სტეფანო გაბანამ Dolce & Gabbana-ს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. კომპანიის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება 2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა და მმართველობითი სტრუქტურის ცვლილების ნაწილია. ამავე დროს, ბრენდმა დააზუსტა, რომ გაბანა მოდის სახლის შემოქმედებით საქმიანობას არ ჩამოშორებია და მის კრეატიულ მიმართულებაში მონაწილეობას კვლავ აგრძელებს. რაც ნიშნავს, რომ საუბარი არ არის გაბანას ბრენდიდან სრულ წასვლაზე. შესაბამისად, ეს ნაბიჯი უფრო კორპორაციულ გადაადგილებად შეიძლება აღვიქვათ.
საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია ფინანსურ საკითხებზეც მუშაობს და ვალის რეფინანსირებას განიხილავს. მოდის ინდუსტრიაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე კერძო საკუთრებაში მყოფ სახლებს ეხება, მმართველობითი ცვლილებები ხშირად მხოლოდ სახელებისა და თანამდებობების გადაადგილება არ არის. ისინი მიუთითებს, რომ ბრენდი ახალ ეტაპზე გადადის და ფინანსური სტაბილურობის ახალ ფორმას აყალიბებს.
დღეს არსებული სურათი ნათელია. სტეფანო გაბანამ თავმჯდომარის პოზიცია დატოვა, თუმცა Dolce & Gabbana-ს შემოქმედებით ცხოვრებაში დარჩა. ახლა მთავარი კითხვა ის არის, როგორ გააგრძელებს იტალიური მოდის სახლი საკუთარი იდენტობის შენარჩუნებას მაშინ, როცა მისი კორპორაციული სტრუქტურა ახალ ეტაპზე გადადის.
Dolce & Gabbana იმ იშვიათ მოდის სახლებს შორისაა, რომელთა იდენტობაც არა მხოლოდ კოლექციებზე, არამედ დამფუძნებელთა სახელებზეც დგას. წლების განმავლობაში ბრენდის სახელი დომენიკო დოლჩესა და სტეფანო გაბანას ერთობლივ ავტორობასთან იყო დაკავშირებული.
ასევე დაგაინტერესებთ:
წყარო: thediary.ge