მეტად დააფასოთ თქვენი თავი, ცოდნა, თქვენი საქმიანობა. მაგრამ მაინც უნდა იმუშაოთ, უნდა განვითარდეთ, უნდა ისწავლოთ, უნდა იმოძაროთ, უნდა დაამყაროთ სასარგებლო ნაცნობობა, უნდა გამოიტანოთ საზოგადოებაში თქვენი შესაძლებლობები; თქვენ უნდა გაარღვიოთ ჯაჭვი, რომელიც წრეზე გატარებთ. საინტერესო ისაა, რომ თუ ადამიანი არ ვითარდება, წონაში ფართოვდება. კი, პლანეტათა კონფიგურაციები ახდენს ჩვენზე გავლენას, მაგრამ ადამიანზეა დამოკიდებული, თუ როგორ გამოიყენებს ამ მოცემულობას.
არავის შეშინება არ მინდა, მაგრამ პროფილაქტიკის მიზნით, გულ-სისხლძარღვოვან სისტემას, ვენებს და წნევას თუ გადაიმოწმებთ, კარგი იქნება. რატომ? ლომი არის გული და აქ გადმოდის გაფართოების პლანეტა, თუ თქვენს ნატალურ რუკაში მზე ცუდად არის ასპექტირებული, ამ ერთი წლის განმავლობაში გულს სათუთად უნდა მოუფრთხილდეთ.
ლომი არის ბავშვებიც და არ გამიკვირდება, თუ ბავშვების განებივრებაზე უამრავი დრო და ფული დაიხარჯება, მშობლები იამაყებენ თავიანთი შვილებით და გამოამზეურებენ თავიანთი შვილების წარმატებებს სოციალურ ქსელებში.
ცოტა ხანში გამოვაქვეყნებ ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს ნიშნებისთვის, რათა იცოდეთ, რას მოგიტანთ იუპიტერი. პროგნოზს გაეცანით თქვენი მზისა და ასცენდენტის ნიშნების მიხედვით. რადგან მე არ მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ თითოეულის ნატალურ რუკაში ჩავიხედო, იუპიტერის პროგნოზს შევუთავსე ვერძში მყოფი სატურნისა და ნეპტუნის და მერწყულში მყოფი პლუტონის გავლენებიც. ასე ცოტათი მაინც შევხედავთ მოვლენებს სხვადასხვა კუთხიდან და ასტროლოგიური ანალიზის მეშვეობით გავიგებთ რა შეიძლება მოხდეს, სად უნდა გავფრთხილდეთ და სად უნდა ვიმოქმედოთ გაბედულად.
რომ დავფიქრდი, საინტერესო პერიოდი გველოდება, თუნდაც, მომდევნო 1 თვის განმავლობაში, რადგან გავლენიანი პლანეტები გადავიდნენ ან ჰაერის, ან ცეცხლის ნიშნებში: ვერძში გვყავს სატურნი და ნეპტუნი, ლომში არის იუპიტერი და 1 თვით მზე (აქვე, ლომში ახალმთვარეობაზე, 12 აგვისტოს გველოდება მზის დაბნელება), ტყუპში - ურანი და ცოტა ხნით მარსი და მერწყულში - პლუტონი. ლილიტიც არ დაგვავიწყდეს, რომელიც ჯერ კიდევ მშვილდოსანშია. ყველა ასპექტზე აუცილებლად დავწერ ხოლმე, უბრალოდ, წინასწარ განეწყვეთ, რომ იუპიტერი - დიდი ბედნიერების პლანეტა კი გადავიდა ლომში, მაგრამ ყველაფერი იდეალურად არ იქნება. და თუ რამე უსმაოვნო მოხდება, ისიც მასშტაბური.
კიდევ ერთი, რადგან იუპიტერი იქნება ლომში, ნუ გგონით, რომ ფულები, სიყვარული, წარმატება თავისით მოვა თქვენს ცხოვრებაში, ასე მხოლოდ სხვების ცხოვრებაში ხდება, როცა არ ვიცით, რა გზა გაიარეს მათ წარმატების მიღწევამდე. ანუ, რისი თქმა მინდა, თქვენ უნდა გააქტიურდეთ, მიდგეთ-მოდგეთ, გავლენიანი ადამიანები შეაწუხოთ, უფროს დაელაპარაკოთ, კიდევ და კიდევ სცადოთ, რომ გახდეთ თქვენი ცხოვრების ბრწყინვალე მეფე!
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ ატარებენ თინათინ წულაძე და ბუბა ჭოღოშვილი ზაფხულის ცხელ დღეებს - „მიყვარს თქვენი წყვილი“
🎥 როდის უნდა წაიყვანოთ ბავშვი ზღვაზე? - რჩევები პედიატრისგან, რომელიც უნდა იცოდეთ!