Digest Logo

„სიყვარული მხოლოდ მაშინ არის ნამდვილი, როცა გვცვლის...“ - ვენერა მორიელში: თამარ ხოსროშვილის ასტროლოგიური პროგნოზი

1789128037
თამარ ხოსროშვილი

„ვენერა მორიელში | ტრანსფორმაციული სიყვარული.

10 სექტემბერს პლანეტა ვენერამ დატოვა სასწორის ნიშანი, სადაც საკუთარ მმართველობაში იმყოფებოდა, და ჩვეულზე ხანგრძლივი დროით მორიელში გადაინაცვლა“, - აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს ასტროლოგი თამარ ხოსროშვილი გვიზიარებს:

„3 ოქტომბერს, მორიელის 8°30′-ზე, იწყება ვენერას რეტროგრადული სვლა. 25 ოქტომბერს ის უკუსვლით კვლავ სასწორში გადავა და ურთიერთობების თემების გადახედვას მოითხოვს ჩვენგან.

13 ნოემბერს ვენერა ხდება დირექტიული, 4 დეკემბერს კი კვლავ მორიელში დაბრუნდება და ამჯერად გზას ბოლომდე გაივლის - მორიელს ის მხოლოდ 7 იანვარს დატოვებს.

ვენერა სიყვარულს, ურთიერთობებს, სიამოვნებას, სილამაზესა და ღირებულებებს მართავს. მორიელის ნიშანში ის განდევნილია და ფორმალურად მისი სტატუსი აქ სუსტია. მორიელის ტრადიციული მმართველი მარსია, თანამედროვე ასტროლოგიაში კი მის თანამმართველად პლუტონიც განიხილება. ამიტომ ეს არის ადგილი, სადაც ვენერას ენერგია განსაკუთრებულად მძაფრი და მაგნეტური ხდება.

მორიელში ვენერა აღარ არის მსუბუქი და დიპლომატიური, როგორც სასწორში ან კუროში. აქ ის ემოციურად ღრმა, უკიდურესად ინტენსიური, მებრძოლი, ძალაუფლების მოყვარული და უკომპრომისოა.

გარემო, რომელიც აქ მას ხვდება, სავსეა კრიზისებითა და სიღრმისეული განცდებით, ემოციურად დატვირთული და ტრანსფორმაციულია. ასეთ გარემოში კი რთულია სიმშვიდისა და კომფორტის პოვნა.

მორიელი ფიქსირებული წყლის ნიშანია. ფიქსირებული მოდალობა ვენერას აქ ძლიერ შინაგან გამძლეობას სძენს. ურთიერთობების პლანეტას მორიელში მხოლოდ ღრმა, ინტენსიური და ემოციურად დამუხტული კავშირები იზიდავს.

ზედაპირული მისთვის საინტერესო არ არის — მას იზიდავს კავშირი, რომელიც დაფარულ შრეებს ეხება, კრიზისს არ გაურბის და ადამიანს შინაგანად ცვლის. ეს არ არის სოციალური ვენერა; მხიარულ და ხალხმრავალ წვეულებებს ის ყოველთვის ტრანსფორმაციულ თერაპიას ამჯობინებს.

❤️‍🔥 ვენერა მორიელში გვასწავლის, რომ სიყვარული მხოლოდ მაშინ არის ნამდვილი, როცა გვცვლის.

ამ პერიოდში ურთიერთობებში ძლიერდება მიზიდულობა, ვნება და ემოციური სიახლოვის მოთხოვნილება, თუმცა ჩრდილოვან მხარეს შეიძლება გამოვლინდეს ეჭვიანობა, მესაკუთრეობა, კონტროლის სურვილი და ძალაუფლებისთვის ბრძოლაც. ზედაპირზე შეიძლება ამოვიდეს ის, რაც აქამდე დაფარული იყო — უთქმელი სურვილები, წყენა, შიში თუ ურთიერთობაში არსებული დისბალანსი.

ძლიერი ურთიერთობები შეიძლება კიდევ უფრო გაღრმავდეს, ხოლო იქ, სადაც რაღაც დიდი ხანია აღარ მუშაობს, ამის იგნორირება გაცილებით რთული გახდება.

ვენერა მხოლოდ სიყვარულს არ მართავს — ის ფინანსებს, მატერიალურ ღირებულებებსა და თვითღირებულების განცდასაც უკავშირდება. მორიელი კი საერთო ფინანსების, პარტნიორის რესურსების, ვალების, კრედიტების, გადასახადებისა და მემკვიდრეობის თემებთან არის დაკავშირებული, ამიტომ ამ პერიოდში ეს საკითხებიც შეიძლება გააქტიურდეს.

🔄 ვინაიდან ვენერა რეტროგრადული ხდება, სექტემბერში დაწყებული თემები შესაძლოა საბოლოო არ აღმოჩნდეს.

ოქტომბერ-ნოემბერი უფრო მეტად გადახედვის, გადაფასებისა და ძველ საკითხებთან დაბრუნების პერიოდია, დეკემბრიდან კი თანდათან უფრო ნათლად დავინახავთ, რა უნდა დარჩეს ჩვენს ცხოვრებაში და რა — არა.

რეტროგრადული ფაზა კარგი დროა უკვე არსებული ურთიერთობების გადასახედად და გასაღრმავებლად, თუმცა ახალი ურთიერთობის დაწყება და ქორწინება ნაკლებად რეკომენდებულია. ჩვენი გრძნობები და სურვილები ამ დროს გადაფასების პროცესშია, ამიტომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, შესაძლებლობის შემთხვევაში, უმჯობესია ვენერას პირდაპირ სვლაზე გადასვლის შემდეგ გადავიტანოთ.

💰 ფინანსურ საკითხებშიც მეტი სიფრთხილე გვმართებს.

ვენერას რეტროგრადული სვლის პერიოდში, შესაძლებლობის შემთხვევაში, ნაკლებად სასურველია ახალი სესხის აღება, მნიშვნელოვანი ფინანსური ვალდებულებების საკუთარ თავზე აღება და ძვირადღირებული შენაძენების გაკეთება. ვენერას წლევანდელი გზა მორიელში ურთიერთობების, ღირებულებებისა და ფინანსური საკითხების ღრმა გადახედვისა და ტრანსფორმაციის პერიოდია“, - წერს თამარ ხოსროშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გამოიჩინეთ სიფრთხილე ცეცხლთან...“ - 11 სექტემბრის ახალმთვარეობა: ქეთი ოდიშელის პროგნოზი

⭕„ახალი ეტაპი იწყება“ - 11 სექტემბრის ახალმთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე ძლიერ გავლენას მოახდენს: ნინა ხომერიკის პროგნოზი

⭕„თუ დაძაბულობას იგრძნობთ, მიიღეთ შხაპი, დადექით წყლის ქვეშ და წარმოიდგინეთ, როგორ გშორდებათ ყველაფერი ზედმეტი...“ - თაკო მელიქიშვილი 11 სექტემბრის ენერგიებზე