კალიფორნიის ქალაქ პასიფიკაში, ლინდა-მარის პლაჟზე ძაღლებს შორის სერფინგის მე-10 ყოველწლიური მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა. CBS News-ის ცნობით, შეჯიბრებაში სხვადასხვა ჯიშის 14-მა ძაღლმა მიიღო მონაწილეობა - მინიატიურული ცვერგპინჩერებიდან დაწყებული, ლაბრადორებითა და ფრანგული ბულდოგებით დამთავრებული. მსაჯები მონაწილეებს იმის მიხედვით აფასებდნენ, თუ რამდენ ხანს ძლებდნენ ისინი ტალღაზე და რამდენად დამაჯერებლად გრძნობდნენ თავს დაფაზე.
შეჯიბრება რთულ პირობებში ჩატარდა - კალიფორნიის სანაპიროსთან ტალღები ჩვეულებრივზე მაღალი იყო, რის გამოც ცხოველთა უსაფრთხოების მიზნით ორგანიზატორებს ფინალური ტურის ნაწილის გაუქმება მოუწიათ. ამის მიუხედავად, რამდენიმე ყველაზე გამოცდილი ძაღლი წყალში მაინც შევიდა.
ტურნირიდან ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი გახდა ლაბრადორი სახელად რიპინ როზი, რომელიც თავის პატრონთან, სტივ დროტართან ერთად გამოდიოდა. როზიმ რამდენიმე ჯილდო მოიპოვა, მათ შორის Top Dog-ის ტიტული, პირველი ადგილი XL Dog Surfing-ის კატეგორიაში და ტანდემში „ადამიანი-ძაღლი“, ასევე მეორე ადგილი Dream Team-ის კატეგორიაში.
ჩემპიონატი საქველმოქმედო მიზნებსაც ემსახურება. ღონისძიების განმავლობაში შეგროვებული შემოწირულებები ცხოველთა დაცვის ადგილობრივ ორგანიზაციებს გადაეცემათ. გარდა ამისა, მაყურებლებს საშუალება აქვთ გაიცნონ ძაღლები, რომლებიც ახალ პატრონს ეძებენ, და სურვილის შემთხვევაში, ოთხფეხა მეგობარი სახლში წაიყვანონ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ოთარ კიტეიშვილმა სეზონის სასტარტო მატჩი გამოტოვა – გიზი მამაგეიშვილმა „შტურმში“ შეცვლაზე ითამაშა