ავიაკატასტროფაში დაღუპულ ირანის პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანს მოსახლეობა ემშვიდობება. პროცესია თავრიზში დაიწყო - სწორედ ამ ქალაქში მიფრინავდა ვერტმფრენი, რომელმაც კატასტროფა განიცადა და ირანის პრეზიდენტთან და საგარეო მინისტრთან ერთად, კიდევ 6 ადამიანი იმსხვერპლა.
როგორც ადგილობრივი გამოცემა IRNA წერს, დაღუპულთა ცხედრები 10 000-მდე ადამიანმა გააცილა.
„მათი უმრავლესობა სამგლოვიარო ტანისამოსშია გამოწყობილი, ხელში დაღუპულთა პორტრეტები უჭირავთ, ხმამაღლა ტირიან და ლოცულობენ“, - წერს გამოცემა.
არსებული ცნობით, თავრიზის შემდეგ, სამგლოვიარო ცერემონია გადაინაცვლებს თეირანში, სადაც დაღუპულთა ცხედრებს დედაქალაქის მეჩეთში დაასვენებენ.
ხოლო 23 მაისს პრეზიდენტს, მისივე ანდერძის მიხედვით, მშობლიურ ქალაქ მეშჰადში, იმამ რეზას მავზოლეუმში დაკრძალავენ.გლოვის დღეებში, სახელმწიფო შენობებზე ირანის დროშებია დაშვებული.
შეგახსენებთ, 19 მაისს ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ირან-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან ირანის ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდნენ, რა დროსაც მათმა ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა.
ირანში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს ჩაინიშნა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: