ისლანდია შეუერთდა ესპანეთს, ირლანდიას, სლოვენიასა და ნიდერლანდებს და განაცხადა, რომ 2026 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსს ბოიკოტს გამოუცხადებს. ამის შესახებ BBC წერს.
ხუთივე ქვეყანამ მონაწილეობაზე უარი თქვა მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ისრაელის მონაწილეობა კონკურსში ოფიციალურად დადასტურდა.
„ისლანდიის ეროვნულმა მაუწყებლობის სამსახურმა (RÚV) გადაწყვიტა, რომ მომავალ წელს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გასამართ ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობა არ მიიღოს“, - ნათქვამია RÚV-ის საბჭოს განცხადებაში.
„ისრაელის ეროვნული მაუწყებლის, KAN-ის, კონკურსში მონაწილეობამ უთანხმოება გამოიწვია როგორც ევროპის მაუწყებლობის კავშირის (EBU) წევრებს, ასევე ფართო საზოგადოებას შორის“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
ისლანდიის ეროვნული მაუწყებლობის სამსახურის საბჭოს სხდომა რამდენიმე საათით ადრე გაიმართა, სანამ ქვეყნებისთვის 2026 წლის ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობის დადასტურებასთან დაკავშირებით განსაზღვრული ვადა ამოიწურებოდა. შესაბამისად, ისლანდია, სავარაუდოდ, ბოლო ქვეყანაა, რომელმაც კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა.
ისრაელის ევროვიზიაში მონაწილეობა კრიტიკას იწვევს ღაზაში ომისა და კენჭისყრისა და საარჩევნო კამპანიის პროცესებთან დაკავშირებული შეშფოთების გამო, მათ შორის ბრალდებების გამო, რომ ისრაელის მთავრობა წლევანდელ ღონისძიებაზე საზოგადოების კენჭისყრაზე გავლენის მოხდენას ცდილობდა.
გასულ კვირას ევროპის მაუწყებელთა კავშირის სამიტზე დამტკიცდა კენჭისყრის მთლიანობის დასაცავად შექმნილი ახალი ზომების ნაკრები, რის შემდეგაც ქვეყნების უმეტესობამ დაადასტურა, რომ 2026 წლის კონკურსზე ვენაში გაემგზავრებიან.
ისლანდიურმა მაუწყებელმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ახალი ზომები გარკვეულ პრობლემებს აწესრიგებს, „ჯერ კიდევ არსებობს ეჭვები, შეთანხმებული ცვლილებები სრულად დამაკმაყოფილებელი იქნება თუ არა“.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕სალომე ბაკურაძე ეთერს დაუბრუნდა - „გრძელდება ცხოვრება, როგორი რთულიც არ უნდა იყოს“