Digest Logo

ბევრი და ცოტა ძილი მავნეა ჯანმრთელობისთვის - რჩევები ძილის რეჟიმის დარღვევის დროს

1677853421
ძილი საწოლში

მეცნიერების მიერ ჩატარებული ახალი კვლევა ადასტურებს ძილის როლს იმუნიტეტის დონის შენარჩუნებაში. ექვს საათზე ნაკლებმა ან ცხრა საათზე მეტმა ძილმა შეიძლება ავადმყოფობის რისკი გაზარდოს. ამის შესახებ სტატიას healthline.com ავრცელებს. 

ცუდი ძილის იწვევს როგორც მოკლევადიან, ასევე, გრძელვადიან პრობლემებს. 

აქამდე ცნობილი იყო, რომ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ასაკი, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა და ორსულობა, ზრდის ინდივიდის ისეთი დაავადებების რისკს, როგორიცაა გაციება და გრიპი.

თუმცა, ახალმა კვლევამ, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Frontiers in Psychiatry, ხაზს უსვამს კიდევ ერთ ელემენტს, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ჩვენი ავადმყოფობის რისკზე: ძილი.

„ჩვენ შევეცადეთ აგვეხსნა, თუ რატომ უნდა მიაქციოს ყველამ ძილს განსაკუთრებული ყურადღება“, - განაცხადა დოქტორმა ინგებორგ ფორტუნმა, რომელიც ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის მკვლევარი და ამ კვლევის თანაავტორია.

რა აღმოაჩინეს მკვლევარებმა
ადრე, კვლევები, როგორც წესი, ძილისა და დაავადებების ურთიერთკავშირის შესწავლისას კონტროლირებად გარემოში ტარდებოდა - ამიტომ მკვლევართა გუნდს სურდა  ის „რეალურ გარემოში“ შეესწავლა.

ინფორმაციის მისაღებად მათ დაურიგეს პაციენტებს სპეციალური კითხვარები და საერთო ჯამში 1848 პასუხი მიიღეს.

კითხვები შეეხებოდა იმას, თუ ზოგადად, რამდენ ხანს ეძინათ პაციენტებს, როდის ეძინათ და იყო თუ არა მათთვის ძილი ხარისხიანი.

რესპონდენტებს, ასევე, სთხოვეს ეპასუხათ, ჰქონდათ თუ არა რაიმე დაავადება ან მიიღეს თუ არა რაიმე ანტიბიოტიკი წინა სამი თვის განმავლობაში.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კვლევის მონაწილეებს, რომლებსაც ეძინათ ან ძალიან ცოტა ხანი (ექვსი საათი ან ნაკლები) ან ძალიან ბევრი (ცხრა საათი ან მეტი), დაავადების განვითარების მეტი რისკი აღენიშნებოდათ.

„ვინც უპასუხა, რომ 9 საათზე მეტი სძინავს, 44%-ით უფრო ხშირად აღენიშნება დაავადებები, ვიდრე მათ, ვისაც ეძინა 7-8 საათი“, - განუცხადა ფორტუნმა Healthline-ს.

ასევე „მათ, ვინც ამბობს, რომ 6 საათზე ნაკლები სძინავს, 27%-ით მეტი დაავადების რისკი აქვს“.

კვლევებმა, ასევე, აჩვენა, რომ ვისაც ყოველი ღამე ექვს საათზე ნაკლები სძინავს ან ქრონიკული უძილობის პრობლემა აქვს - უფრო მეტად სჭირდებოდა ანტიბიოტიკები დაავადების დროს.

მკვლევრებმა აღიარეს, რომ არსებობს კვლევის შედეგებში ხარვეზების ალბათობა, რადგანაც პაციენტის ძილის შესახებ ინფორმაცია შეიძლება არაზუსტი იყოს.

გარდა ამისა, მეცნიერებმა არ იცოდნენ, რატომ იყვნენ ეს ადამიანები მისულები ექიმთან (სადაც გამოკითხვა ჩატარდა) და აღენიშნებოდათ თუ არა ისეთი სამედიცინო პრობლემები, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მათ ძილზე.როგორ მოქმედებს ძილი იმუნიტეტზე

მეცნიერებმა დიდი ხანია იციან, რომ ძილი და ჩვენი იმუნური სისტემა ერთმანეთთან არის დაკავშირებული.

„არსებითად, „ძილი არის სხეულის გაჯანსაღებისა და გადატვირთვის დრო“, - განაცხადა  ვუდლენდსის საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, დოქტორმა რენდალ რაიტმა.

„ძილის დროს ორგანიზმს ქიმიური ნივთიერებები ემატება, რომელიც მას ძალიან სჭირდება სჭირდება,“ - განუცხადა მან Healthline-ს.

მაშ, როგორ შეიძლება ძალიან ცოტამ - და ძალიან ბევრმა - იმოქმედოს ინდივიდის იმუნიტეტის დონეზე? რამდენიმე ფაქტორია ჩართული.

„ძილის უკმარისობა ხელს უშლის ლეიკოციტებს, რომ სხეულის დაზიანებულ ადგილებამდე მიაღწიოს,“- ამბობს ინდიანას შტატის ძილის ცენტრის სამედიცინო დირექტორი აბჰინავ სინგხი. ის არის წიგნის ავტორი „ძილი, როგორც განკურნების საშუალება“.

ლეიკოციტები ჩვენი იმუნიტეტი სისტემის უმნიშვნელოვანესი ელემენტია და ის ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლაში ეხმარება, რომელიც ვირუსებმა ან ბაქტერიებმა გამოიწვია.

„ძილის უკმარისობამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ სტრესის, ადრენალინის და პროსტაგლანდინის მეტი ჰორმონი გამოიყოფა. ეს კი ინტეგრინის დონეს ამცირებს - მოლეკულის, რომელიც T - უჯრედებს ვირუსის მიერ  ინფიცირებულ უჯრედებთან დამაგრებაში და მათ განადგურებაში ეხმარება,“- ამბობს მეცნიერი.

კალიფორნიის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კათედრის დოცენტი ბრიტანი მორი ამბობს, რომ ცუდი ან უხარისხო ძილი ასევე ორგანიზმში ანთებითი პროცესების დონეზე მოქმედებს.

„ძილის დროს ორგანიზმი ციტოკინებს გამოყოფს, რომელიც ანთების დროს ორგანიზმის რეაქციაზეა პასუხისმგებელი. როდესაც ეს პროცესი ირღვევა, ინფექციაზე ორგანიზმის რეაქციის შესაძლებლობა მცირდება“ - ამბობს ინფექციონისტი ბრიტანი მორი.

მისივე თქმით, ცუდი ძილი ანტისხეულების გამომუშავებასაც ამცირებს, რომელიც ინფექციას უნდა შეებრძოლოს. კერძოდ, კვლევა ჩატარდა პაციენტებზე, ვისაც В ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდა და ვისაც დღე-ღამეში 6 ან ნაკლები საათი ეძინათ. მათი ორგანიზმის ნაკლებ ანტისხეულს გამოიმუშავებდა და, საბოლოოდ, ინფექციის მიმართა ნაკლებად დაცული აღმოჩნდა.

ჩვენ შევეხეთ ძილის ნაკლებობის საკითხს, მაგრამ როგორ მოქმედებს ზედმეტი ძილი?
ცხრა საათი ან მეტი ძილი ყოველ ღამე ხშირ შემთხვევაში შეიძლება „მიუთითებდეს, რომ ძილი უხარისხოა ან ორგანიზმში რაღაც ანთებით პროცესს აქვს ადგილი“, - განაცხადა სინგმა.

ამ დარღვევებმა შეიძლება ხელი შეუშალოს ძილის აღდგენით პროცესს, რაც სხეულზე იგივე ზემოქმედებას ახდენს, რაც არასაკმარისი ძილის შემთხვევაში.

ცუდი ძილის მოკლევადიანი და გრძელვადიანი ზემოქმედება

ცუდ ძილს შეიძლება ჰქონდეს როგორც მოკლევადიანი, ასევე, გრძელვადიანი გავლენა ჩვენი იმუნიტეტის დონეზე.

„გრძელვადიან პერიოდში ძილის პრობლემებმა შეიძლება მავნე გავლენა მოახდინოს ადამიანის იმუნურ სისტემაზე და გაზარდოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და სხვა ქრონიკული დაავადებების რისკი,“, - ამბობს მორეი.

თუმცა, კვლევამ აჩვენა, რომ არასათანადო ძილმა იმუნიტეტზე უფრო მოკლევადიანი გავლენაც შეიძლება იქონიოს.

მაგალითად, კვლევის დროს, რომლის დროსაც მონაწილეებს მხოლოდ ოთხი საათი ეძინათ, მნიშვნელოვნად შემცირდა მათი იმუნური  უჯრედების დონე. იმავდროულად, სხვა კვლევამ აჩვენა, რომ მონაწილეთა ანთებითი ციტოკინების დონე მკვეთრად გაიზარდა ერთი ღამის ცუდი ძილის შემდეგ.

„სწორედ ამიტომ ხშირია, რომ ზოგიერთი პაციენტი უფრო მეტად მიდრეკილია ავადმყოფობისკენ, თუნდაც ერთი ღამის ცუდი ძილის შემდეგ“, - აღნიშნა მორეიმ.

მაგრამ მეცნიერები ამბობენ, რომ ერთი ღამის დროს ცუდი ძილის ნეგატიური ზემოქმედება სულაც არ არის შეუქცევადი და მუდმივი.

„ჩვენ ვიცით, რომ ადამიანების ჯანმრთელობა გაუმჯობესდა, როდესაც მათ ადეკვატური ძილი აქვთ. ვფიქრობ, რომ თქვენ ნახავთ მდგომარეობის გაუმჯობესებას ჯანსაღი ძილის შემთხვევაში“, - თქვა მან.

ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მის მონაწილეებში იმუნური უჯრედების რაოდენობა არასაკმარისი ძილის შემდეგ შემცირდა, მაგრამ მათი დონე კარგი დასვენების შემდეგ ნორმალურს დაუბრუნდა.

რჩევები უკეთესი ძილისთვის

აქციეთ ძილი თქვენი ცხოვრების პრიორიტეტად. გადადეთ სატელევიზიო ეპიზოდის ყურება ან წიგნის ახალი თავის წაკითხვა მომავლისთვის და თავი დაანებეთ ღამღამობით სოციალურ მედიაში აქტიურობას.

„აღიარეთ ძილი, როგორც თქვენი ჯანმრთელობის დასაყრდენი, ნორმალურ კვებასთან და ვარჯიშთან ერთად“, - ამბობს სინგხი.

იყავი თანმიმდევრული

„შეეცადეთ დაიძინოთ ყოველ ღამე ერთსა და იმავე დროს და დილით ადექით ერთსა და იმავე დროს“, - გვირჩევს მორეი.

ამ რეჟიმის დაცვა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.

შექმენით ძილის წინა რუტინა

ექპსერტები გვირჩევენ, თუ რა უნდა გააკეთოთ დაძინებამდე ერთი საათით ადრე, რათა დაეხმაროთ თქვენს სხეულს (და გონებას) ძილისთვის მომზადებაში: მიიღეთ თბილი შხაპი; იკითხეთ ჟურნალი, გაზეთი ან  წიგნი; ივარჯიშეთ ღრმა სუნთქვით.

თქვენი გარემოს ოპტიმიზაცია

„გამორთეთ გაჯეტები  - მობილური ტელეფონი, ტელევიზორი ან ლეპტოპი - ძილის წინ სულ მცირე ერთი საათით ადრე, გახადეთ თქვენი საძინებელი კომფორტული ძილისთვის. დარწმუნდით, რომ სივრცე არის „ბნელი, გრილი და მშვიდი, თუმცა მცირე ხმაური ნორმალურია“, - თქვა სინგხმა.

ივარჯიშე რეგულარულად

კვლევების მიხედვით სწორი ვარჯიში ძილის ხარისხისა და ხანგრძლივობის გაუმჯობესებასთან არის დაკავშირებული.

„ვარჯიში დაგეხმარებათ უფრო ადვილად დაიძინოთ,“ - ამბობს მორეი.

საჭიროების შემთხვევაში დახმარებისთვის სპეციალისტებს მიმართეთ
თუ თქვენ განიცდით უძილობის ქრონიკულ პრობლემას, მიმართეთ სპეციალისტებს. მკურნალი ექიმიც დაგეხმარებათ, ხოლო  ფსიქოლოგებს და ფსიქიატრებს შეუძლიათ დახმარება გაგიწიონ კოგნიტიურ ქცევით თერაპიაში (CBT).

ახალი კვლევები ცხადყოფს, რომ არა მხოლოდ ძილის ხარისხმა შეიძლება გავლენა მოახდინოს დაავადების რისკზე - არამედ ძილის ხანგრძლივობამაც.

„იმის გათვალისწინებით, რომ ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ძილი ჯანმრთელობისთვის, ჩვენ კვლევის შედეგები არ გაგვკვირვებია,“ - განაცხადა ფორტუნმა.

მხოლოდ ერთი შედეგი იყო მეცნიერებისთვის მოულოდნელი: გამოკითხულ პაციენტთა დიდმა ნაწილმა (თითქმის ნახევარმა) განაცხადა, რომ განიცდიდა ძილის ქრონიკულ დარღვევას.

ამრიგად, ძილისა და ინფექციის რისკს შორის კავშირის შესახებ ცნობიერების გაუმჯობესება შეიძლება დაეხმაროს მათ, ვისაც ძილის პრობლემები აქვს და ამით გადადგას ნაბიჯები  ზოგადად ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ჩემს ორ ლამაზ დედიკოს ვულოცავ დედის დღეს“ - ნატალია ქუთათელაძე

🔵გარდაიცვალა რეზო ბაბუ, რომელიც ამაყად, დაუღალავად და ჯიუტად აფრიალებდა საქართველოს, ევროკავშირისა და ნატოს დროშებს

🎥 რას ეტყოდით დედას, ახლა რომ ამის შანსი გქონდეთ? - გამვლელების ემოციური პასუხები აგატირებთ