„ფიქრები არ არის ფაქტები და შენ არ ხარ შენი ფიქრები“ - ამ სიტყვებით მიმართავს საზოგადოებას გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია.
მედიკოსი იმ ფენომენს ეხება, რომელზედაც ბევრი შიშისა და სირცხვილის გამო ღიად არ საუბრობს - შემოჭრილ, ინტრუზიულ ფიქრებსა და „ნეიროფიზიოლოგიურ გაელვებებს“.
ექიმის განმარტებით, ტვინი დღე-ღამეში ათეულობით ათას ფიქრს აწარმოებს, რომელთაგან ზოგიერთი შეიძლება იყოს უცენზურო, კრიმინალური ან გროტესკული შინაარსის.
ლევან შელეგია ხაზს უსვამს, რომ ასეთი ფიქრები ადამიანის ნებისა და სურვილის მიღმა ჩნდება, არ განსაზღვრავს მის პიროვნებას და ფაქტად მხოლოდ მაშინ იქცევა, თუ მას რეალური ქცევა და მოტივაცია მოჰყვება:
„ყველა იცნობს ამ ფენომენს, მაგრამ არავინ საუბრობს ამაზე ღიად.
უმრავლესობაში ის შიშს და სირცხვილს იწვევს. შემოჭრილი, ინტრუზიული ფიქრები უკონტროლო, უცენზურო, აბსურდული, კრიმინალური შინაარსით.
დღე-ღამეში ადამიანის ტვინს შეუძლია აწარმოოს რამდენიმე ათეული ათასი ფიქრი. მათი აბსოლუტური უმრავლესობა არის ჩვენთვის შეუმჩნეველი, ანუ ვერ აღწევს ჩვენ ცნობიერებაში.
ის ფიქრები კი, რომელიც ცნობიერი ხდება, არ არის ფაქტები, არამედ ნეიროფიზიოლოგიური გაელვებები. ხშირად მიზიარებენ ხოლმე ადამიანები ნეგატიურ, გროტესკულ, ეგზოტიკურ, ხანდახან სრულიად სადისტურ ფიქრებს და ჰგონიათ, რომ საშინელი ადამიანები არიან, რადგან ასეთი რამ მოსდით თავში.
ხშირი მაგალითები:
😱 ბაქანზე ვიდექი და გავიფიქრე მატარებლის წინ ჩახტომა;
😱 სახურავზე ვიყავით და ვიფიქრე, ახლა ამას ხელი რომ ვკრა;
😱 დანა მეჭირა და შემეშინდა, არ ჩავირტყა მუცელში-მეთქი;
😱 ახლა ეს ორსული ქალი რომ წავაქციო;
😱 დედას/ დეიდას რომ ძუძუზე მოვკიდო ხელი;
😱 ძმა/და რომ მანახა შიშველი.
და ასე შემდეგ. ასეთი ან მსგავსი ფიქრები ყველას გვქონია, გვაქვს ან გვექნება, სულ ყველას. უბრალოდ ასე ღიად ამ თემაზე არავინ საუბრობს. მე უბრალოდ კონფიდენციალურად მიზიარებენ ხოლმე და მეც, რომ სიმამაცე შევმატო, ვუმჟღავნებ ხოლმე უცენზუროდ ჩემს იმწამინდელ ფიქრ-ელვებს ჩემს კლიენტებს, რაც ხშირად გულიანი სიცილით მთავრდება. მოკლედ, ჩაიბეჭდე ეს ტვინში:
‼️ფიქრები არ არის ფაქტები და შენ არ ხარ შენი ფიქრები
‼️ არასდროს არ გააკეთო იდენტიფიცირება მსგავს ფიქრ-ელვებთან.
ისინი შენი კონტროლის, ნების, სურვილის მიღმა მოჰქრიან და მყისიერად უჩინარდებიან. ფიქრი რომ გახდეს ფაქტი, ის უნდა იქცეს საქციელად.
და ამ პროცესში ჩართული არის კომპლექსური ინგრედიენტები: მოტივი, მოტივაცია, ნება, ვოლიცია და რამდენიმე უზენაესი ნევროლოგიური ფუნქცია.
ვიმეორებ: შენ არ ხარ შენი ფიქრები! და როცა შემოგიტევს ზემოთხსენებული მაგალითებიდან ფიქრ-ელვები, გაიღიმე და იკაიფე საკუთარ ტვინზე, მის აბსურდულ მუშაობის მექანიზმზე.
მეტი ხალისისთვის: მე ასეთ ფიქრებს ტვინის კუილი დავარქვი.
💨 ასეთი მიდგომა უკვე უმიზნებს სერიოზულობის სიმძიმეს. სერიოზულობა კი ხანდახან მხოლოდ სერიოზულ პრობლემებს ქმნის! გახსნილ გონებას გისურვებთ!“, - წერს ლევან შელეგია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ როგორ იმოქმედებს „10.10.10“-ის პორტალი ზოდიაქოს ნიშნებზე? - ნინა ხომერიკის ასტროლოგიური პროგნოზი