Digest Logo

რომის პაპი ილია მეორეზე: სიყვარულით მფარველობდა ტრადიციებს, იმედით აღავსებდა ადამიანთა გულებს და მთელ საზოგადოებას

1774016052
 რომის პაპი  რომის პაპი

„გულისტკივილით შევიტყვე ცნობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ, გამოვთქვამ ჩემს გულწრფელ სამძიმარს“, - ნათქვამია რომის პაპ ლეო XIV-ის სამძიმრის წერილში, რომელსაც კათოლიკე ეკლესიის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

როგორც რომის პაპი წერილში აღნიშნავს, ილია მეორე თავისი მსახურებით გვერდში ედგა ქართველ ხალხს ძნელბედობისა და ძირეული ეპოქალური ცვლილებების პერიოდში.

„მის მაღალ ყოვლადუსამღვდელოესობას, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს, დიდი გულისტკივილით შევიტყვე ცნობა მისი უწმიდესობის და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ.

გამოვთქვამ ჩემს გულწრფელ სამძიმარს და ვუდასტურებ თქვენს მაღალ ყოვლადუსამღვდელოესობას ჩემს ძმურ თანადგომას. თქვენი ერისათვის ამ მწუხარე ჟამს, გიერთდებით ლოცვაში და თქვენთან ერთად მადლიერებით ვიხსენებ მწყემსსა და მამას, რომელიც მრავალი წლის მანძილზე წინ მიგიძღოდათ სიკეთით, სიბრძნით და სახარებისეული ძლიერებით.

თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე, პატრიარქი ილია II გახლდათ ღვთისმოსავი მოწმე მკვდრეთით აღმდგარი უფლის რწმენისა. იგი თავისი მსახურებით გვერდში ედგა ქართველ ხალხს ძნელბედობისა და ძირეული ეპოქალური ცვლილებების პერიოდში, სიყვარულით მფარველობდა ტრადიციებსა და იმედით აღავსებდა ადამიანთა გულებს და მთელ საზოგადოებას. მსურს, განსაკუთრებით აღვნიშნო მისი სიყვარული მუსიკისადმი, რომელიც წარმოგვიჩენს უფლისეულ მშვენიერებას და რომელსაც ძალუძს გააერთიანოს ხალხები, დააახლოოს ეკლესიები, მიუხედავად მათი კულტურული და თეოლოგიური განსხვავებებისა.

უამრავი ადამიანისთვის პატრიარქი ილია II იყო ხმა შერიგებისა, დაუღალავი შემოქმედი ერთობისა. იგი გულთბილი და ძმური სულისკვეთებით შეხვდა ჩემს ორ წინამორბედს - წმინდა იოანე პავლე მეორეს და პაპ ფრანცისკეს.

და ახლა, როცა უფალს ანდობთ ამ ერთგულ მსახურს, კვლავაც ჩაგვესმის პავლე მოციქულის სიტყვები, დასტურად იმისა, რომ იესოს აღდგომა ჩვენი რწმენის საფუძველი და იმედის წყაროა, რადგან, თუ იესო არ აღმდგარა, ჩვენი რწმენაც ფუჭი ყოფილა (შდრ, 1 კორ 15:14). ამიტომაც, მწყემსის სიკვდილმა გულები სასოწარკვეთით კი არა, იმის რწმენით უნდა აგვივსოს, რომ სიცოცხლე არ ქრება, არამედ გარდაიქმნება.

ამ გრძნობებით აღსავსე, ჩემს ძმურ სიახლოვეს ვუდასტურებ თქვენს მაღალ ყოვლადუსამღვდელოესობას, რომელსაც თანამოსაყდრეობის მძიმე ტვირთი აკისრია. დაე, უფალმა მოგმადლოთ სინათლე, სიბრძნე და ძალა, რათა თქვენც იმგვარივე მწყემსისეული სიყვარულით წარუძღვეთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორითაც გარდაცვლილი პატრიარქი მიუძღოდა. შევთხოვ ყოვლად წმინდა ღვთისმშობელს, ნუგეშისა და სიყვარულის მოსასხამით დაიფაროს თქვენი მაღალი ყოვლადუსამღვდელოესობა, წმიდა სინოდი და მთელი ქართველი ერი. ვატიკანიდან, 18 მარტი, 2026“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში, რომლითაც რომის პაპმა კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს და წმინდა სინოდს მიმართა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ასეთი ჩუმი ბაირამი მე არ მახსენდება... ქვეყნის მუსლიმანებმა ტოლერანტობის და გვერდში დგომის მაგალითი გვაჩვენეს...“ - რას წერს ჟურნალისტი ლიანა მარქარიანი

🎥 „შენი ცხოვრება ჩვეულებრივზე მეტად გისმენს...“ - 20 მარტის ბუნიობა: ბალანსის წერტილი

🎥 „სანამ ჩვენ შვილებს ცოცხლებს ვეძებდით, თურმე პატრიარქი ჩვენი შვილების ჭირისუფალი ყოფილა...“ - რას ჰყვებოდნენ აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების მშობლები პატრიარქზე