ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქება, შესაძლოა, დივერსია იყოს. ამის შესახებ რუსეთის ნაციონალურ ანტიტერორისტულ კომიტეტში განაცხადეს, ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ხიდზე სატვირთო ავტომობილი აფეთქდა, რასაც ხიდის ორი სექციის ჩანგრევა მოჰყვა. ასევე, ცეცხლი გაუჩნდა მატარებლის ცისტერნებს.
„მატარებლის საწვავით სავსე ცისტერნა აალდა. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ლოკომოტივი და ვაგონების ნაწილი ქერჩის სადგურზეა გადაყვანილი. მომხდარის მიზეზების დადგენა ხდება“ - განაცხადეს ყირიმის რკინიგზის პრესსამსახურში.
მომხდარის გამო ხიდზე საავტომობილო და სარკინიგზო გადაადგილება შეჩერებულია. ამჟამად ყირიმის ხიდის ერთ-ერთ ალტერნატივად საბორნე გადასასვლელი განიხილება.
ყირიმის ხიდის სიგრძე 19 კილომეტრს შეადგენს. ის ანექსირებულ ყირიმს რუსეთის დანარჩენ ტერიტორიასთან აკავშირებს. ფაქტობრივად ყირიმის ხიდი ორი ხიდისგან - სარკინიგზო და საავტომობილოსგან შედგება. საავტომობილო ხიდი 2018 წლის მაისში გაიხსნა, ხოლო სარკინიგზო - 2019 წლის 23 დეკემბერს.
ხიდის მშენებლობა ვლადიმერ პუტინის უშუალო მეთვალყურეობით მიმდინარეობდა და ის ამ პროექტს დიდ სიმბოლურ მნიშვნელობას ანიჭებდა.
2022 წლის 16 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ყირიმის ხიდს უკრაინა განიხილავს, როგორ სამხედრო მიზანს. „ამ გზით ყირიმში რუსეთის არმიის მომარაგება ხდება. ასეთი ობიექტები უნდა იყოს განადგურებული“, - განაცხადა პოდოლიაკმა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ლოგინზე მწოლიარე ადამიანი იცანით ვინ არის?! - ადამიანი ლეგენდა!“ - თამრიკო მოლაშვილი