ლამინ იამალი მსოფლიო ფეხბურთის გამორჩეულ ახალგაზრდა ვარსკვლავებს შორის ადგილს სულ უფრო მყარად იმკვიდრებს. ამავდროულად, ახალგაზრდა ფეხბურთელი გულშემატკივრებს ახსენებს, რომ ვერანაირი წარმატება საკუთარ წარმომავლობას ვერ დაავიწყებს. მანამ, სანამ ფეხბურთის ერთ-ერთ უდიდეს ფიგურად იქცეოდა, მოზარდი მოკრძალებულ პირობებში იზრდებოდა.
ერთ-ერთ ძველ ინტერვიუში „ბარსელონას“ მე-10 ნომერმა პატივი მამის მხრიდან ბებიას, ფატიმას მიაგო. ბებიის რთული გზა მაროკოდან ესპანეთამდე მას დღემდე დიდ მოტივაციას აძლევს.
მიუხედავად იმისა, რომ იამალი საფეხბურთო წარმატებით ძალიან ამაყობს, მისი თქმით, ახლობლების კომფორტულად და ბედნიერად ნახვას არაფერი შეედრება.
„ბარსელონას“ ვარსკვლავი კატალონიაში, მატაროს მუშათა უბან როკაფონდაში გაიზარდა. ყოველ ჯერზე, როდესაც ის გოლს ამ უბნის საფოსტო კოდის აღმნიშვნელი ჟესტით აღნიშნავს, პატივს სწორედ იმ გარემოს მიაგებს, რომელმაც ის ჩამოაყალიბა.

ერთ-ერთ პოდკასტში საუბრისას იამალმა აღნიშნა, რომ ახლობლებისთვის სტაბილურობის შექმნა ყოველთვის მისი უდიდესი მოტივაცია იყო.
„დედაჩემს ბედნიერს ვხედავ. ჩემს უმცროს ძმას ისეთი ბავშვობა აქვს, მე რომ ვისურვებდი. სწორედ ეს მაბედნიერებს ყველაზე მეტად. მამაჩემს თავის სახლში მშვიდად სძინავს, ბებიაჩემს კი - თავის სახლში. დედაჩემს ყველაფერი აქვს, რაც სურს. ეს არის ის, რაც კი შვილმა შეიძლება, ინატროს.
მამაჩემი ესპანეთში სამი წლის ასაკში ჩამოვიდა, დედაჩემიც ძალიან პატარა იყო. მამა თავის დასთან ერთად ჩამოვიდა. აქ პირველი მამაჩემის დედა მარტო, ავტობუსით ჩამოვიდა.
ბებია მუშაობდა დილით, შუადღით, ღამით… ყველაფერს აკეთებდა, რომ მამაჩემიც ჩამოეყვანა. ის დასთან ერთად მაროკოში დატოვა. საკმარისი ფული რომ დააგროვა, ერთ ქალს გადაუხადა, რომ ისინი ესპანეთში ჩამოეყვანა“, - აღნიშნა ლამინ იამალმა.


⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ იბადებიან ყველაზე წარმატებული და მდიდარი კაცები?
⭕ „ყველას გვეშინია გარდაცვალების, და რატომ?“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
⭕„აირჩიეთ ნამდვილი, ბუნებრივი საკვები და არა დამუშავებული პროდუქტები“ - არუნ ხათრის რეკომენდაციები