სპილოს ემოციურმა სცენამ იტალიელ ფოტოგრაფს, ფედერიკო ვერონეზის წლის საუკეთესო ველური ბუნების ფოტოგრაფის (Wildlife Photographer of the Year 2026) ტიტული მოუტანა.
ფოტოგრაფი ნამიბიაში, ჰუაბის მდინარის ხეობაში სპილოებ აკვირდებოდა, როდესაც მშრალი მდინარის კალაპოტის ქვიშაზე უჩვეულო, ნაკვალევი შენიშნა. ის ნაკვალევს გაჰყვა და შეხვდა ძუ სპილოს, რომელსაც სპლიყვის ცხედარი მიჰქონდა - გარდაცვლილის ფეხი სპილოს ეშვსა და ხორთუმს შორის იყო მოქცეული.
თავდაპირველად ვერონეზიმ ივარაუდა, რომ სპილო სპლიყვის დედა იყო, თუმცა, მას შემდეგ, რაც ფოტოები იმ არეალში მომუშავე სპილოების კვლევით პროექტს გაუზიარა, შეიტყო, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მკვლევრებმა იცნეს ძუ სპილო, რომელმაც რამდენიმე წლის წინ თავისი სპლიყვი დაკარგა და აღნიშნეს, რომ მას ადრეც აუყვანია სხვა სპილოების გარდაცვლილი პატარები.
ვერონეზისთვის ეს შეხვედრა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა: „ცხოველების გადაღების ჩემი 20-წლიანი გამოცდილებიდან, ეს ყველაზე გულისშემძვრელი, საინტერესო და დრამატული მომენტია“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ეს სცენა „ცხოველების ემოციებისა და გრძნობების სიღრმესა და კომპლექსურობას ააშკარავებს“.
ფოტოგრაფს იმედი აქვს, რომ ეს ფოტო ადამიანებს უბიძგებს, გასცდნენ ცხოველების მხოლოდ გარეგნულ აღქმას და დაინახონ ისინი, როგორც ინდივიდები - საკუთარი ურთიერთობებით, მოგონებებითა და ემოციებით. „ეს არის პატარა ფანჯარა, რომელიც ოდნავ იღება მათი სამყაროს სირთულისკენ“, - აღნიშნა მან.
გამარჯვებულები სხვადასხვა კატეგორიებშიც გამოვლინდნენ. მათი სრული სიის ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „გლოვობ ყველაფერს, რაც გინდოდა მომხდარიყო და არ მოხდა“ - გიორგი რაზმაძის განმარტება
⭕ „აკონტროლეთ თქვენი ფიქრები...“ - 14 ოქტომბრის ენერგიები
წყარო: imedi.ge