ამერიკელი რეპერის, კანიე უესტის კონცერტი, რომელიც პოლონეთის ქალაქ ხოჟუვში 19 ივნისს უნდა ჩატარებულიყო, „ფორმალურ-სამართლებრივი მიზეზების გამო“ აღარ გაიმართება. ამ კონცერტის ჩატარებას მიუღებელი უწოდა პოლონეთის კულტურის მინისტრმა, მარტა ცენკოვსკამ. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
მანამდე კანიე უესტს ქვეყანაში ჩასვლა დიდმა ბრიტანეთმა აუკრძალა. ის მუსიკალურ ფესტივალზე, „Wireless Festival“-ზე ივლისში უნდა გამოსულიყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ უესტს ფესტივალის მოსაწვევი არასოდეს უნდა მიეღო. საბოლოოდ, ორგანიზატორებმა მთლიანად ფესტივალი გააუქმეს.
ასევე „მომდევნო შეტყობინებამდე“ გადაიდო კანიე უესტის კონცერტი, რომელიც საფრანგეთის ქალაქ მარსელში 11 მაისს უნდა ჩატარებულიყო.
48 წლის კანიე უესტი ერთ პერიოდში მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ რეპერად ითვლებოდა. ბოლო დროს ის სკანდალების ცენტრში აღმოჩნდა ნაცისტური გერმანიის ლიდერის, ადოლფ ჰიტლერის და „მესამე რაიხის“ მიმართ დადებითი შეფასებების გამო. კერძოდ, მან გაავრცელა ტრეკი, სადაც „მესამე რაიხის“ დროინდელი მისალმება იყო ნაჩვენები. ასევე უესტმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ ნაცისტები უყვარს და საკუთარ საიტზე ნაცისტური სვასტიკის გამოსახულებით მაისურებს ყიდდა.
2026 წლის იანვარში კანიე უესტმა The Wall Street Journal-ს განუცხადა, რომ საკუთარი საქციელის გამო ბოდიშს იხდის, რომ ის „ნაცისტი არ არის და ებრაელები უყვარს“. წინა გამონათქვამები და საქციელი რეპერმა ბიპოლარული აშლილობით ახსნა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„წარმოთქვით ეს ციფრები ხმამაღლა მკაფიოდ...“ - როგორ გავიაქტიუროთ 18 აპრილის ენერგია
⭕როგორ ვაქციოთ ფატალური მარცხი გამარჯვებად? - რას წერს რამაზ გიგაური
წყარო: newshub.ge