10 ოქტომბერს, თბილისის დროით 19:50 საათზე, სასწორის ზოდიაქოში ახალმთვარეობაა, რომელიც პირად და საქმიან ურთიერთობებში სრულიად ახალი ციკლის დასაწყისს უკავშირდება.
ასტროლოგ თამარ ხოსროშვილის განმარტებით, ვინაიდან ახალმთვარეობის მმართველი რეტროგრადული ვენერაა, ეს პერიოდი არა ახალი კავშირების, არამედ ძველი, მოუგვარებელი საკითხებისა და წარსულიდან ადამიანების დაბრუნების ალბათობას ზრდის:
„🌚♎️ ახალმთვარეობა სასწორში - ურთიერთობების ახალი ციკლი.
🌕10 ოქტომბერს, თბილისის დროით 19:50 საათზე, ახალმთვარეობაა სასწორის ზოდიაქოს 17°21′-ზე.
♎️ სასწორი ურთიერთობების, პარტნიორობის, დიპლომატიური შეთანხმებისა და ბალანსის ნიშანია. ამიტომ ეს ახალმთვარეობა პირველ რიგში ადამიანებთან — პირად თუ საქმიან პარტნიორებთან, მეგობრებთან — ჩვენს კავშირებში ახალი ციკლის დაწყებას უკავშირდება. თუმცა ამ კონკრეტული ახალმთვარეობის დროს ახალი დასაწყისი შესაძლოა პირდაპირ „ახალს“ არ ნიშნავდეს.
♏️ ახალმთვარეობის მმართველი რეტროგრადული ვენერაა მორიელში, რომელიც უკან იმ ურთიერთობებისა და თემებისკენ გვაბრუნებს, რომლებიც ბოლომდე არ დაგვიხურავს — სადაც დარჩა რაღაც გამოუთქმელი, წყენა, ეჭვი, ნდობის პრობლემა, კონტროლის, დისბალანსის ან სხვა მოუგვარებელი საკითხი. ეს ახალმთვარეობა შეიძლება გახდეს შესაძლებლობა, ძველ ურთიერთობას ახალი გადმოსახედიდან შევხედოთ, კიდევ ერთი შანსი მივცეთ მას. მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ძველი ურთიერთობის დაბრუნება და ძველი სცენარის გამეორება. ადამიანის დაბრუნება თავისთავად არ ნიშნავს, რომ ურთიერთობის პრობლემებიც გაქრა. თუ შეიცვალა მხოლოდ გარემოება, მაგრამ არა დამოკიდებულებები, საზღვრები და ქცევის მოდელები, დიდი ალბათობით ისევ იმავე წრეზე აღმოვჩნდებით.
♈️ ოპოზიციურ ვერძში არსებული სატურნი და ნეპტუნი დამატებით სიფრთხილეს გვთხოვს. სატურნი რეალობის მკაცრ შეფასებას, პასუხისმგებლობასა და მკაფიო საზღვრებს მოითხოვს, ნეპტუნი კი მოვლენების იდეალიზებული თუ ილუზიური აღქმის რისკს ზრდის. ამიტომ მთავარი კითხვა იქნება: რეალურად შეიცვალა რამე, თუ უბრალოდ ჩვენი ილუზიაა?
ამ პერიოდში შესაძლოა წარსულიდან ადამიანებიც გამოჩნდნენ — მათ შორის ისეთებიც, ვისთანაც დიდი ხანია აღარ გვქონია ურთიერთობა. რეტროგრადული ვენერა გვირჩევს, არ ვიჩქაროთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და ჯერ დავაკვირდეთ, რას გვიბრუნებს წარსული და რატომ. გლობალურ დონეზე სასწორის ახალმთვარეობამ შესაძლოა გაააქტიუროს პარტნიორობის, შეთანხმებების, მოლაპარაკებებისა და დიპლომატიური ურთიერთობების თემები ქვეყნებს შორის.
მორიელში რეტროგრადული ვენერა კი შესაძლოა დღის წესრიგში აბრუნებდეს ძველ ფინანსურ საკითხებს, რესურსებისა და ძალაუფლების თემებს, ასევე ეჭვებს, დაფარულ ინფორმაციასა და საიდუმლო საკითხებს, რომლებიც წარსულში ბოლომდე არ გამჟღავნებულა ან გადაუჭრელი დარჩა.
♎️ ახალმთვარეობის გავლენა განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება მათთვის, ვისაც სასწორის 15°–20°-ზე აქვს პლანეტები ან მნიშვნელოვანი კუთხეები. კონკრეტული ახალი დასაწყისის თემა კი იმ სახლზე იქნება დამოკიდებული, რომელშიც ახალმთვარეობა ხვდება.
♈️♑️♋️ მნიშვნელოვანი იქნება ასევე ვერძისთვის, სადაც ურთიერთობებში რესტარტი შესაძლოა უფრო დაძაბულ ფონზე განვითარდეს, ასევე გამოწვევებთან იქნება დაკავშირებული სხვა კარდინალური ნიშნებისთვის — კირჩხიბისა და თხის რქისთვის. სასწორის ეს ახალმთვარეობა გვასწავლის, რომ ნამდვილი ბალანსი მხოლოდ ურთიერთობის შენარჩუნებას არ ნიშნავს.
ზოგჯერ ბალანსი გულწრფელი საუბარია, ზოგჯერ — ახალი წესებით დაბრუნება, ზოგჯერ კი — იმის აღიარება, რომ კონკრეტული კავშირი დასრულებულია. წარმატებულ ახალმთვარეობას გისურვებთ!“, - წერს თამარ ხოსროშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ვარჯიშის გარეშე შესაძლოა ემოციებმა აგიტაცოთ...“ - 7 ოქტომბრის ენერგიები