ესპანეთში, კანარის კუნძულებზე, 30 წლის ფეხბურთელის, ჰესუს დე მიგელის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ საყოველთაო გლოვა გამოიწვია.
მატჩის დროს მომხდარი მძიმე შეჯახების შემდეგ, რომელმაც ფეხბურთელის სიცოცხლე შეიწირა, დუმილი დაარღვია „ანდორას“ მეკარემ ხესუს ოვონომაც - სწორედ მას შეეჯახა მოედანზე ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელი.
„ახლა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე დღეებია. მიჭირს სიტყვების მოძებნა და ძალზე რთულია მომხდარის გააზრება. ჰესუსის გარდაცვალების გამო უდიდეს ტკივილს განვიცდი.
მასზე, მის ოჯახსა და ყველა იმ ადამიანზე ვფიქრობ, ვისაც ის უყვარდა. ვიცი, რომ ბევრი საკითხია გასარკვევი და ნებისმიერ შედეგს პატივისცემით მივიღებ. თუმცა ახლა, გულწრფელად რომ ვთქვა, ჰესუსისა და იმ ტკივილის გარდა, რომელსაც ყველა განვიცდით, სხვა არაფერზე ფიქრი არ შემიძლია. განისვენე მშვიდად, ხესუს“, - აღნიშნა ხესუს ოვონომ.
მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთში მომხდარის გარემოებებს იძიებენ და ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მეკარეს შესაძლოა ოთხი წლით პატიმრობა ემუქრებოდეს, მისი ბრალეულობა ამ ეტაპზე ოფიციალურად დადგენილი არ არის.
ცნობისთვის, ტრაგედია 2 ნოემბერს, „ტენერიფესა“ და „ანდორას“ შეხვედრის მიწურულს მოხდა. „ანდორას“ მეკარე ხესუს ოვონო ბურთის მოგერიებას ცდილობდა, თუმცა ფეხი ბურთს ასცდა და დარტყმა „ტენერიფეს“ თავდამსხმელს, ჰესუს დე მიგელს გულ-მკერდის არეში მიაყენა. დე მიგელი მოედანზე უგონოდ დაეცა - მას გული გაუჩერდა.
ექიმების მიერ გაწეული დახმარების მიუხედავად, ფეხბურთელი მეორე დღეს, 3 ნოემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
წყარო: www.skysports.com