Digest Logo

ქეით მიდლტონი ბრიტანეთის ყველაზე გემოვნებიანად ჩაცმულ ქალად დასახელდა

1785738802
ქეით მიდლტონი

ქეით მიდლტონი სტილის ხატის სტატუსს კიდევ ერთხელ იმყარებს.

ჟურნალმა Tatler-მა ყველაზე გემოვნებიანად ჩაცმულთა ყოველწლიური სია გამოაქვეყნა. რეიტინგის სათავეში უელსის 44 წლის პრინცესა მოექცა. გამოცემამ ქეითი „ბრიტანეთის ყველაზე დახვეწილ პერსონად“ დაახასიათა და აღნიშნა, რომ მისი სამოსი „სამეფო ღონისძიებებს ამრავალფეროვნებს“.

ჟურნალმა დაწერა, რომ 2024 წლის ონკოლოგიური დიაგნოზის შემდეგ იგი „გამოჯანმრთელდა და ბრიტანული მოდის გმირის ამპლუას დაუბრუნდა“.

პრინცესა ქეითი Tatler-ის ყველაზე გემოვნებიან ადამიანად მანამდეც მრავალჯერ დასახელდა. ბოლოს ეს ტიტული მან 2022 წელს მოიპოვა. პირველი ადგილის დაკავებით ქეითმა ტიტული ლედი ლოლი ბიუტსა და ჯაზი დე ლისერს ჩამოართვა.

2024 წელს პირველი ადგილი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის სხვა წევრმა დაიკავა. ეს პრიცი უილიამის ბიძაშვილი, პრინცესა ბეატრისი გახლდათ. ჟურნალმა მას „სრულყოფილების პრინცესა“ უწოდა. გამოცემამ იგი „დახვეწილი ელეგანტურობის შუქურად“ შეაფასა.

ტექსტში აღნიშნული იყო, რომ იგი ვინტაჟურ თარგებსა და პოდიუმის ახალ გლამურს ოსტატურად აერთიანებდა. წლევანდელ რეიტინგში ბრიტანელი მძლეოსანი ტემი ოჯორა მოხვდა. სიაში „ბრიჯერტონის“ მსახიობი ჰანა დოდიცაა. ასევე დასახელდა სელმა ჰაიეკის ქალიშვილი, ვალენტინა პინო.

ონკოლოგიური დიაგნოზის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის გამო პრინცესა ქეითმა 2024 წლის უმეტესი ნაწილი არასაჯაროდ გაატარა. 2025 წლის დასაწყისში მან რემისიის შესახებ გამოაცხადა. იგი სამეფო მოვალეობების შესრულებას ეტაპობრივად დაუბრუნდა. წლევანდელი წელი მისი გამოჯანმრთელების გზაზე მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდა. დიაგნოზის დასმის შემდეგ უელსის პრინცესამ პირველი ოფიციალური ვიზიტი საზღვარგარეთ განახორციელა. იგი ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ რეჯო-ემილიას ეწვია. ვიზიტის მიზანი ადრეული საბავშვო განათლების ადგილობრივი მეთოდოლოგიის გაცნობა გახლდათ.

უელსის პრინცესის ბოლო დროის სტილი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. იგი BAFTA-ს დაჯილდოებაზე წითელი ხალიჩის გლამურით წარდგა. საქველმოქმედო პოლოს მატჩზე კი საზაფხულო ელეგანტურობა აირჩია.

ოფიციალური გამოსვლებისთვის იგი უპირატესობას მიდი-სიგრძის კაბებს ანიჭებს. ამ კაბებს იგი დახვეწილ თავსაბურავებსა და შთამბეჭდავ კოსტიუმებს უხამებს.

ჩაცმის სტილში პრინცესა ქეითი რამდენიმე წესს მიჰყვება. იგი საყვარელი სამოსის ხელმეორედ ჩაცმას არ ერიდება. ზოგჯერ პრინცესა იმავე სამოსს წლების შემდეგაც ირგებს. წითელი ხალიჩის კაბებიდან დაწყებული, ყოველდღიური ქურთუკებით დამთავრებული, ქეითი ნაცნობ ლუქებს ხშირად იმეორებს.

თებერვალში, ყოფილი პრინცის, ენდრიუს, დაპატიმრების ფონზე, უელსის პრინცესა კვლავ ნაცნობ სამოსში გამოჩნდა.

სტილისტ ლიზა ტალბოტის თქმით, ეს „სავსებით გააზრებული“ ნაბიჯი გახლდათ. ტალბოტმა გამოცემა Daily Mail-ს განუცხადა:

„სამოსის ხელმეორედ ჩაცმა სტაბილურობასა და თავმდაბლობაზე უხმოდ მიუთითებს. ეს ნაბიჯი უწყვეტობას, პასუხისმგებლობასა და მომენტისადმი პატივისცემას გამოხატავს. როდესაც საზოგადოებრივი მგრძნობელობა მაღალია, ყველაზე ძლიერი სტილისტური განაცხადი ხშირად თავშეკავებაა. როდესაც სამეფო ოჯახი ყურადღების ცენტრშია, სამოსი მოდას ნაკლებად ასახავს და უფრო მეტად გზავნილად იქცევა. საკუთარი გარდერობიდან ნაცნობი სამოსის არჩევით იგი ყურადღების გაფანტვას აირიდებს. შედეგად, ყურადღება მის ჩაცმულობაზე კი არა, მის როლსა და საქმიანობაზე მახვილდება“, - თქვა სტილისტმა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ახალი ეტაპი ურთიერთობებში, ფინანსური წარმატება და სასიამოვნო შეხვედრები - როგორი იქნება 3-9 აგვისტოს კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

⭕ „ზედმეტი თუ მუდმივი სერიოზულობა არ არის განსაკუთრებით კარგი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“ - რას წერს ლევან შელეგია

⭕ „თუ ენერგია არასწორი მიმართულებით იქნება გამოყენებული, ის შეიძლება დამანგრეველი გახდეს...“ - 3 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

წყარო: www.beaumonde.ge