
Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრიაში სიჩქარის გადაჭარბებისთვის მძღოლებს მანქანებს ჩამოართმევენ და აუქციონზე გაუყიდიან. შესაბამის გეგმაზე ავსტრიის მთავრობა უკვე მუშაობს. ამის შესახებ ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრ ლეონორ გევესლერმა აღნიშნული გეგმის წარდგენის დროს განაცხადა.
მმართველი კონსერვატორებისა და „მწვანეების“ კოალიციის მიერ გამოცხადებული საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავს ავსტრიის წესების გამკაცრებასა და სხვა ქვეყნების კანონმდებლობასთან დაახლოებას, როგორიც არის მეზობელი გერმანია და შვეიცარია. ხელისუფლება აცხადებს, რომ არალეგალური ქუჩის რბოლისა და სიჩქარის ექსტრემალური გადაჭარბების შემთხვევების გაკონტროლება სურს.
„იმ სიჩქარით, რაზედაც ჩვენ ვსაუბრობთ, ვერავინ შეძლებს, სრულად აკონტროლოს თავისი მანქანა. ამ დროს მანქანა ხდება უმართავი იარაღი და საფრთხე სრულიად უდანაშაულო ადამიანებისთვის,“ - აცხადებს ლეონორ გევესლერი.
კერძოდ, მთავრობის გეგმის მიხედვით, ავტომობილის ორ კვირამდე ჩამორთმევით დაისჯება ნებისმიერი მძღოლი, რომელიც სიჩქარეს 60 კმ/სთ-ით გადააჭარბებს ქალაქში, სადაც სიჩქარის ლიმიტი, როგორც წესი, 50 კმ/სთ-მდეა, ხოლო 70 კმ/სთ-ით გადაჭარბების გამო იმ ადგილებში, სადაც სიჩქარის ლიმიტი 130 კმ/სთ-მდეა. ქალაქში სიჩქარის ლიმიტის 80 კმ/სთ-ზე ან სხვა ადგილებში 90 კმ/სთ-ზე მეტით გადაჭარბება მანქანის სამუდამო ჩამორთმევითა და აუქციონზე შემდგომი გაყიდვით დაისჯება, რაც თანაბრად შეეხება როგორც პირველ, ისე განმეორებით დამრღვევ პირს.
„როცა მანქანა აღარ გყავს, მას ვეღარ ააჩქარებ! სწორედ ამიტომ არის ეს ღონისძიება ასე წარმატებული სხვა ქვეყნებში და დამრღვევ პირს ურტყამს იქ, სადაც ყველაზე მეტად სტკივა. შესაბამისად, მოსახლეობაც დაცულია. მართალია, ეს ზომები მკაცრია, მაგრამ საჭიროა“, - აცხადებს გევესლერი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 „ვეუბნებოდი, არ მინდა მეორე შვილის სიკვდილი ვნახო-მეთქი...“ - უკრაინაში დაღუპული მებრძოლის მამა
🔵 „ეს არც ზღაპარია და არც რომანი“ – როგორ გადაარჩინა ჯამბულ ხოფერიამ უკრაინელი და ქართველი მეომრები
წყარო: commersant.ge