პლუტონისა და იუპიტერის ოპოზიცია (24 ივნისი – 10 აგვისტო) მერწყულისა და ლომის ღერძზე, რომელიც ნელ-ნელა ზუსტი ხდება და თავის პიკს 20 ივლისს მიაღწევს, რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით იქნება აქტუალური.
პირველყოვლისა, ეს არის კლიმატური ექსტრემალური პირობები, რასაც ახლა ვუყურებთ მთელს მსოფლიოში. ლომის ცეცხლოვანი ენერგია და პლუტონის კრიზისული ბუნება ასტროლოგიურად უკავშირდება ანომალიურ სიცხეს, გვალვებსა და ტყის ხანძრებს.
აქედან გამომდინარე, მატულობს დატვირთვა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე (ლომის მმართველი ზონა), რაც სიცხესთან კომბინაციაში ზრდის მოწყვლადი ჯგუფების სიკვდილიანობის მაჩვენებელს.
მეორე, რაც ასევე მოსალოდნელია ეს არის საერთაშორისო დაძაბულობის ზრდა, კონფლიქტები ყოფილ მოკავშირეებს შორის. ეს დაძაბულობა განსაკუთრებით მწვავედ გეოპოლიტიკურ ცხელ წერტილებში იგრძნობა.
ახლო აღმოსავლეთი, სადაც ტრადიციული იერარქიები და რევოლუციური მუხტი ყოველთვის კომბინაციაშია, ახალი ძალით აფეთქდება. აღმოსავლეთ აზიაში ტექნოლოგიური გავლენებისთვის ბრძოლა და სახელმწიფო კონტროლის გამკაცრება გამოიწვევს სერიოზულ რყევებს. არც პოსტსაბჭოთა სივრცე და დასავლური სამყარო დარჩება მშვიდად- ევროპასა და აშშ-ში შიდა პოლიტიკური პოლარიზაცია და მასობრივი საპროტესტო ტალღები პიკს მიაღწევს. საქმე მხოლოდ პოლიტიკას არ ეხება, პროცესები პირდაპირ აირეკლება ეკონომიკაზეც.
ვინაიდან პლუტონი დიდ ფულსა და კრიზისებს განაგებს, ხოლო იუპიტერი ყველაფერს აზვიადებს, მოსალოდნელია ბირჟებზე პანიკა, ვალუტების რყევა და მსხვილი, ერთი შეხედვით ხელშეუხებელი კორპორაციების გაკოტრებაც კი.
პოსტსაბჭოთა სივრცეში მოსალოდნელია ძველი გავლენის სფეროების საბოლოო რღვევა და ახალი ტიპის ალიანსების ფორმირება.
ამ სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ქირონის ჩარევა, რომელიც კვადრატს ქმნის ამ პლანეტებთან. ქირონი ასტროლოგიაში ორმაგ სტანდარტებსა და პარტნიორობას უკავშირდება. სწორედ ამიტომ, ამ პერიოდში მოსალოდნელია საერთაშორისო ასპარეზზე ძველი ალიანსების რღვევა. ქვეყნებმა და ლიდერებმა, რომლებიც გუშინ მოკავშირეებად ითვლებოდნენ, დღეს შესაძლოა ერთმანეთს ღალატში დასდონ ბრალი და ხელშეკრულებები უბრალო ფარატინა ქაღალდად აქციონ. ეს უფრო დიდი ალბათობით გამოიწვევს იდეოლოგიურ პოლარიზაციას, მოულოდნელ სახალხო აფეთქებებსა და რეჟიმების სწრაფ რყევას.
მესამე რაც მინდა აღვნიშნო, რომ არსებობს ბირჟების და ვალუტების კრახის და დიდი კორპორაციების გაკოტრების რისკი. იუპიტერი აფართოებს მასშტაბებს, პლუტონი მართავს დიდ ფულსა და კრიზისებს. მათი ოპოზიცია ხშირად ემთხვევა ფინანსურ კოლაფსებს. ახლა ყველაზე დაცული არის ნაღდი ფული, ე.წ.ქეში და ოქრო.
მოსალოდნელია მსხვილი ტექნოლოგიური ან ენერგეტიკული გიგანტების სერიოზული რყევები, რესტრუქტურიზაცია ან გაკოტრება. რასაც დიდი ალბათობით თუ გაუძლებენ, ეს იქნება სურსათის, მედიკამენტებისა და პირველადი მოხმარების საგნების მწარმოებელი კომპანიები.
ასტროლოგიურად, რუსეთი ტრადიციულად მერწყულის ეგიდით მყოფ ქვეყნად მიიჩნევა, ხოლო მისი თანამედროვე სახელმწიფოს რუკაში მზე მშვილდოსანშია, რომლის მმართველიც იუპიტერია. ეს ოპოზიცია რუსეთისთვის ნიშნავს ძველი, ცენტრალიზებული და ავტორიტარული მმართველობის მოდელის (ლომის თვისებები) მწვავე შეჯახებას მერწყულისეულ გარდაუვალ რეფორმებთან და იზოლაციასთან. ვინაიდან 2014 წელს ყირიმისა და დომბასის ცნობილი მოვლენების დროს კირჩხიბი-თხის რქის ღერძზე დაწყებულმა პროცესებმა საფუძველი ჩაუყარა დღევანდელ გეოპოლიტიკურ კრიზისს, ახლანდელი ლომი-მერწყულის ოპოზიცია ამ პროცესების კულმინაციას და ძალაუფლების სტრუქტურის იძულებით, სწრაფ რღვევას მოასწავებს.
თუმცა 2014-ში კირჩხიბი - თხის რქის ღერძი იყო გააქტიურებული, მაგრამ მაინც...
და რაც მთავარია, რადგან ციკლის ახალ საფეხურზე გადავდივართ, რაც მაშინ, 2014-ში დაიწყო, უსათუოდ უნდა დასრულდეს ახლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ დიდხანს გაიწელება.
პირად დონეზე იუპიტერისა და პლუტონის ოპოზიცია თითოეული ადამიანის ცხოვრებაში იწვევს უდიდეს შინაგანი ამბიციებისა და გარემო პირობების შეჯახებას, რაც გვაიძულებს გადავაფასოთ ჩვენი მიზნები, ფინანსები და პირადი ძალაუფლება. იუპიტერი გვაძლევს განცდას, რომ ყველაფერი შეგვიძლია, პლუტონი კი მკაცრ რეალობასა და შეზღუდვებს გვახვედრებს წინ. ადამიანებს უჩნდებათ სურვილი, დაამტკიცონ თავიანთი უპირატესობა, რაც ხშირად იწვევს კონფლიქტებს გარშემომყოფებთან.
ჩნდება შინაგანი მაქსიმალიზმი. იბადება ძლიერი სურვილი, რადიკალურად შევცვალოთ ცხოვრება , მივატოვოთ მოსაწყენი სამსახური, დავასრულოთ დამღლელი ურთიერთობები ან დავიწყოთ სრულიად ახალი საქმე.
ლომი-მერწყულის ღერძი პირდაპირ ეხება ინდივიდუალურ ამბიციასა და სისტემას. პირად დონეზე ეს ხშირად ვლინდება უფროსებთან, ავტორიტეტებთან ან სახელმწიფო სტრუქტურებთან დაპირისპირებაში. ადამიანი ვეღარ იტანს კონტროლს. ბევრისთვის ეს იქნება მომენტი, როცა ძველი მიღწევები აზრს კარგავს და საჭირო ხდება ახალი, უფრო მასშტაბური მიზნების დასახვა.
კარგი დროა პირადი ბიუჯეტის რეფორმირებისთვის, ძველი ვალების დასაფარად და ფინანსური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, ოღონდ მხოლოდ გონივრული, სტრატეგიული ნაბიჯებით. რადგან იუპიტერის გავლენით ჩნდება ილუზია, რომ დიდ რისკზე წასვლა დიდ მოგებას მოიტანს. თუმცა, პლუტონის ოპოზიცია გვაფრთხილებს, რომ ფინანსური სპეკულაციები, დიდი ვალების აღება ან დაუფიქრებელი ინვესტიციები ამ პერიოდში კრახით დასრულდება.
ყველაზე რთულად და მძაფრად ამ ზეგავლენებს, პირველ რიგში, ფიქსირებული ჯვრის ნიშნები: ლომი, მერწყული, კურო და მორიელები იგრძნობენ, რადგან იუპიტერ-პლუტონის ღერძი ზუსტად მათ ტერიტორიაზე გადის.
დანარჩენებისათვის შესაძლოა ნეიტრალური, ან წარმატების მომტანიც კი იყოს. გააჩნია თქვენს პირად რუკებს.
ასევე დაგაინტერესეთ:
⭕იუპიტერი ლომში: წელი, როდესაც გულით ვიხელმძღვანელებთ! - რას გვირჩევს ეზოტერიკოსი