ჟურნალისტი ედვარდ რუკიდი კიჯანანგომა აფრიკაში მდებარე ტოოროს სახელმწიფოს მეფედ აკურთხეს. ტოოროს სამეფო უგანდაში შედის, მაგრამ ცალკე სახელმწიფოს წარმოადგენს. უგანდაში ოთხი მსგავსი ტიპის ტერიტორიული წარმონაქმნია. ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.
ედვარდ რუკიდი კიჯანანგომა ტოოროს მე-13 მონარქი გახდა და ამით დასრულდა დავა ტახტის მემკვიდრეობის შესახებ, რომელიც წინა მეფის, ოიო ნაიმბა კაბამბა იგურუ რუკიდი IV-ის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ის სექტემბერში 34 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა.
მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვლილი მეფის დედას სხვა კანდიდატურა ჰყავდა, სამეფო კლანის 21-მა წევრმა მეფის ტახტზე 56 წლის კიჯანანგომა აირჩია, რომელიც ოიო ნაიმბას ბიძაშვილია.
მეფედ კურთხევის შემდეგ მონარქმა ედვარდ რუკიდი ნიაბონგო I-ის სახელი მიიღო.
ნიაბონგო I მეფედ კურთხევამდე სახელმწიფო ტელეკომპანიაში, UBC-ში საინფორმაციო სამსახურის წამყვანად და რედაქტორად მუშაობდა. ყოფილი კოლეგები, ამბობენ, რომ ის ჩვეულებრივი, მოკრძალებული ადამიანია.
მეფედ მის არჩევას ტოოროში კამათი მოჰყვა, რადგანაც ის პირდაპირი მემკვიდრე არ არის და მეფის კურთხევა წინა მეფის დედის და დის პროტესტის მიუხედავად ჩატარდა.
ტოოროს სახელმწიფოში ჭორები დადიოდა, რომ გარდაცვლილ მეფეს შვილი ჰყავდა და რომ მან ანდერძი დატოვა, სადაც ის მემკვიდრედ დაასახელა. მაგრამ კრიტიკოსები ამბობენ, რომ წინა მეფეს შვილი სამეფო კლანისთვის სიცოცხლის დროს უნდა წარედგინა და მხოლოდ ამ შემთხვევაში ის კანონიერი მემკვიდრე გახდებოდა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ გიორგი წიტაიშვილი – „მომდევნო მატჩებში კიდევ უკეთესად დაინახავთ, რისი გაკეთება შეგვიძლია“
წყარო: newshub.ge