ასტროლოგი, რომელიც „ფეისბუკ“ გვერდს AstroBlog SkyLight მართავს, სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც თემაზე: როგორ გამოვლინდება სატურნის ტრანზიტი ვერძში ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლებისთვის - წერს:
„რა თქმა უნდა პროგნოზი ძალიან მოკლე და ზოგადია, თუმცა მიახლოებით მაინც მიგანიშნებთ იმ სფერეოებზე, სადაც მოსალოდნელია კრიზისი სტაბილურობის შესაქმნელად. აქვე განვმარტავ, იმას, რომ პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოთ ნატალური სატურნის პოზიცია და მისი გავლენა. როგორი ძალაც აქვს სატურნს თქვენს დაბადების რუკაში, ისეთი სიძლიერის იქნება ტრანზიტული სატურნის გავლენაც.
♈ ვერძებო - ეს არის შინაგანი სიძლიერის და განვითარების, თვითშეფასების გაზრდის და თავდაჯერებულობის განვითარების დრო. მთელი ყურადღება თქვენს პიროვნებაზე, მიზნებზე, გარეგნობაზე და ქცევაზე კონცენტრირდება.
ეს ის დროა, როდესაც სჯობს იყოთ მაქსიმალურად გულწრფელი და ნამდვილი როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების წინაშე. მნიშვნელოვანია იცხოვროთ ზედმეტი ეგოს გარეშე. ცვლილებებია მოსალოდნელი თქვენს გარეგნობაში, იმიჯში, ურთიერთობებში. ეს ის პერიოდია, როდესაც თქვენი ახალი იდენტობის საფუძველს აყალიბებთ.
ამ დროს მნიშვნელოვანია თვითდისციპლინა. თუ გადაწყვეტთ აწარმოოთ დღიური, ეს დაგეხმარებათ პროგრესის დანახვასა და იმპულსების კონტროლში.
♉ კუროებო - თქვენთვის ეს პერიოდი მიმართული იქნება შინაგანი სამყაროსკენ. შესაძლოა გაგიჩნდეთ განმარტოების, ზედმეტი ხმაურისგან, ქაოსისგან დასვენების სურვილი, რადგან თქვენს ფსიქიკას სიმშვიდე სჭირდება, ხოლო სულს - განახლება.
ეს არის დრო, როცა უნდა გაიაზროთ წარსულის შიშები, ვალდებულებები და სწორედ ახლაა მათი გაშვების დრო. ეს არის ახალი ცხოვრების ციკლისთვის მზადების ეტაპი. უახლოესი ორი წლის განმავლობაში თქვენი ინტუიცია და შინაგანი ძალა გაიზრდება. მთავარია არ ებრძოლოთ იმას, რაც მიდის და არ ჩაებღაუჭოთ ილუზიებს. ხელსაყრელია სულიერი პრაქტიკები და დაუსრულებელი თემების დასრულება.
ეს არის გამწმენდი სიჩუმის ციკლი გამოღვიძებამდე.
♊ ტყუპებო - ეს არის თქვენი გარემოცვის, მიზნებისა და სოციალური გეგმების რევიზიის პერიოდი. ამ დროს ნათლად დაინახავთ, ვინ არის ნამდვილად თქვენი ადამიანი და ვინ - არა. ზოგიერთი კავშირი შეიძლება დასრულდეს, მაგრამ მათ ადგილს ნამდვილი ურთიერთობები დაიკავებს.
ეს არის არა ოცნების, არამედ მიზანმიმართულად, ნაბიჯ-ნაბიჯ მოქმედების დრო. სატურნის ვერძში მოძრაობის ბოლოს თქვენ გაოცებული დარჩებით შედეგით - თუ ასე მოიქცევით.
შესაძლოა გახდეთ ახალი გუნდის, კოლექტივის ნაწილი, რაც მოითხოვს დისციპლინასა და მიზანმიმართულობას. შესაძლებელია, აღმოჩნდეთ ლიდერის როლში. ეს ტრანზიტი გაძლევთ საშუალებას გაამყაროთ თქვენი გავლენა საზოგადოებაში. მთავარია, კონცენტრირდეთ იმაზე, რაც რეალურად მნიშვნელოვანია სოციალურ დონეზე. ყველაფერი, რაც ახლა შენდება, დიდხანს დარჩება თქვენს ცხოვრებაში.
♋ კირჩხიბებო - თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი იწყება. დგება საკუთარი თავის წარმოჩენის, კარიერული ზრდისა და აღიარების დრო.
სატურნი მკაცრია და პასუხისმგებლობას ითხოვს, ამიტომ ეს გზა მარტივი არ იქნება. მოგიწევთ შრომა, გადაწყვეტილებების მიღება და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. თქვენი ავტორიტეტი სერიოზულ გამოცდას გაივლის: ნამდვილად დაიმსახურეთ თუ არა არსებული პოზიცია?
ზოგმა შესაძლოა პროფესია შეცვალოს, ზოგი – ახალ დონეზე გადავიდეს. განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს მშობლების თემა, უფროსებთან ურთიერთობა და სოციალური სტატუსი. გაითვალისწინეთ, რომ ეს პერიოდი მომავლისთვის მყარი საფუძვლის შექმნისთვისაა. ყველაფერი, რასაც ახლა კარიერაში ჩადებთ, მრავალი წლის განმავლობაში განსაზღვრავს თქვენს პოზიციას.
გირჩევთ, სატურნის ვერძში გადასვლისთანავე მკაფიოდ, კონკრეტულად ჩამოწეროთ მიზნები, სასურველია უახლოესი 2-3 წლისთვის. შეადგინეთ კარიერული ზრდისა და პიროვნული განვითარების რეალური გეგმა, ფანტაზიების გარეშე.
♌ ლომებო - ეს არის დრო, როდესაც ძველი შეხედულებები, იდეები და რწმენა სერიოზულ გამოცდას გაივლის. შესაძლოა დაიწყოთ სწავლა, კვლევა, სულიერი ან პროფესიული მიმართულების ცვლილება. ასევე მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ცვლილებები იურიდიულ საკითხებში, საზღვარგარეთთან, განათლებასთან ან სწავლება -ლექტორობასთან დაკავშირებულ თემებში.
ეს კარგი პერიოდია ინტელექტუალური პროექტის შექმნისთვის, კურსის დაწყებისთვის ან სერიოზული თვითგანათლებისთვის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს თქვენი ნამდვილი სურვილია და არა ფორმალური ნაბიჯი.
მოგზაურობები შეიძლება გახდეს უფრო იშვიათი, მაგრამ გაცილებით შინაარსიანი და შემეცნებითი. სატურნი დაგანახვებთ, რამდენად მყარია თქვენი სიბრძნე და გამოცდილება და როგორ იყენებთ მას.
თუ გააფართოებთ შემეცნებით ჰორიზონტებს - ეს გახდება თქვენი განვითარების და საყრდენის არხი.
♍ ქალწულებო - უახლოესი ორი წელი იქნება ღრმა ფსიქოლოგიური პროცესების დრო. შესაძლოა გააცნობიეროთ ფარული შიშები, კონტროლის სურვილი ან წარსულზე მიჯაჭვულობები (რას ვერ უშვებთ). შესაძლებელია საჭირო გახდეს სხვისი ფინანსების, მემკვიდრეობის, სესხების ან იურიდიული ვალდებულებების მართვა. სატურნი მოგთხოვთ სერიოზულ დამოკიდებულებას როგორც მატერიალური, ისე ემოციური რესურსების მიმართ.
ურთიერთობები პარტნიორებთან, როგორც პირადი, ისე საქმიანი, ამ პერიოდში ან უფრო სერიოზული გახდება, ან დასრულდება, თუ ის ზედაპირულია. ეს ტრანზიტი დაგეხმარებათ ზედმეტისგან გათავისუფლებაში, როგორც პირდაპირი, ისე სიმბოლური მნიშვნელობით.
ხელსაყრელია ფსიქოლოგთან მუშაობა, ენერგეტიკული პრაქტიკები და ფინანსური სტრატეგიების აგება. ეს არ არის მარტივი, მაგრამ ძალიან ძლიერი ზრდის პერიოდია წინააღმდეგობების გადალახვის გზით. გირჩევთ, დაიწყოთ ფინანსების, ვალებისა და ენერგეტიკული საზღვრების მოწესრიგება. დაასრულეთ ტოქსიკური კავშირები, თუნდაც ისინი თქვენთვის ჩვეული იყოს.
♎სასწორებო - უახლოესი ორი წლის განმავლობაში სატურნი თქვენს პარტნიორობის სფეროში, როგორც პირად, ისე საქმიან ურთიერთობებში შევა. ყველაფერი, რაც ურთიერთობებს ეხება, თქვენგან გააზრებულ მიდგომას მოითხოვს.
ურთიერთობები ან გამყარდება, ან დასრულდება, თუ მათში მყარი საფუძველი არ არსებობს. გაითვალისწინეთ, რომ ეს არის დრო, როდესაც პასუხისმგებლობის სხვებზე გადატანა დაუშვებელია. ამ პერიოდში ჩამოყალიბდება საიმედო, მტკიცე ურთიერთობები, როგორც საქმიან ისე პირად ცხოვრებაში. რაც მთავარია ეს იქნება მკაფიო, არაილუზიური კავშირები.
სატურნს არ უყვარს ზედაპირულობა. სიყვარული და ურთიერთობები ააგეთ ნდობაზე, საზღვრებსა და პატივისცემაზე. ასეთ პარტნიორობას მოჰყვება ჯილდო სატურნისგან.
♏მორიელებო - ეს ტრანზიტი დაგეხმარებათ დაამყაროთ წესრიგი თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაში და ჯანმრთელი ცხოვრების წესის დანერგვაში.
შესაძლოა სამუშაო უფრო მკაცრი გახდეს, გაიზარდოს დისციპლინის მოთხოვნა, ან შეიცვალოს ფორმატი - მაგალითად, გადახვიდეთ დისტანციურ რეჟიმზე, შეიცვალოთ სამსახური ან დაიწყოთ საქმე ნულიდან. ყველაფერი, რაც არაეფექტურია, თქვენს ცხოვრებას დატოვებს. სამუშაო ურთიერთობები შეიძლება მოითხოვდეს მკაფიო საზღვრების დადგენასა და ამოცანების სწორ გადანაწილებას. ამ პერიოდში სატურნი გასწავლით როგორც საკუთარი, ისე სხვისი შრომის დაფასებას.
მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ ჯანმრთელობას, განსაკუთრებით ხერხემალს, კანს, სახსრებსა და საჭმლის მონელების სისტემას.
თუ დიდი ხანია გინდათ ჯანსაღი ჩვევების დანერგვა, ახლა ამისთვის საუკეთესო დროა.
გირჩევთ, შეადგინოთ დღის განრიგი და მიჰყვეთ მას, დაარეგულიროთ კვება, ძილი და სამუშაო რეჟიმი. ეს მოგცემთ წესრიგისა და სტაბილურობის განცდას.
♐მშვილდოსნებო - სატურნი თქვენი სიხარულის, შემოქმედებისა და თვითგამოხატვის სფეროს ეხება.
ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს არცთუ სახალისო პერიოდია, თითქოს ზეიმი სრულდება. მაგრამ სინამდვილეში ეს ტრანზიტი დაგეხმარებათ შემოქმედებითი უნარების გამოვლენაში.
თუ შემოქმედებითი ადამიანი ხართ, მოემზადეთ სწავლისთვის, დისციპლინისა და პროექტების რეალიზაციისთვის. სასიყვარულო ურთიერთობები დროის გამოცდას გაივლის.
ყურადღება გადაერთვება ბავშვების თემაზე - რეალურ თუ სიმბოლურ, როგორიცაა პროექტები და ბიზნესი. ზოგი თქვენგანი გახდება მშობელი, ზოგი კი - მენტორი ან გზამკვლევი.
არ დაკარგოთ საკუთარი თავის რწმენა და არ შეგეშინდეთ აკეთოთ ის, რაც გიყვართ, რადგან ეს არის დრო, როდესაც შეგიძლიათ საფუძველი ჩაუყაროთ დიდ შემოქმედებით გზას. გირჩევთ, თქვენი ჰობი აქციოთ პროექტად და ჩადოთ მასში ძალისხმევა.
♑თხის რქებო - ეს არის დრო, როდესაც მნიშვნელოვანი გახდება სახლთან, საცხოვრებელთან დაკავშირებული აქტივობები. ეს იქნება რემონტი, უძრავი ქონების გადაფორმება, გადასვლა თუ მემკვიდრეობის საკითხები.
ეს დრო ხელს უწყობს პიროვნების ჩამოყალიბებას ოჯახური გაკვეთილების მეშვეობით.
ამ ორი წლის განმავლობაში შესაძლოა იგრძნოთ განმარტოების საჭიროება ან პირიქით, ყოველდღიური ცხოვრების მკაფიო სტრუქტურის შექმნის სურვილი. სახლი თქვენთვის ხდება არა უბრალოდ საცხოვრებელი სივრცე, არამედ საყრდენი, ციხესიმაგრე და თქვენი შინაგანი მდგომარეობის ანარეკლი.
კარგი დროა საკუთარი ადგილის, ოჯახური სივრცისა და შინაგანი სტაბილურობის აშენებისთვის - მიზანი და განზრახვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მატერიალური რესურსები.
♒ მერწყულებო - ეს არის პერიოდი, როდესაც ისწავლით ინფორმაციის გაფილტვრას, საკუთარ სიტყვებზე პასუხისმგებლობის აღებას და აზრების მკაფიოდ გამოხატვას.
შესაძლოა დაკავდეთ სწავლებით, ცოდნის გავრცელებით, წერით ან ახალი ცოდნის ათვისებით. უფრო მნიშვნელოვანი გახდება ურთიერთობები, მეგობრობა, დიალოგი.
გაითვალისწინეთ, რომ სიცრუე, ზედაპირული და ფუჭი საუბრები სატურნის მიერ გაიფილტრება - ასეთი კომუნიკაციები ბუნებრივად შეწყდება.
ყურადღებით იყავით დოკუმენტებთან, ტრანსპორტსა და ტექნიკასთან.
დაიმახსოვრეთ, სატურნი ითხოვს გააზრებულ დიალოგს და სერიოზულ აზროვნებას. აჯილდოებს მათ, ვინც ცოდნას პატივს სცემს.
♓ თევზებო - სატურნი თქვენი ფინანსების, ღირებულებებისა და თვითშეფასების სფეროს შეეხება. ეს იქნება ფინანსების მკაცრი რევიზიის დრო. ყველაფერი, რაც არ მუშაობს, გაქრება. მაგრამ თუ მზად ხართ შრომისთვის, სისტემის შექმნისთვის, დაგროვებისა და კონტროლისთვის, მაშინ მრავალწლიან სტაბილურობას ჩაუყრით საფუძველს.
პერიოდი შეიძლება მარტივი არ იყოს, თუმცა ძალზე პროდუქტიული იქნება მათთვის, ვინც მაქსიმალურად გამოიყენებს საკუთარ შესაძლებლობებს, უნარებს და არ მიეცემა აპათიასა და სიზარმაცეს.
თვითშეფასებაც გამოცდას გაივლის. ახლა ზუსტად გაიგებთ, რამდენად აფასებთ საკუთარ თავს და როგორ აისახება ეს თქვენს შემოსავალზე.
ამ პერიოდში მნიშვნელოვანია შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა, ასევე თვითშეფასების ამაღლებაზე მუშაობა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „სად იმალება შენი ფინანსური კეთილდღეობა: მთავარია, ენდო ინტუიციას...“ - თაკო მელიქიშვილი
⭕კითხვის თერაპია: როგორ კურნავს წიგნები ჩვენს სულს?
🎥 რატომ არ ეცემა მეხი იმას, ვინც ცუდად მოგექცა? - ეზოთერიკოსის განმარტება