„ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ზედაპირული მიდგომა აქვთ ევროკავშირის იმ ფულის მიმართ, რომელიც საქართველოში იხარჯება და რომელიც ვხედავთ, რიგ შემთხვევაში რადიკალიზმს ხმარდება და ისეთ ჯგუფებს, რომლებიც მუქარასა და ძალადობას იყენებენ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დეპუტატების მიმართ განხორციელებული მუქარისა და ზეწოლის ფაქტებზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის მართული ტერორის კამპანია, რომელშიც ჩართული არიან პარტიული და „ენჯეო“ აქტივისტები. ყველაზე შემაშფოთებელია, რომ ამ ტერორის კამპანიაში ჩართული არიან იმ „ენჯეოების“ წარმომადგენლები, რომლებიც ფინანსდებიან ევროპული და ამერიკული ფონდებისგან. სამწუხაროა, დღემდე ვერც ევროკავშირის ელჩისგან, ვერც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებისგან თუ ევროპული ორგანიზაციებისგან, ვერ მოვისმინეთ გამიჯვნა ასეთი ორგანიზაციებისგან, რომლებიც პირდაპირ ტერორის კამპანიაში არიან ჩართული პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირების წინააღმდეგ.
ყველას შევახსენებ, რომ „მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები ურეკავდნენ პარლამენტის წევრებსა და მათ მიმართ მუქარას ახორციელებდნენ. შევახსენებ, რომ მედია „ჯემნიუსის“ ჟურნალისტი 84 ტყვიით კეფაში, გვემუქრებოდა პარლამენტის წევრებს. ერთსაც და მეორესაც აფინანსებს ევროკავშირი და დღემდე ამ ტერორის კამპანიას ევროკავშირიდან არავინ გამიჯვნია. ამიტომ, მე ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ზედაპირული მიდგომა აქვთ ევროკავშირის იმ ფულის მიმართ, რომელიც საქართველოში იხარჯება და რომელიც ვხედავთ, რიგ შემთხვევაში რადიკალიზმს ხმარდება და ისეთ ჯგუფებს, რომლებიც მუქარასა და ძალადობას იყენებენ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატები სოციალურ ქსელში მუქარის და ბულინგის შემცველ, მოკლე ტექსტური შეტყობინების „სქრინებს“ ავრცელებენ. წერენ, რომ შეტყობინებები მათ უცხო ნომრებიდან მიუვიდათ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ილონ მასკმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სტატუსი დაიბრუნა