საფრანგეთში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პსჟ“-ს გამარჯვების შემდეგ 416 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას Le Figaro ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორან ნუნიესის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ყველაზე მეტი დაკავებული პარიზშია - 283 ადამიანი.
ფანებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები ჯერ კიდევ მატჩის დასაწყისში დაიწყო, როდესაც, შსს-ის მტკიცებით, დაახლოებით 150 ადამიანი სტადიონ „პარკ დე პრესნზე“ შეჭრას შეეცადა, სადაც ფინალის ტრანსლაცია მიმდინარეობდა. Le Figaro-ს ცნობით, სამართალდამცველების მიმართულებით ფეიერვერკებს ისროდნენ.
დაპირისპირება მატჩის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა - ფანების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. „პარკ დე პრენსის“ მიმდებარედ, არეულობის შედეგად, დაზიანდა საცხობი და რესტორანი, ხოლო შეტაკების მონაწილეები ველოსიპედებისგან ბარიკადებს აგებდნენ. რამდენიმე ასეულმა ადამიანმა გადაკეტა პარიზის წრიული ავტომაგისტრალი, რამაც მოძრაობა დროებით პარალიზება გამოიწვია. შედეგად მოხდა ავარია, რომლის დროსაც სკუტერის მძღოლი და მისი მგზავრი დაშავდნენ. ელისეს მინდვრების რაიონში კი გულშემატკივრები ველოსიპედებს ცეცხლს უკიდებდნენ.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ზარალი მიადგა სხვადასხვა ინფრასტრუქტურას საფრანგეთის 15 ქალაქში. რენში, სტრასბურგში, კლერმონ-ფერანსა და გრენობლში დაფიქსირდა მაღაზიების გაძარცვის შემთხვევები.
ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პსჟ“-მ „არსენალი“ დაამარცხა და ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად ტურნირის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„უფალთან ურთიერთობაში ერთგულების პრინციპია მნიშვნელოვანი“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე