![ედ შირანიედ შირანი ედ შირანიედ შირანი](https://digest.ge/uploads/files/2025/02/10/65084/ed-shirani_w_h.jpeg)
ბრიტანელი პოპ-ვარსკვლავი ედ შირანი, რომელიც თავისი ტურნეს ფარგლებში ინდოეთში იმყოფება, ქალაქ ბენგალურუს ქუჩაში თაყვანისმცემლების წინაშე გიტარაზე უკრავდა და მღეროდა, როდესაც მასთან ინდოელი პოლიციელი მივიდა, აპარატურა გამოურთო და სიმღერის გაგრძელების საშუალება არ მისცა.
ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ცნობით, პოლიციამ განმარტა, რომ მას შესაბამისი ნებართვა არ ჰქონდა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ უთიშავს პოლიციელი მომღერალს მიკროფონს.
მოგვიანებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სააგენტო ANI-ს განუცხადეს, რომ ედ შირანის გუნდს უარი ეთქვა ხალხმრავალ ქუჩაზე პერფორმანსით გამოსვლაზე, რათა თავიდან აეცილებინათ ხალხმრავლობა.
თუმცა, ინციდენტის შემდეგ, ედ შირანმა Instagram-ზე დაწერა, რომ ქუჩაში სიმღერის ნებართვა ჰქონდათ და იმ კონკრეტულ ადგილას მისი გამოსვლა წინასწარ იყო დაგეგმილი.
„ეს არ ყოფილა ჩვენი შემთხვევითი გამოჩენა, თუმცა, ყველაფერი რიგზეა, შევხვდებით დღევანდელ შოუზე“, - დაწერა მუსიკოსმა.
მომხდარის გამო, ედ შირანის თაყვანისმცემლებმა ინდოეთის პოლიცია გააკრიტიკეს.
ადგილობრივმა დეპუტატმა მმართველი პარტიისგან კი განაცხადა, რომ „გლობალურმა ვარსკვლავებმაც კი უნდა დაიცვან ადგილობრივი წესები - არ იქნება ნებართვა, არ იქნება არავითარი პერფორმანსი“.
ედ შირანი ზედიზედ მეორე წელია, რაც ინდოეთში კონცერტების გასამართად ჩადის. მან უკვე არაერთ ქალაქში გამართა შოუ, 15 თებერვალს კი ინდოეთის დედაქალაქ დელის ესტუმრება.
Bank of Baroda-ს მონაცემებით, ინდოეთი „საკონცერტო ეკონომიკაში“ მნიშვნელოვანი მოთამაშე ხდება და „ლაივ“ კონცერტებიდან 700-900 მილიონ დოლარის შემოსავალს იღებს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ „მე თუ ქრისტე მიყვარს, ეს არ უნდა აღძრავდეს მოშურნეობას ბრძოლისათვის...“ - მამა თეოდორე გიგნაძე
⭕ როგორი ამინდი იქნება 10 თებერვალს საქართველოში?
წყარო: newshub.ge