Digest Logo

ტყის ხანძარი მარსელს უახლოვდება - დაშავებულია სულ მცირე 13 ადამიანი

1752004218
ტყის ხანძარი მარსელი

საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში გაჩენილი ტყის ხანძრის გამო, სულ მცირე 13 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 9 მეხანძრეა. ამის შესახებ Sky News იუწყება.

ადგილობრივი სახანძრო სამსახურის ცნობით, მარსელის ჩრდილოეთით, ლე პენ-მირაბოს ქალაქთან ახლოს გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად 168 მეხანძრე იყო მობილიზებული.

ადგილობრივმა ოფიციალურმა პირმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხანძარმა ამ დროისთვის 700 ჰექტარი (7 კვ.კმ) ფართობი მოიცვა და 10-ზე მეტი შენობა დააზიანა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ხანძარი ავტომაგისტრალზე ავტომობილის აალებამ გამოიწვია და ძლიერი ქარის გამო, სწრაფად ვრცელდება.

ადგილობრივი პრეფექტის ჟორჟ-ფრანსუა ლეკლერის განცხადებით, დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ დაფიქსირებულა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტყის ხანძრების გამო ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტის მარსელ პროვანსის დახურვა გახდა საჭირო.

მარსელის მერმა ბენუა პაიანიმ განაცხადა, რომ ხანძარი საფრანგეთის სიდიდით მეორე ქალაქს უახლოვდება და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.

„პენ-მირაბოში გამოცხადებული ძლიერი ხანძარი ახლა მარსელის კარიბჭესთანაა. ყველა მარსელელს ვთხოვ, იყვნენ უკიდურესად ფხიზლები და მაქსიმალურად შეზღუდონ გადაადგილება, რათა გზა გამოუთავისუფლონ საგანგებო სიტუაციების სამსახურებს, განსაკუთრებით ქალაქის ჩრდილოეთით. მე-16 ოლქის მცხოვრებლებს ვთხოვთ, დარჩნენ იზოლირებულები“, - დაწერა მარსელის მერმა X-ზე.

მედიის ცნობით, მარსელსა და მირამასის კომუნას შორის ორივე მიმართულებით მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია.

ხანძრის ჩასაქრობად ამ დროისთვის სახანძრო მანქანები და ვერტმფრენები მუშაობენ. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„უსაყვარლესი...“ - სალომე ბაკურაძე ახალ კადრებს გვიზიარებს

⭕საპატარძლო კაბა თუ დაბადების დღის ლუქი - როგორ აღნიშნა შორენა ბეგაშვილმა იუბილე?

⭕ „რთულია“ - დასრულდა თუ არა ალექსანდრა პაიჭაძისა და დავით კოდუას სიყვარული? რას წერს მოდელი