გამოცემა PEOPLE-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, მეგან მარკლი უმძიმეს ემოციურ მდგომარეობაშია მას შემდეგ, რაც მისი 82 წლის მამა, თომას მარკლი უფროსი, ფედერალური ბრალდებით დააკავეს, რაც არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალების ფლობას უკავშირდება.
6 ნოემბერს, ფლორიდის შტატის ქალაქ ლეიკლენდში მდებარე მოხუცთა თავშესაფრიდან, ეტლში მჯდომი და ხელბორკილდადებული თომას მარკლი უფროსი ფედერალურმა აგენტებმა გაიყვანეს. იმავე დილით, 82 წლის მარკლი ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალების საქმეზე დააკავეს.
გამოძიების ვერსიით, აღნიშნული მასალები ლოს-ანჯელესში მის მიერ ნაქირავებ საცავებში აღმოაჩინეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
45 წლის სასექსის ჰერცოგინია, რომელიც ამჟამად ინგლისის პროვინციაში მდებარე ახალ სახლში ცხოვრობს, მამის გარშემო განვითარებულ შემაშფოთებელ მოვლენებს რეალურ დროში ადევნებს თვალს.
„ის განადგურებულია. ეს მამამისია - ადამიანი, რომელსაც ბავშვობიდან ენდობოდა და წლების განმავლობაში ძალიან ახლოს იყო. ეს ბრალდებები მისთვის გამანადგურებელია. ძალიან დიდი სევდაა“, - უცხადებს მეგანთან დაახლოებული პირი გამოცემა PEOPLE-ს.
მიუხედავად უმძიმესი სტრესისა, ინსაიდერის თქმით, მეგანს გვერდით ძლიერი მხარდამჭერები ჰყავს: „ის ცდილობს გამაგრდეს. მას ჰყავს ბევრი მეგობარი და ოჯახის წევრი, რომლებსაც შეუძლია დაეყრდნოს“.
ბრალდებების შესახებ საჯაროდ პირველად 22 ოქტომბერს გახდა ცნობილი, როდესაც მეგანის ნახევარძმამ, თომას მარკლი უმცროსმა განაცხადა, რომ ფილიპინებში, მამამისის ყოფილ საცხოვრებელ სახლში, ასობით, შესაძლოა ათასობით მსგავსი შინაარსის ფოტო აღმოაჩინეს. ამის შემდეგ გამოძიება გაფართოვდა, რაც ფლორიდაში მისი დაკავებით დასრულდა.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, გამომძიებლებმა ლოს-ანჯელესში მდებარე ორი საცავიდან (რომლებსაც თომას მარკლი თითქმის ორი ათწლეული ქირაობდა) დაახლოებით 78 ერთეული ნივთმტკიცება ამოიღეს, მათ შორის სლაიდები, ფოტოფირის ნეგატივები და წიგნები. პროკურატურის მიერ აღწერილ მტკიცებულებებს შორის არის სექსუალური ხასიათის ფოტოები, რომლებზეც, სავარაუდოდ, თავად თომას მარკლი უფროსია აღბეჭდილი მცირეწლოვან გოგონებთან ერთად.
„ეს ბრალდებები უკიდურესად სერიოზულია და ჩვენ ბატონ მარკლს ფედერალური კანონმდებლობის მთელი სიმკაცრით გავასამართლებთ“, - განაცხადა აშშ-ის პროკურორის პირველმა თანაშემწემ, ბილ ესაილიმ.

კრიზისი დაემთხვა პერიოდს, როდესაც 42 წლის პრინცი ჰარი მამასთან, 77 წლის მეფე ჩარლზთან ურთიერთობის აღდგენის ფრთხილ ნაბიჯებს დგამს. მომხდარზე ოფიციალური კომენტარი არც ბუკინგემის და არც კენსინგტონის სასახლეს არ გაუკეთებია. ექსპერტების აზრით, იურიდიული სენსიტიურობის გამო, სამეფო ოჯახი, სავარაუდოდ, ნებისმიერი სახის საჯარო ჩარევას მოერიდება.
მიუხედავად ოჯახური ტრაგედიისა, ჰარი და მეგანი საზოგადოებრივ საქმიანობას აგრძელებენ: 8 ნოემბერს ჰარი ბრაკლიში ხსოვნის დღის ღონისძიებას დაესწრო, 10 ნოემბერს კი წყვილი ბრიუსელში, ევროპარლამენტში ბავშვთა ონლაინ-უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოჩნდა.
ინსაიდერის თქმით, მეგანისთვის ახლა მთავარი ნუგეში შვილები - არჩი და ლილიბეტი არიან, რომლებმაც აგვისტოში დიდ ბრიტანეთში დაბრუნების შემდეგ სწავლა ინგლისურ სკოლაში დაიწყეს. ოჯახი მადლიერების დღის გატარებას ბრიტანეთში გეგმავს, საშობაოდ კი ახალ სახლში მეგანის დედას, დორია რაგლანდს ელოდებიან.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 ვის გაუმართლებს ფინანსებში 2027 წელს - თაკო მელიქიშვილის ასტროლოგიური პროგნოზი
წყარო: people.com