
„ჩვენი მოქალაქეები პირდაპირ ეთერში ადევნებენ თვალყურს საგამოძიებო კომისიის მუშაობას. კიდევ ერთხელ მინდა, ძალიან დიდი თხოვნით მივმართო ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ყველაფერი არ ახსოვთ, დრო დაუთმონ, პირდაპირ ეთერში უყურონ და რეალურად წარმოიდგინონ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით, თუ რას ნიშნავს ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმი“, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მაჭავარიანის თქმით, ოპოზიციურმა ტელეარხებმა ახალგაზრდების ყური ძალიან მიაჩვიეს იმას, რომ თითქოს რაღაცა რეჟიმის პირობებში უწევთ ცხოვრება. დეპუტატმა აღნიშნა, რომ მათ პარალელი უნდა გაავლონ, რეალურად რას ნიშნავს დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება.
„ძალიან მძიმე მოსასმენია ეს ყველაფერი, იქ საკითხები იყო, რომლებიც ბიზნესის რეკეტს ეხებოდა, იყო საკითხები, რომლებიც ომს ეხებოდა, რა თქმა უნდა, ასე გაგრძელდება მუშაობა. თუმცა ეს არ არის მთავარი მოტივატორი ჩვენი უმრავლესობის ლიდერის დღევანდელი ბრიფინგის. ჩვენს საზოგადოებას არჩევნებამდე დავპირდით, რომ თუ ავიღებდით საკონსტიტუციო უმრავლესობას, ეს საკითხი დღის წესრიგში დადგებოდა. ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ ავიღეთ, მაგრამ მაინც ვაპირებთ ამ დანაპირების შესრულებას. ვინაიდან, ეს რეჟიმი, რომელიც კრიმინალური რეჟიმია, მათ ჩამოაყალიბეს ყოველდღიურობა, სადაც წამება და გაუპატიურება იყო სისტემური ხასიათის, სადაც ბიზნესის რეკეტი მიმდინარეობდა სისტემურად, ოჯახის საძინებლებში მიმდინარეობდა თვალთვალი და კასრების თემა, ალბათ, ყველას გახსოვთ, რომ მოვედით ხელისუფლებაში კასრებში დამალული ვიდეოჩანაწერები გავანადგურეთ, ათასობით ვიდეოჩანაწერი, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა, ტელევიზიების მიტაცება და ა.შ.
ომის საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც ძალიან ბევრი რაღაც გამომჟღავნდება საგამოძიებო კომისიის მუშაობის ფარგლებში, თუ რატომ აღმოვჩნდით რუსეთთან პირისპირ ომში, რატომ აღუდგინა ბატონმა სააკაშვილმა ე.წ. სამხრეთ ოსეთს საზღვრები და შეიყვანა ამ საზღვრებში ახალგორი, რომელიც მუდმივად მცხეთა-მთიანეთს მიეკუთვნებოდა და სწორედ იმ საზღვრების პირობებში მიმდინარეობს ჩვენთვის ის მტკივნეული პროცესი, რასაც ბორდერიზაცია ჰქვია. რატომ შეუცვალეს სტატუსი კოდორის ხეობას, დაარქვეს ზემო აფხაზეთი და გადასცეს ტყვიის გასროლის გარეშე ოკუპანტს. ის რეზოლუცია, რომელსაც ხელი მოაწერეს და ბატონმა გოგავამ დღეს აღნიშნა კიდეც, რომ ეს მოღალატეობრივი ნაბიჯი იყო, სადაც ჩვენს სამხედროებს დაბრალდათ ომის დაწყება, ომის დანაშაულების ჩადენა. ტალიავინის დასკვნაზე დათანხმება, რომ თითქოს საქართველომ შექმნა სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ რუსეთს განეხორციელებინა აგრესია და ა.შ.“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ მოვიხმაროთ ხე ჯადოებისა და ნეგატივის მოსაშორებლად? - ნინუშკა ლისენკოს რჩევები
🎥 „მადლობა ყველა ქალბატონს, ისინი გაცილებით ჩვენზე ძლიერები არიან…“ - ზურა მანჯავიძე